ჩინეთში ბაქოსთვის ხუთი გაირკვა

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ჩინურმა ქინგდაომ ძიუდოისტთა სეზონის ბოლო სოლიდურ ტურნირს, "დიდ პრიზს" უმასპინძლა. ამ შეჯიბრებაში ჩვენები არ გამოდიოდნენ, რადგან მათი ძირითადი შემადგენლობა ჯერაც ტოკიოშია, სადაც კანოს სახელობის "დიდი მუზარადის" ტურნირის შემდეგ ერთობლივ შეკრებაზე დარჩნენ. თუმცა რაღა ჩვენები - იგივე მიზეზით ამ შეჯიბრებას მსოფლიოს წამყვან ფალავანთა უმეტესობა დააკლდა. თან კანოს მემორიალს ისიც დაემატა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში სწორედ ახლა, სეზონის მიწურულს ტარდება ეროვნული პირველობები და ლიდერთა ძალისხმევა იქითაა მიმართული.

სამაგიეროდ, "დიდი პრიზი" ჩინებული შანსი აღმოჩნდა სათადარიგო მოჭიდავეებისთვის და გამოიყენეს კიდეც. ჩინეთში 31
ნაკრები ჩავიდა, ტურნირში კი 245 ძიუდოისტი გამოდიოდა როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის.

ჩინურმა გამოცდამ რუსთა უპირატესობით ჩაიარა და საერთო ჩათვლაშიც მათ გაიმარჯვეს - ოთხი ოქრო და სამ-სამი ვერცხლ-ბრინჯაო მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ რუსებმა ოთხივე ოქრო ვაჟებში დაისაკუთრეს, ქალებში კი ბევრად სუსტად გამოვიდნენ. საერთო ჩათვლაში მეორეზე ჩინეთია, რომელმაც მედლების რაოდენობით კი აჯობა რუსებს, მაგრამ ჩამორჩა ოქროებით - სამ-სამი ოქრო-ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო ირგუნეს. რუსთაგან განსახვავებით, მათი ნადავლი ძირითადად ქალთა მონაგარია - სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო, ვაჟებმა კი თითო ვერცხლი და ბრინჯაო იკმარეს. მესამეზე ფრანგები აღმოჩნდნენ - ორი-ორი ოქრო-ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო. აქედან ვაჟთა მონაგარი მხოლოდ თითო ოქრო და ბრინჯაოა. რუსების ძლიერი გამოსვლა შედარებით სუსტ ტურნირებში ბოლო წლებში კანონზომიერებად ჩამოყალიბდა. სამაგიეროდ, ცუდად ჭიდაობენ წამყვან შეჯიბრებებში, ანუ მათი კრიზისი მაინც აშკარაა.

ფრანგმა ვაჟებმა მედლები 73 კილოგრამში მოიპოვეს - ოქრო 20 და 23-წლიანებში ევროპის ჩემპიონმა უგო ლეგრანდიმ მოიპოვა, ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ბენჟამინ დარბელე კი ბრინჯაოს დაეუფლა. ამ წონაში ფრანგულ-რუსული ნახევარფინალები გაიმართა - დარბელე ახალგაზრდა მურატ კოძოკოვთან დამარცხდა, ლეგრანდმა კი ევროპის ჩემპიონ მანსურ ისაევს აჯობა. მან ფინალში კოძოკოვს წმინდად მოუგო.

რუსთაგან ოქროები ალიმ გადანოვმა (66), ევროპის ჩემპიონმა სირაზუდინ მაგომედოვმა (81), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა კირილ დენისოვმა (90) და სერგეი სამოილოვიჩმა (100) მოიპოვეს. მძიმე წონაში ეგვიპტელმა მსოფლიოს პრიზიორმა ისლამ ელ შეჰაბიმ გაიმარჯვა, რაც საყურადღებო წარმატებაა - ეგვიპტელი ბოლო წლებში წონის ერთ-ერთ ლიდერად იქცა, მაგრამ ჩვენ ყველაზე მჩატე - 60 კილოგრამში მონგოლ ბოლბაატარ განბატის წარმატებას გამოვარჩევთ. მონღოლთა გუნდი რომ თანდათან სულ უფრო ანგარიშგასაწევ ძალად ყალიბდება, ადრეც დაგვიწერია, ეს 23 წლის ბიჭმა კი, ეტყობა, ამ წონაში ყალიბდება სოლიდურ კონკურენტად - წლეულს აზიის თამაშებიც მოიგო. დაგვეთანხმებით, სადაც იაპონელი, კორეელი, ირანელი ტიტულოვანი ძიუდოისტები გამოდიან, ჩემპიონობა არაა იოლად მისაღწევი. ამ შეჯიბრებაში განბატმაც ნახევარფინალში ევროპის რუსი ჩემპიონი არსენ გალსტიანი დააიპონა, ფინალში კი მეორე რუსს, უკვე საკმაოდ გამოცდილ ბესლან მუდრანოვს აჯობა.

სხვა წონებიდან გამოვარჩევთ 24 წლის რუსის, 23-წლიანებში ევროპის ვიცე-ჩემპიონ კამალ ხან-მაგომედოვის (66) ვერცხლს, რომელმაც სხვებთან ერთად ფრანგი ლუის კორვალიც დაამარცხა. ასევე საინტერესოა ტურნირის ერთ-ერთი ტიტულოვანი ფალავანის, აბსოლუტურ წონაში მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონ დაიკი კამიკავას მარცხი - მძიმე წონაში რუს დმიტრი სტრეხოვთან წააგო.

ამ შეჯიბრების შემდეგ გამოქვეყნდა მსოფლიოს ახალი რეიტინგები და გაირკვა ის 16-16 ფალავანი, რომლებიც გაისად, 15-16 იანვარს ბაქოში "მსოფლიოს მასტერსზე" იჭიდავებენ - რეიტინგში უკვე არაფერი შეიცვლება, რადგან შესარჩევი შეჯიბრებები აღარ დარჩა.

საქართველოდან ამ პრესტიჟულ ტურნირში ჭიდაობის უფლება ხუთმა ფალავანმა მოიპოვა. 60-ში ერთბაშად ორი მონაწილე გვეყოლება - 560 ქულით მე-11 ადგილზე მყოფი ამირან პაპინაშვილი და 482-ქულიანი დავით ასუმბანი (მე-16). მონაწილეთა გარეშე ვიქნებით 66 და 73-კილოგრამებში - აქ ჩვენები არათუ 16-ეულში, 30-ეულშიც არ არიან. 81-ში ლევან წიკლაური იჭიდავებს - 528 ქულა და მე-13 ადგილი. 90-ში 684-ქულიანი ვალერი ლიპარტელიანი გამოვა (მე-9), 100-ში კი ლომერ ჟორჟოლიანი იასპარეზებს - 564 ქულა და მე-12 ადგილი. მონაწილის გარეშე დავრჩით მძიმე წონაშიც. აქ ზვიად ხანჯალიაშვილი დიდხანს ინარჩუნებდა მე-18 პოზიციას, რაც სათადარიგოთა სიაში ყოფნის საშუალებას მაინც აძლევდა, მაგრამ ჩინური ტურნირის შემდეგ 21-ზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ მას სწორედ ამ შეჯიბრების ბრინჯაოს პრიზიორმა, ბრაზილიელმა რაფაელ სილვამ და იგივე კამიკავამ გაუსწრეს, თუმცა იაპონელმა ქულები კანოს ტურნირზეც შეიმატა.

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ კორეულ სუვონში სეზონის დასაწყისში გამართულ მასტერსზე სამი მონაწილე გვყავდა, ამჯერად კი რაოდენობა გაიზარდა. საინტერესოა, რომ ის ტრიო გაისადაც იჭიდავებს ამ შეჯიბრებაში - პაპინაშვილი, ლიპარტელიანი და ჟორჟოლიანი. აქვე კიდევ ერთხელ განვამრტავთ, რომ რეიტინგის 16-16 მოწინავე ძიუდოისტი ავტომატურადაა მიწვეული მასტერსზე, ყოველ წონაში ორ-ორი კი სათადარიგოთა სიაშია, ვინიცობაა ვინმემ იუაროს იქ გამოსვლა. მე-18 ადგილზე დაბლა მყოფებს კი იქ მოხვედრის არანაირი შანსი არ აქვთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული