ბარკალაევი - მორიგი მსხვერპლი

AutoSharing Option
სამოქალაქო თუ სამამულო ომის (ალბათ, მაინც უფრო ამ უკანასკნელის) ზღვარზე მყოფ დაღესტანში აფეთქება-სროლები, ტერაქტები და ხალხის მკვლელობა არავის უკვირს, მაგრამ 3 დეკემბრის საღამოს მახაჩყალის ცენტრში მომხდარმა გასროლამ იქაური სპორტული სამყარო შეძრა - ლენინური კომკავშირის სახელობის პარკში დაღესტანის ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ჯაბრაილ ბარკალაევი ჩაცხრილეს.

თავდასხმა იქაური დროით 19 საათსა და 40 წუთზე მოხდა, როცა 38 წლის ბარკალაევი ამავე პარკში მდებარე სპორტკომპლექს ”სპარტაკიდან” გამოვიდა, სადაც ის მწვრთნელადაც მუშაობდა და დირექტორის ფუნქციებსაც ითავსებდა. მას ორმა აქამდე უცნობმა პიროვნებამ პისტოლეტიდან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა,
ვიცე-პრეზიდენტი კი ადგილზევე დაიღუპა.

ჯერჯერობით სამართალდამცავებს მკვლელობის მოტივებზე არანაირი ვერსია არ გააჩნიათ. ყოველ შემთხვევაში, იქაურ პრესაში ასე წერენ და მიზეზს ვერ აკონკრეტებენ. ამ ეტაპზე ძალოვანები მხოლოდ იმას ვარაუდობენ, რომ მკვლელები თავდასხმისთვის საგულდაგულოდ ემზადებოდნენ - მათ კარგად ჰქონდათ შეწავლილი ბარკალაევის გრაფიკი და დარბაზიდან მის გამოსვლას ელოდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ იმავე პარკში ბავშვთა მეორე დარბაზიცაა და პარკში სროლის დროს ხალხმრავლობაც იყო, თუმცა მკვლელები არავის შეუმჩნევია. პოლიციამ თავდასხმის ადგილზე ეკვე ჩაატარა ექსპერტიზა და წინასწარი მოკვლევა, რაც, სავარაუდოდ, საქმეში გარკვეულ სიცხადეს შეიტანს.

ჯაბრაილ ბარკალაევი რუსეთის ორგზის პრიზიორი და რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია მაშინდელ 95 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 1997 წელს კი ბელგიურ ოსტენდეში გამართულ ევროპის ჩემპიონატშიც იჭიდავა. თუმცა ყველაზე დიდ წარმატებას ვეტერანთა ტურნირებში მიაღწია და ისიც წლეულს - 100 კილოგრამში გადანაცვლებული 35-დან 39-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. ძიუდოისტია მოკლულის მამაც - აბდულგაჯი ბარკალაევი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი იყო და 1975 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონიც გახდა.

დაღესტანში და კონკრეტულად მახაჩყალაში ეს სახელოვან სპორტსმენებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა. ამავე ქალაქში შარშან ფეხში დაჭრეს თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი, ქართულ საჭიდაო წრეებში ასე კარგად ცნობილი იური შახმურადოვი. მას ორივე მუხლში საკუთარმა შეგირდმა, 24 წლის აიგუმ ბოგომაევმა ესროლა, როცა შახმურადოვი დილით სამსახურში, დაღესტანის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად მიდიოდა. ბარკალაევისგან განსხვავებით, მას გაუმართლა და სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები არ მიუღია, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ბოგომაევს არც უცდია მისი მოკვლა - დამიზნებით ესროლა მუხლებში. ამის შესახებ ”ლელო” მაშინაც წერდა, მაგრამ არაფერი გვითქვამს მოვლენათა შემდგომი განვითარების შესახებ. არადა, ამ ამბავს საკმაოდ საინტერესო, უფრო სწორად კი ტრაგიკული გაგრძელება მოჰყვა.

ბოგომაევი შემთხვევიდან ნახევარ საათში დააპატიმრეს, თუმცა რამდენიმე კვირაში გაათავისუფლეს. ამით თითქოს ინციდენტი ამოიწურა, მაგრამ სპორტსმენი ორიოდ თვეში დაიღუპა - მახაჩყალაშივე ერთ-ერთი მშენებარე სახლიდან გადმოვარდნილი იპოვეს. გადმოვარდა თუ გადმოაგდეს, ამაზე დაზუსტებით დღემდე არავინ არაფერი იცის, სამართალდამცავებმა კი მომხდარი უბედურ შემთხვევად მონათლეს. სამაგიეროდ, ამ ფაქტმა საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია რუსულ საჭიდაო ფორუმებზე, სადაც არავის ეეჭვებოდა, რომ ეს იყო მკვლელობა და ბოგომაევი სპეციალურად გადმოაგდეს მაღალი სართულიდან. რაც ყველაზე საინტერესოა, იქაურები ამას პირდაპირ უკავშირებენ შახმურადოვს! როგორც იქ წერდნენ, ბოგომაევი ციხიდან შახმურადოვის პროტექციით გამოუშვეს, ეს კი შურისძიების მიზნით გააკეთა - მერე მიუგზავნა მკვლელებიო. ცხადია, ეს ყველაფერი არაოფიციალური ხმებია, თუმცა რუსულ ინტერნეტსივრცეში ამაზე რეალურად წერდნენ. იქ იმაზეც იყო ლაპარაკი, რომ გარდაცვლილის ჭირისუფალი შურს იძიებდა, მაგრამ გაირკვა, რომ ბოგომაევს შურისმაძიებელიც არავინ ჰყავდა - მხოლოდ ავადმყოფი მამა და პატარა ძმა დარჩაო...

თავის დროზე, დაპატიმრებისას მას არც დაუფარავს თავდასხმის მოტივი - იმხანად დაღესტანის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შახმურადოვმა ის გუნდში არ დააყენა და რუსეთის ჩემპიონატში საჭიდაოდ არ წაიყვანა. არადა, როგორც გაირკვა, ამას მართლაც იმსახურებდა, რადგან იმ სეზონში დაღესტანის პირველობა მოიგო. როგორც ჩვენი ნაკრების წევრებისგან ვიცი, თურმე ლეკი მოჭიდავეები თუ მწვრთნელები მომხდარში სწორედ შახმურადოვს ადანაშაულებდნენ და ბოგომაევს ამართლებდნენ, ეკუთვნოდა და უნდა წაეყვანაო.

როგორც რუსული საიტებიდან ირკვევა, დედით ობოლი ბიჭი ეკონომიკურად გაჭირვებული ოჯახიდან იყო. ეტყობა, ათასობით იქაური მოზარდის მსგავსად, იმ ჩემპიონატს და ზოგადად, ჭიდაობას ბოგომაევიც დიდ იმედებს და ცხოვრების მომავალს უკავშირებდა. ჩრდილო კავკასიაში ხომ ბოლო წლებში ძალიან დიდი ფული ტრიალებს და უზარმაზარ პრემიებსაც გასცემენ. მაგალითად, ოქტომბერში ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა თავისივე სახელობის ტურნირზე ჩემპიონები... 20 ათასი დოლარით დააჯილდოვა! ცხადია, ყველგან ასეთი გიჟური პრემიები არაა, მაგრამ 3-5 ათასი დოლარი ყველა იქაურ შეჯიბრებაზეა, რასაც რუსეთსა თუ უცხოეთში გამართული ტურნირების შემოსავალიც ემატება. თუ რუსეთის ნაკრებში ვერ მოხვდებიან და საერთაშორისო ასპარეზზე ამ გზით ვერ გავლენ, პერსპექტივა მაინც რჩებათ - სხვა ქვეყანაში გადასვლა. ერთი სიტყვით, სპორტი მათ ყველანაირ შანსს აძლევს.

დაგვეთანხმებით, ამდენი ფული ყველაზე ეფექტური ანდამატია გნებავთ ქალაქებში და, განსაკუთრებით, პერიფერიულ აულებში მცხოვრები ასი ათასობით ბავშვისთვის - მათი უმეტესობისთვის ეს ცხოვრების ლამის ერთადერთი შანსია და იყენებენ კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერს აკეთებენ გამოსაყენებლად ანუ მასობრივად ვარჯიშობენ. ბოლო წლებში ჩრდილო კავკასიის რეგიონში უსაზღვროდ გაიზარდა სპორტში მოზარდების რიცხვი და შედეგებმაც მნიშვნელოვნად მოიმატა. მათთვის თავისუფალი ჭიდაობა ისეთივე სისხლხორცეული რამეა, როგორც, ვთქვათ, მშობლიური ენა ან საკუთარი აჩრდილი. შესაბამისად, ყველაზე დიდი ბუმიც აქაა, თუმცა ბოლო წლებში არატრადიციულ სახეობებშიც იპყრობენ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ მწვერვალებს - ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ძიუდოში, კრივში, ტაეკვონდოში...

ეტყობა, აიგუმ ბოგომაევიც ერთი იმ ახალგაზრდათაგანი იყო, ვისთვისაც სპორტი, ჭიდაობა ცხოვრების ერთადერთ შანსს აძლევდა, მაგრამ არ დასცალდა, თუ არ დააცალეს...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული