მეტრეველით დასრულდა: ტურნირიც, სეზონიც

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ძიგორო კანოს სახელობის "დიდი მუზარადის" გუშინდელი დღე ჩვენთვის დაწყებისთანავე დამთავრდა. გუშინ ერთადერთი მონაწილე გვყავდა - ნოდარ მეტრეველი მძიმე წონაში, რომელიც მასპინძელ მასარუ მომოსეს ხვდებოდა. მეტრეველი ამ წონის ახალი ბინადარია და ფიზიკური მონაცემებითაც გამოირჩევა, თუმცა წარმატებისთვის მარტო ეს არ კმარა. ახლახან ჩატარებულ სამედიცინო შემოწმებაზე მისი ფიზიკური კონდიციები ძალიან მოეწონა ნაკრების ავსტრიელ კონსულტანტ პეტერ ზაიზენბახერს, მაგრამ მან იქვე დაამატა, ფორმაში არაა და მის მომზადებას დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდებაო.

რაც შეეხება მომოსეს, ის თბილისის წლევანდელი მსოფლიოს თასის გამარჯვებულია, სადაც ზვიად
ხანჯალიაშვილსა და ადამ ოქრუაშვილს მოუგო, მეტრეველს კი კარიერაში პირველად შეხვდა. თბილისის ტურნირი იაპონელისთვის ჯერჯერობით ერთადერთი მოგებული შეჯიბრებაა, თუმცა წლეულს ბრინჯაოები იაპონიის პირველობაზე და სუვონის მსოფლიოს თასზეც მოიპოვა. მან მეტრეველს იპონით მოუგო, თუმცა მომდევნო წრეში თანაგუნდელთან, აბსოლუტურ წონაში იაპონიის წლევანდელ ჩემპიონთან და ამ შეჯიბრების მომავალ ფინალისტ კაზუჰიკო ტაკაჰაშისთან იუკოთი წააგო. ტაკაჰაშიმ ამის შემდეგ კუბელი მსოფლიოს პრიზიორი ოსკარ ბრისონი და გერმანელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ანდრეას ტოლცერიც დაჯაბნა და ფინალში გავიდა, მაგრამ ტრავმის გამო იქ ჭიდაობა ვერ შეძლო და გამარჯვება უბრძოლველად დაუთმო სამხრეთ კორეელ სუნგ-მინ კიმს.

ფინალამდე კორეელმაც რთული გზა გაიარა - პირველად შედარებით უცნობ ჰოლანდიელ ლუუკ ვერბიხს მოუგო, მაგრამ იმან მანამდე ბრაზილიელი პანამერიკული თამაშების ექვსგზის გამარჯვებული დანიელ ჰერნანდესი დაამარცხა. ამის შემდეგ კიმმა ეგვიპტელი მსოფლიოს წლევანდელი პრიზიორი ისლამ ელ შეჰაბიც ჩამოიცილა გზიდან და აბსოლუტურში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, მასპინძელი დაიკი კამიკავაც (შეგახსენებთ - მან იმ ფინალში ფრანგი ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი ტედი რინერი დაჯაბნა, თუმცა მსაჯთა გადაწყვეტილებით). საინტერესოა, რომ კიმმა ყველა შეხვედრა წმინდად მოიგო. აქედან პირველი სამი - იპონით, კამიკავას კი ორი ვაზარი აართვა. ბოლო წლებში კორეელებს მძიმე წონებში მაინცდამაინც ძლიერი ფალავნები არ ჰყავდათ, ახლა კი, ეტყობა, საქმე მათდა სასიკეთოდ იცვლება - აქ ხომ ამან იყოჩაღა, ზუსტად ერთი თვის წინ ამავე წონაში სხვა კიმმა გაიმარჯვა, სოო-ვან კიმმა.

მართალია, 100-ში მონაწილე არ გვყავდა, მაგრამ ცოტა რამ ამ წონაზეც, სადაც ჩემპიონი მასპინძელთა კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი ტაკამასა ანაი გახდა. ალბათ, აქ ყველა ანაისა და კორეელ მსოფლიოს ჩემპიონ (0ღონდ 90-ში) ჰეე-ტაე ჰვანგის პაექრობას ელოდა, რომელიც შარშანდელს აქეთ უშეღავათოდ მიმდინარეობს. შარშან კანოს ტურნირზე კორეელმა ფინალში მოუგო ანაის და იაპონელებს სასიკვდილო დარტყმა მიაყენა. სამაგიეროდ, ანაიმ მალევე კორეაში, სუვონის მასტერსზე ფინალში აუღო რევანში! იმის შემდეგაც რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, ბოლოს კი ზემოაღნიშნულ აზიურ თამაშებზე იჭიდავეს და ისევ ფინალში, სადაც კორეელმა იმარჯვა. ამჯერად მათი შეხვედრა არ შედგა ებრაელ ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს ვერცხლისა და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ არიელ ზეევის გამო - მეორე წრეში ჰვანგი ჯერ ვაზარზე დააგდო, მერე კი სულაც იპონით მოუგო. ამის შემდეგ 33 წლის ზეევმა მონგოლ ტამუულენგ ბატულგასაც სძლია, ხოლო ნახევარფინალში რუსთა დაღესტნელ (ეროვნებით ავარელია) ევროპის ჩემპიონ ტაგირ ხაიბულაევს იპონით აჯობა. ხაიბულაევმა მანამდე ეგვიპტელი მსოფლიოს პრიზიორი რამადან დარვიში ჩამოიშორა, რომელმაც იქამდე მონგოლი ოლიმპიური ჩემპიონი ნაიდან ტუვშინბაიარი დააიპონა.

ანაიმ ნახევარფინალში ყაზახი მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი მაქსიმ რაკოვი დაამარცხა, ფინალში კი ზეევს ვაზარით აჯობა. საინტერესოა, რომ იაპონელს ორივესთან ასპროცენტიანი შედეგი აქვს - ორ-ორჯერ შეხვდა და ორივე მოუგო.

კანოს ტურნირით ძიუდოისტთა წლევანდელი წელიწადი არ დასრულებულა, მხოლოდ ჩვენთვის დამთავრდა. სეზონი 17-18 დეკემბერს ჩინეთში დამთავრდება ”დიდი პრიზით”, მაგრამ იქ ჩვენები გამოსვლას არ გეგმავენ. სოსო ლიპარტელიანის ნაკრები ჯერ ისევ ტოკიოში დარჩება და ერთობლივ ვარჯიშებში მიიღებს მონაწილეობას, ტურნირებში კი გაისად ჩაებმება, როცა 15-16 იანვარს ბაქოში მასტერსზე გამოვლენ.

კვარცხლბეკი. ვაჟები.
100 კგ. 1. ტაკამასა ანაი (იაპონია), 2. არიელ ზეევი (ისრაელი), 3. მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი), ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი).
+100 კგ. 1. სუნგ მინ კიმი (კორეა), 2. კაზუჰიკო ტაკაჰაში, 3. დაიკი კამიკავა (ორივე - იაპონია), ანდრეას ტოლცერი (გერმანია).




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული