მშვიდობით, ტატამო! ტმენოვიც წავიდა

AutoSharing Option
შაბათს კიდევ ერთი დიდი სპორტსმენი გააცილეს სპორტიდან - ევროპის შვიდგზის ჩემპიონი, ოლიმპიადისა და მსოფლიოს პირველობის ვერცხლ-ბრინჯაოს პრიზიორი ძიუდოში, რუსეთის ნაკრების მძიმეწონოსანი ტამერლან ტმენოვი. გამოსათხოვარი საღამო მისი მშობლიური ვლადიკავკაზის სახელმწიფო თეატრში გაიმართა, ღონისძიებას კი ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურები, ცნობილი მოქმედი თუ ვეტერანი სპორტსმენები, მოსკოველი სტუმრები და ადგილობრივი ქომაგები ესწრებოდნენ. საღამოზე ტმენოვს მოპოვებული წარმატებებისთვის თუ წლების განმავლობაში გაწეული უდიდესი შრომისთვის არაერთხელ გადაუხადეს მადლობა. იგი ღირსების ორდენით ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის თვითმარქვია პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმაც დააჯილდოვა. თავად სპორტსმენმა გამოთქვა იმედი, რომ ოსეთში მალე გამოჩნდება
სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე გააკეთებს იმას, რაც მან ვერ შეძლო.

იმის მიუხედავად, რომ ტმენოვმა მსოფლიოს ძიუდოს უმთავრესი მწვერვალები ვერ დაიპყრო, ის მაინც დიდი იყო და ასეთივე სახელით დარჩება ძიუდოს ისტორიას. ის ყოველი ტურნირის ფავორიტად მიიჩნეოდა და სპეციალისტები მძიმე წონის ლიდერებზე საუბრისას არასოდეს აუვლიდნენ გვერდს. რუსებს ამ წონაში მეორე ძლიერი ფალავანიც ჰყავთ - მოსკოველი ალექსანდრ მიხაილინი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი. მან ის მწვერვალები დაიპყრო, რაც ტმენოვს მიუწვდომელი დარჩა, მაგრამ ოსმა ფალავანმა ყოველთვის გადაუკეტა ოლიმპიადისკენ მიმავალი გზა და მიხაილინის კარიერას შავი ლაქა დაეტყო.

თუმცა ტიტულოვანი ტმენოვი რაღაცნაირად უიღბლოცაა - ოლიმპიადისა და მსოფლიოს პირველობის სამი ფინალი წააგო. ოლიმპიადაზე მისი დებიუტი 2000 წელს სიდნეიში შედგა და ბრინჯაოთიც დააგვირგვინა. ოთხი წლის შემდეგ - ათენში, როცა ზურაბ ზვიადაური (90) დამოუკიდებელ საქართველოს პირველ ოლიმპიურ ჩემპიონად მოევლინა, ტმენოვმა ავსტრალიური მონაგარი გააუმჯობესა, მაგრამ ოქროს კვლავაც ვერ შეწვდა - ფინალში კი გავიდა, თუმცა იმხანად წონიდან წონაში მოგზაურ გიჟმაჟ იაპონელ კეიჯი სუძუკისთან (ორგზის მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა სამივე ტიტული სხვადასხვა წონაში მოიპოვა) დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. ოლიმპიური ჩემპიონობის მოპოვების შანსი 2008 წელს პეკინში მესამედაც მიეცა, მაგრამ მისთვის `ღმერთი სამობით~ არ აღმოჩნდა - ჯერ მეოთხედფინალში დამარცხდა მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ სატოში იშისთან, მერე კი სანუგეშოში წააგო ირანელ მოჰამად რეზა როდაკთან და მეშვიდეზე დარჩა.

ტმენოვმა ბრინჯაოთივე მოიწყო დებიუტი მსოფლიოს პირველობებზე - 1997 წელს პარიზში. მაშინ 20 წლის იყო და 95 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჭიდაობდა. ის პლანეტის მომდევნო პირველობაზეც გამოვიდა - 1999 წელს, მაგრამ ბირმინგემში წარუმატებლად იჭიდავა, მერე კი, 2003 წლამდე ამ ტურნირზე არც გამოსულა. 20003-ში, იაპონურ ოსაკაში კვლავაც მესამეზე გავიდა, მომდევნო ორი პირველობა კი შედარებით წარმატებული გამოდგა - ფინალებში გავიდა, მაგრამ ორივე წააგო. 2005 წელს ქაიროში მან აბსოლუტურში იჭიდავა და ფინალი ჰოლანდიელ დენის ფან დერ ხესტთან წააგო, ვისაც სიდნეის ოლიმპიადაზეც მოუგო და ათენშიც. 2007 წელს რიო დე ჟანეიროში კი ფრანგ ტედი რინერთან დაამარცხა.

ამბობენ, რომ მას გადამწყვეტი შეხვედრების სინდრომი სჭირდა და არამყარი ხასიათი ჰქონდა. ამდენი წაგებული ფინალის შემდეგ ძნელია, ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო. ხასიათს კი რაც შეეხება, ამის მხილველი პირადადაც გავხდი რიო დე ჟანეიროს მსოფლიოს პირველობაზე. მაშინ არა პრეს ლოჟაში, არამედ ტრიბუნაზე ვიჯექი სპორტსმენთა გასასვლელის სიახლოვეს. შემთხვევით შერჩეული ის ადგილი ფრიად მოხერხებული აღმოჩნდა და ძალზე ბევრი საგულისხმო ვიხილე. ერთი ტმენოვსაც უკავშირდება, რომელმაც ის-ის იყო, ნახევარფინალში მასპინძელი, მომავალი ბრინჯაოს პრიზიორი ჟაოა გაბრიელ შლიტლერი დაამარცხა, მაგრამ გასასვლელში არ გასულა, ჩემგან სულ რაღაც ორიოდ მეტრში ტრიბუნის მოაჯირს ჩამოეყრდნო და რინერისა და ჩინელი ხიანგჯუნ ვეის შეხვედრას მიაჩერდა, სადაც მისი საფინალო მეტოქე ირკვეოდა. კარგად ვხედავდი, ამ გოლიათს რამდენჯერმე როგორ ნერვიულად შეუტოკდა მხრები და დაემანჭა სახე... ყველაფრიდან ჩანდა, როგორ განიცდიდა იმათ ჭიდაობას და ისე ეტყობოდა, უფრო ჩინელს ქომაგობდა, გაურბოდა რინერთან შეხვედრას. დაღლილი კი იყო, მაგრამ სახეზე ისე ღვარად ჩამოსდიოდა ოფლი, ვეჭვობ, მხოლოდ ამის ბრალი ყოფილიყო - დარბაზში არც ისე ცხელოდა და რამდენიმე წუთის დასვენებაც მოესწრო უკვე. ვფიქრობ, ესეც მისი შინაგანი მღელვარების შედეგი იყო. მაშინ რინერს გაუჭირდა იმ ჩინელის დამარცხება, რომელსაც მერე ლაშა გუჯეჯიანმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ძალიან იოლად აჯობა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოიგო, ფინალში კი ტმენოვი ჩვეულად უმწეო ჩანდა და ისევ წააგო...

ბრაზილიაში ტმენოვის ხასიათის კარგი მხარეც დავინახე - ჰუმანიზმი და კაცთმოყვარეობა. ინტერნეტში მისი ფოტოები რომ მოიძიოთ, ყველგან წვერგაუპარსავია და, ცოტა არ იყოს, გულღრძო ადამიანი მეგონა. ეტყობა, მისთვის წვერმოშვებული ჭიდაობა ერთგვარი რიტუალი იყო - სპორტსმენთა ცრურწმენა ხომ საყოველთაოდაა ცნობილი და ჩანს, ამის გამო ტურნირის დასრულებამდე წვერს არ იპარსავდა. ყოველ შემთხვევაში, რიო დე ჟანეიროში როგორც კი თავისი გამოსვლა დაამთავრა, დარბაზში მეორე დღესვე წვერგაპარსული გამოცხადდა. რიო დე ჟანეიროში რუსთა დელეგაცია ჩვენების ახლოს ცხოვრობდა, ოღონდ, ჩვენებისგან განსხვავებით, ისინი ბრაზილიაში ტურნირის დაწყების წინ ჩავიდნენ. სწორედ წინა დღეს ტმენოვი ჩვენების სანახავად სასტუმროში მოვიდა და ისე გულღიად, ალალად მონატრებული ნაცნობ-მეგობარივით გადაეხვია ყველას, ვიფიქრე, აი, კავკასიური ხასიათი-მეთქი. სხვებისგან არც გუჯეჯიანი გამოურჩევია, რომელიც მეორე დღეს, შესაძლოა, მისი მეტოქეც ყოფილიყო - მძიმე წონები სწორედ მეორე დღეს ჭიდაობდნენ, წილისყრა კი რამდენიმე საათში გაიმართებოდა. ტმენოვმა ისინიც კი მოიკითხა, ვინც იმ წუთას სასტუმროს ჰოლში არ იყო - როგორ არიან, ხომ ჩამოვიდნენ ბრაზილიაში, ხომ კარგად არიანო... მერე ცოტა ხანი გაჩერდა, რამდენიმეს პერსონალურად ელაპარაკა, ბოლოს ყველას ისევ ისე გულითადად დაემშვიდობა და წავიდა, მეორე დღისთვის ემზადებოდა...

იმის შემდეგ მან ორი სეზონი კიდევ იჭიდავა. ბოლოს საკუთარი ძალები გერმანულ სინდელფინგენში მოსინჯა და მეხუთეზე გავიდა. ეტყობა, იქ საბოლოოდ აწონ-დაწონა საკუთარი შესაძლებლობები და საერთოდ წავიდა სპორტიდან. მსოფლიოს ძიუდოს კიდევ ერთი კოლორიტული ფიგურა დაემშვიდობა...


მკითხველის კომენტარები / 2 /
მართლა ღირსეული სპორტსმენი იყო ტმენოვი. ვინც მას იცნობს, მხოლოდ კარგის თქმა შეუძლია მასზე
giorgi
12:36 07-08-2010
0
ძალიან სასიამოვნოა, რომ სპორტულ სამყაროს თქვენი სახით საინტერესო სპორტული პორტალი შეემატა.... დღითიდღე აუმჯობესებთ თქვენს საქმიანობას და ”მსოფლიო სპორტზე” უფრო შინაარსიანია თქვენი რუბრიკები....
sanakari
11:38 14-07-2010
0

სიახლეები პოპულარული