მიხაილინი ისევ ბრუნდება

AutoSharing Option
შვიდთვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ დიდ სპორტს უბრუნდება სახელოვანი რუსი ძიუდოისტი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი მძიმე წონაში ალექსანდრ მიხაილინი. ეს შესვენება ევროპის ჩემპიონატის წინ მიღებულმა ჯვარედინი მყესების ტრავმამ გამოიწვია. მიხაილინთან ინტერვიუ რუსეთის ძიუდოს ფედერაციის საიტზე გამოქვეყნდა და მასალასაც მასზე დაყრდნობით შემოგთავაზებთ.

როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს, ევროპის ჩემპიონატზე მწვრთნელები მას ჯერ გუნდურ პირველობაზე უპირებდნენ დაყენებას, მაგრამ დასკვნით შეკრებაზე იმდენად კმაყოფილები დარჩნენ მისი სპორტული ფორმით, რომ პირადში გაყვანა გადაწყვიტეს. თუმცა სპორტსმენმა ტრავმა მიიღო და საერთოდ არ დასცალდა ვენაში ჭიდაობა. პირველი ორი თვე მან სარეაბილიტაციო
ცენტრებში სიარულში გაატარა, შემდეგ კი, რაკიღა გამოჯანმრთელების პროცესი დამაკმაყოფილებლად წარიმართა, მშობლიურ კლუბში - "სამბო-70" ვარჯიშსაც შეუდგა, თუმცა მხოლოდ ძირითადად ფიზიკური კონდიციების ასამაღლებლად. ივნისის დასაწყისში ნაკრებს ესპანეთშიც გაჰყვა, მადრიდის მსოფლიოს თასზე. მიხაილინს მონაწილეობაც სურდა, მაგრამ ნაკრების იტალიელმა თავკაცმა, ეციო გამბამ და პირადმა მწვრთნელმა პაველ ფუტნიკოვმა დაუშალეს, შეიძლება, აჩქარებამ ბევრად ცუდი შედეგი მოიტანოსო. სხვა რა გზა იყო, სპეციალური გრაფიკით გააგრძელა ვარჯიში.

მერე დაბალი რანგის შეჯიბრებებში გამოსცადა თავი. აგერ, ოქტომბრის ბოლოს კი ევროპის თასი მოიგო შვედეთში, იქიდან ფინეთში გადაინაცვლა და ნოემბრის დასაწყისში ამ ქვეყნის ღია პირველობაში გაიმარჯვა, მოსკოვის პირველობაზე კი ფინალში გავიდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა დიდ სპორტში დაბრუნება და ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ბრძოლა, თუმცა უახლოესი მიზანი რამდენიმე დღეში ეკატერინბურგში გასამართ რუსეთის ჩემპიონატში წარმატებით გამოსვლაა - ესაა პირველი ნაბიჯი ლონდონისკენ მიმავალ გზაზე. რუსეთის ნაკრებში ადგილის მოპოვების გარეშე კი ოლიმპიადაზე გამგზავრების ოცნებას უნდა დაემშვიდობოს. " მიხარია, რომ შემიძლია ეკატერინბურგში, რუსეთის ჩემპიონატში გამოსვლა. მაქვს გეგმები მომავალ სეზონთან და უპირველესად, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებთან დაკავშირებით, რომლებიც ფუტნიკოვთან ერთად შევიმუშავე. რუსეთის ჩემპიონატის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება, გამბასთან კონკრეტულად ვილაპარაკო ნაკრებში ჩემს დაბრუნებაზე. ვიმედოვნებ, გაისად უკვე გუნდთან ერთად ვივარჯიშებ" - განაცხადა მიხაილინმა. ჟურნალისტები მას ფუტნიკოვთან ურთიერთობაზეც დაეკითხნენ და შეგირდმაც მისი მისამართით სამადლობელი სიტყვები არ დაიშურა, თუმცა ამ თემაზე ლაპარაკი მაინც საკუთარი სამომავლო გეგმების აფიშირებით დაასრულა: "ფუტნიკოვი რუსეთის დამსახურებული მწვრთნელია და დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ჩემთვის მომავალი სეზონი ძალიან მნიშვნელოვანია - ლონდონის ოლიმპიადის დაწყებამდე კიდევ უფრო ცოტა დრო იქნება დარჩენილი და ყველაფერი უნდა გავაკეთო საჭირო ქულების დასაგროვებლად".

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ოლიმპიადაზე არასოდეს უჭიდავია, რაც დღემდე გულში ხინჯად რჩება. ბოლო წლებში ის რუსეთის ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი მძიმეწონოსანი იყო, თუმცა პლანეტის უპირველესი შეჯიბრებისკენ მიმავალი გზა ყოველთვის ტამერლან ტმენოვმა გადაუკეტა. ისე, ბედისწერა მართლაც უცნაური რამეა, რასაც ამ ორი დიდი ფალავანის მეტოქეობაც ადასტურებს. მათი შეხვედრები მუდამ გამოირჩეოდა დაძაბულობით. მიხაილინმა კარიერაში გაცილებით ბევრს მიაღწია, ვიდრე - ოლიმპიადისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა, ევროპის შვიდგზის გამარჯვებულმა ტმენოვმა, რომელმაც ვერაფრით გადალახა ფინალის კომპლექსი - გადამწყვეტი შეხვედრა ერთხელ ოლიმპიადაზე წააგო, ორჯერ კი - მსოფლიოზე, ხოლო მიხაილინმა სამჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და ხუთჯერ - ევროპისა. მაგრამ ოლიმპიადაზე მოსახვედრად გამართული ყველა საკონტროლო-შესარჩევი შეხვედრა ტმენოვმა მოუგო. ტმენოვი წლეულს სპორტიდან წავიდა, რამაც მიხაილინს სურვილის ასრულება გაუადვილა, მაგრამ ახლა ის ავბედითი ტრავმა და.. თითქოს ხელის გულზე დადებული ოცნება კვლავაც შორს გაუფრინდა. ამის მიუხედავად, მიხაილინი მაინც იმედიანადაა და აცხადებს, რომ ოლიმპიადაზე მოსახვედრად ძალა შესწევს.

ტმენოვის სპორტიდან წასვლამ და მიხაილინის ტრავმამ რუსეთის ნაკრების კარი ახალგაზრდებს გაუღო და გამბამაც ბევრი კადრი გამოსცადა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გაამართლა. მიხაილინმა ამ თემაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: "მძიმე წონაში არის ექვსი-შვიდი პერსპექტიული მოზარდი, მაგრამ მათ ჯერ გამოცდილება აკლიათ. ამას განვლილი შეჯიბრებებიც ადასტურებს. მათ გააჩნიათ პოტენციალი, რის გამოვლენასაც ნებისმიერი სტარტი ხელს შეუწყობს, მაგრამ ოლიმპიადაზე მონაწილეობა იმან უნდა მიიღოს, ვისაც მედლის მოპოვება შეუძლია".

ცხადია, მიხაილინს ზოგადად მძიმე წონაზეც ჰკითხეს, გაიზარდა თუ არა კონკურენციაო, რაზეც საინტერესო პასუხი გასცა. "სიმართლე გითხრათ, არც მსოფლიოს ჩემპიონატზე და არც რომელიმე საერთაშორისო შეჯიბრებაზე ახალი სახეები არ მინახავს - ისევ ძველი კადრები დომინირებენ. არც ერთი სუპერსენსაცია არ მომხდარა, არც ერთი მეგავარსკვლავი არ გამოჩენილა, ტურნირიდან ტურნირამდე მედლებს ისევ ის ფალავნები იგებენ, რომლებიც მსოფლიოს რეიტინგის მოწინავე ათეულში შედიან. სტაბილურად გამოდიან გერმანელი ანდრეას ტოლცერი, ეგვიპტელი ელ-შეჰაბი, ბოლო ტურნირებში კარგად ჭიდაობს ჩვენი მაგომედ ნაჟმუტდინოვიც, გამონაკლისი კი მხოლოდ ფრანგი ტედი რინერია - ის კვლავაც შეუდარებელია". მან არ დაიზარა და სექტემბერში ტოკიოში, მსოფლიოს პირველობაზე აბსოლუტური წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელ დაიკი კამიკავასთან ტედი რინერის წაგებაზეც ილაპარაკა. "მეოთხედფინალიდან მოყოლებული რინერი სამ იაპონელს შეხვდა და მათ მთელი ძალისხმევა მიმართეს საიმისოდ, ოქროს მედალი იაპონიაში დარჩენილიყო"...

ჟურნალისტები მიხაილინს ტმენოვის სპორტიდან წასვლაზეც დაეკითხნენ, პასუხი კი ასეთი მიიღეს: "ერთი მხრივ, ამოვისუნთქე, როცა ასეთი ძლიერი კონკურენტი წავიდა, მაგრამ მეორე მხრივ, მე არ მყავს ისეთი მაღალი კლასის სპარინგ-პარტნიორი, როგორიც ტმენოვია. არადა, ჩემპიონები სწორედ კონკურენციაში იბადებიან. ალბათ, ჩემს თანაგუნდელებს არ ეწყინებათ, თუ ვიტყვი, რომ დღეს მე გუნდში არ მყავს თანასწორი კონკურენტი. ამიტომ იძულებული ვიქნები, უცხოეთში წავიდე და იქ გავიარო სპარინგები მაღალი კლასის სპორტსმენებთან".

ბოლო ხანებში მიხაილინის ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი ამბავიც მოხდა - დაასრულა სახლის მშენებლობა, რის შემდეგაც მან და მისმა მეუღლე ლენამ 4 წლის ლეონიდა იშვილეს. ახლა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი უკვე ოთხი შვილის მამაა. შესაბამისად, დიდი ოჯახის უფროსის ცხოვრებით ცხოვრობს - ცოლ-შვილს პროდუქტებით ამარაგებს, შეძლებისდაგვარად დიდ დროს ატარებს შვილებთან, ვარჯიშიდან დაბრუნებული ბავშვებთან ურთიერთობით ისვენებს და არ ერევა ლენას საოჯახო საქმეებში. კითხვაზე, გაქვთ თუ არა სახლში სავარჯიშო დარბაზიო, სიცილით უპასუხა, რატომ უნდა მქონდესო, მომდევნო კითხვის პასუხად კი დასძინა, სავალდებულო ხომ არაა, ოჯახში ყველა ერთი სპორტის მიმდევარი იყოსო. ამის შემდეგ ისიც განმარტა, რომ შვილებს ძიუდოისტობას არ დააძალებს, თუმცა ეცდება სპორტში მათ ჩაბმას, რათა ისინი ფიზიკურად და სულიერად ჯანმრთელ ადამიანებად გაიზარდნონ, და დაეხმარება მათთვის შესაფერისი სპორტის სახეობის შერჩევაში.

ცხადია, ბავშვის შვილად აყვანის ფაქტი მის ჰუმანურობაზე მიუთითებს, ერთ ამგვარ ფაქტს კი შარშან თბილისის სპორტის სასახლეში, ევროპის პირველობაზე ვალერი ლიპარტელიანისა (90) და ბელარუსი ანდრეი კაზუსიონაკის დღემდე ბურუსით მოცული ფინალის შემდეგ შევესწარი. იმ დროს, როცა ჩვენები გასახდელში შეიკეტნენ და ლიპარტელიანის დასამშვიდებლად ცნობილი ვეტერანები ზედიზედ შედიოდნენ, მიხაილინი მოსათელ დარბაზში ზემოხსენებულ გერმანელ ტოლცერთან ბრინჯაოს მედლისთვის საბრძოლველად ემზადებოდა. დაგვეთანხმებით, ამ დროს კონცენტრაცია ყველაზე მთავარია, მაგრამ მიხაილინმა, როგორც გამოცდილმა და მრავლისმნახველმა ფალავანმა, თავი მოვალედ ჩათვალა, ახალგაზრდა ქართველთან შესულიყო და დაემშვიდებინა. ამას მას არავინ აძალებდა და არც დაძრახავდა ვინმე, მაგრამ შეგნებამ ასე უკარნახა.

დასასრულს კი იმაზეც ვთქვათ, მისი დაბრუნება რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ნაკრებისთვის. მიხაილინი რომ დიდი მოჭიდავეა, არავინ კამათობს, მაგრამ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, გულის დამშვიდება შეგვიძლია - ბოლო წლებში ლაშა გუჯეჯიანმა მას რამდენჯერმე მოუგო, დადებითი ბალანსი აქვს ზვიად ხანჯალიაშვილსაც. ჩვენებისთვის ბევრად უხერხული, ლამის დაუმარცხებელი კონკურენტი ტამერლან ტმენოვი იყო.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული