კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ჩვენგან მხოლოდ ვაჟთა ნაკრები იჭიდავებს ასეთი შემადგენლობით: ბეთქილ შუკვანი (60), შალვა ქარდავა (66), თენგიზ პაპოშვილი (73), გიორგი ბაინდურაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ნოდარ მეტრეველი (+100). ვაჟთაგან დღეს 60 და 66-ის ფალავნები გავლენ ტატამზე, ხვალ - 73, 81, 90-ის, ტურნირს კი ორშაბათს 100 და მძიმე წონების წარმომადგენლები დაასრულებენ.
გუშინ წილისყრაც გაიმართა და გაირკვნენ ჩვენებურთა მეტოქეები. დღევანდელი წყვილიდან უფრო ქარდავა დაიჩაგრა, თუმცა ის არა მარტო შუკვანთან შედარებით გაწირა წილისყრამ, მთლიანად გუნდში ყველაზე მეტად არ გაუმართლა - პირველივე წრეში მასპინძელს, მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონ ჯუნპეი მორიშიტას ხვდება. ის იმდენად სერიოზული კონკურენტია, მომდევნო წრეებში სავარაუდო მეტოქეებზე ლაპარაკი ნაადრევად მიგვაჩნია. პირველ წრეში შედარებით სუსტი მეტოქე ჰყავს შუკვანს, თუმცა მთლიანობაში, დიდად არც მას გაუმართლა - თავიდან ამერიკელ ნიკოლას კოსორს ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი იაპონელ ტაკეში მაცუკისა და ავსტრიელ მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ლუდვიგ პაიშერს შორის მოგებულს შეხვდება. დაგვეთანხმებით, ამ წყვილიდან ორივე სერიოზული მოწინააღმდეგეა. არადა, ჯგუფში მათ გარდა საშიში და დაუძლეველი მეტოქე არავინაა.
პირველ წრეში პაპოშვილის მოწინააღმდეგე უზბეკი ნოვრუზ ჯურაკობილოვია. ამათ შორის მოგებული მომდევნო წრეში ეგვიპტელ ჰუსეინ ჰაფიზსა და ჰონკკონგელ ჩი უიპ ჩეუნგს შორის გამარჯვებულს შეხვდება. 81-ში ჩვენი დუეტი მეორე წრიდან ჩაებმება ტურნირში, თუმცა დიდად არც ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ჭრიკიშვილს გაუმართლა - პოლონელ ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ რობერტ კრავჩუკს ეჭიდავება. ვნახოთ, გაუმკლავდება თუ ვერა ახალგაზრდა ტალანტი ტიტულოვან კონკურენტს. მას თუ გასცდა, იქით ბევრად სუსტი მეტოქე შეხვდება - ამერიკელი ტრევის სტევენსი ან ზელანდიელი ივიცა პავლიჩი.
ბაინდურაშვილის მეტოქე პორტუგალიელი დიოგო ლიმაა, რომელიც არც ისე ძლიერია. სამაგიეროდ, მასთან წარმატების შემთხვევაში შეხვდება უფრო ძლიერი - ან ბრიტანელი მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი ეუან ბურტონი, ან - ებრაელი ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი იოელ რაზვოზოვი. თუმცა, ცხადია, გადაულახავი არც ამათი ბარიერია.
ლიპარტელიანის პირველი მეტოქე კორეელი სოო კეუნ სონგია, ამ წყვილში გამარჯვებულს კი მომდევნო წრეში უკვე ელოდება არგენტინელი ჰექტორ კამპოსი - ის თავიდან ისვენებს და ავტომატურადაა მეორე წრეში გასული. ამავე ჯგუფში ორი ძლიერი ფალავანია - ბრაზილიელი მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ტიაგო კამილო და ესპანელი ევროპის ექსჩემპიონი დავიდ ალარზა. აქვეა იაპონელი იუკი ჰარუიამა, რომელიც კამილოს ხვდება. რაც შეეხება ლიპარტელიანისთვის უხერხულ მეტოქედ ქცეულ იაპონელს, მსოფლიოს პრიზიორ ტაკეში ონოს, ის სხვა ჯგუფშია და ჩვენებურს ნახევარფინალამდე არ შეხვდება.
ვერ ვიტყვით, რომ მეტრეველს გაუმართლა - პირველივე შეხვედრას წლეულს საკმაოდ დამაჯერებლად მოასპარეზე მასპინძელ მასარუ მომოსესთან გამართავს. აქვე შეგახსენებთ, რომ 100 კილოშიმ მონაწილე საერთოდ არ გვყავს, მწვრთნელთა შტაბისთვის კი ამ ტურნირზე მთავარია შეგირდთა გამოცდა და არა შედეგი. მათ უფრო ის აინტერესებთ, რამდენად ეგუებიან ბიჭები გაზრდილ დატვირთვებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"