ტოკიოში წილი ყარეს - დიდად არ გაგვიმართლა

AutoSharing Option
ხვალ ტოკიოში ძიუდოისტთა სეზონის ერთერთი უმთავრესი შეჯიბრება, ძიუდოს დამაარსებელ ძიგორო კანოს სახელობის "დიდი მუზარადის" ტურნირი დაიწყება. მასში 53 ქვეყნის 364 ათლეტი მონაწილეობს. აქედან ვაჟთა ტურნირში 50 გუნდი და 208 მონაწილე იქნება. ამის მიუხედავად, შეჯიბრებას ბევრი სახელოვანი ფალავანი მაინც დააკლდება.

ტოკიოში ჩვენგან მხოლოდ ვაჟთა ნაკრები იჭიდავებს ასეთი შემადგენლობით: ბეთქილ შუკვანი (60), შალვა ქარდავა (66), თენგიზ პაპოშვილი (73), გიორგი ბაინდურაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ნოდარ მეტრეველი (+100). 

ვაჟთაგან ხვალ 60 და 66-ის ფალავნები იჭიდავებენ, ზეგ - 73, 81, 90-ის, ტურნირს
კი ორშაბათს 100 და მძიმე წონების წარმომადგენლები დაასრულებენ.

დღეს წილისყრაც გაიმართა და გაირკვნენ ჩვენებურთა მეტოქეები. ხვალინდელი წყვილიდან უფრო ქარდავა დაიჩაგრა, თუმცა მას არა მარტო შუკვანთან შედარებით, საერთოდ, ჩვენებურთაგან ყველაზე მეტად არ გაუმართლა - პირველივე წრეში მასპინძელს, მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონ ჯუნპეი მორიშიტას ხვდება. შედარებით სუსტი მეტოქე ჰყავს შუკვანს - ამერიკელი ნიკოლას კოსორი, პაპოშვილის მოწინააღმდეგე კი უზბეკი ნოვრუზ ჯურაბილოვია.

81-ში ჩვენი დუეტი მეორე წრიდან ჩაებმება ტურნირში, თუმცა დიდად არც ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ჭრიკიშვილს გაუმართლა - პოლონელ ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ რობერტ კრავჩუკს ეჭიდავება.

ბაინდურაშვილის მეტოქე პორტუგალიელი დიოგო ლიმაა. ლიპარტელიანი კორეელ სოო კეუნ სონგს ეჭიდავება, ამ წყვილში გამარჯვებულს კი მომდევნო წრეში უკვე ელოდება არგენტინელი ჰექტორ კამპოსი. დიდად არც მეტრეველს გაუმართლა - პირველივე შეხვედრას მასპინძელ მასარუ მომოსესთან გამართავს.


ირაკლი თავაძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული