უთანხმოება ფუნქციათა გაუმიჯნაობამ და ზაიზენბახერის მიერ გაზრდილმა ფიზიკურმა დატვირთვებმა გამოიწვია. სიმართლე გითხრათ, პირადად ჩემთვის ეს არც
ყოველ შემთხვევაში, ამ პროცესში ლიპარტელიანი იმდენად მკაფიოდ არ ჩანდა. იაპონიაში უთანხმოებაც ძირითადად ამ თემაზე წარმოიშვა, თუმცა როგორც ლიპარტელიანმა გვითხრა, ეს არ ყოფილა ისეთ მძაფრ ფორმებში, როგორც საქართველოში დახატეს.
"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩვენს შორის ნამდვილად არ ყოფილა ისეთი უთანხმოება, როგორც აქ ამბობენ. პირიქით - ურთიერთგაგებით და შეთანხმებულად ვმუშაობდით. იქ იაპონელთა პროგრამას მივყვებოდი, თუმცა ზაიზენბახერსაც ისეთივე გეგმა ჰქონდა - როგორც ისინი ვარჯიშობდნენ დღეში სამჯერ, ჩვენც ისევე ვემზადებოდით. შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გაირკვა მუშაობის სამომავლო ფორმატიც - ზაიზენბახერი მიხედავს სამედიცინო საკითხებს, ექიმთა ჯგუფს და ფიზმომზადებას. ის იანვარში ჩამოვა თბილისში და პროგრამასაც დადებს ცალკეულ მოჭიდავეებზე, ვინ როგორი დატვირთვით, როგორი გრაფიკით უნდა ივარჯიშოს", - გვითხრა ლიპარტელიანმა.
იაპონიაში ზაიზენბახერისადმი უკმაყოფილება სპორტსმენებმაც გამოხატეს გაზრდილი დატვირთვების გამო - ვერ უძლებდნენ ამას. ცხადია, ვარჯიშის წინააღმდეგი არავინაა და სპორტსმენებიც ამჯობინებენ, მეტი ივარჯიშონ და მეტ წარმატებას მიაღწიონ, მაგრამ მათ ერჩივნათ, დატვირთვები ნელ-ნელა გაზრდილიყო, განთქმული გერმანულ-ავსტრიული დისციპლინის წარმომადგენელი ზაიზენბახერი კი ყველაფერს წესისამებრ ითხოვს.
შესაძლოა, აქ მენტალიტეტის მომენტიცაა, რის წინაშეც თავის დროზე "მყვირალა ჰოლანდიელი", ბელგიელი საფეხბურთო მწვრთნელი იოჰან ბოსკამპი დადგა. ცხადია, მიუჩვევლებს გაუჭირდებოდათ ერთბაშად ასეთი დატვირთვების ატანა. მაგრამ არც სხვა გზაა - დღეს იმდენად გაიზარდა ფიზიკური კონდიციები, ფეხი თუ არ აუწყვე, ჩამორჩები და არც წარმატებები გექნება. ეს ბუნებრივი გადარჩევის პროცესია - ვინც გაუძლებს ანუ ძლიერი აღმოჩნდება, გადარჩება, სუსტი კი სპორტული თვალსაზრისით დაიღუპება ანუ ვერ მიაღწევს შედეგებს და სპორტიდან უსახელოდ წავა.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სოსო ლიპარტელიანი სრულად ეთანხმებოდა ზაიზენბახერის სავარჯიშო გეგმას და ამაზე პრეტენზია არ ჰქონდა. პირიქით - თვითონაც ჯერ ახალგაზრდულში, მერე კი ეროვნულ ნაკრებში მუშაობა სწორედ ფიზიკური დატვირთვების გაზრდით დაიწყო. ის ახლაც მიესალმება მოთხოვნების გამკაცრებას და სამომავლოდაც ასეთივე მიდგომებით აპირებს მუშაობის გაგრძელებას, თუმცა ტოკიოში მოხდა კიდევ ერთი ფაქტი, რაც ზაიზენბახერს მომავალში მაგალითად გამოადგება.
მოგეხსენებათ, იქ ჩვენები კანოს ტურნირში მონაწილეობდნენ, მის დაწყებამდეც და დასრულების შემდეგაც კი ერთობლივი ვარჯიშები ჰქომდათ. სწორედ ამ შეკრებებზე ვალერი ლიპარტელიანს (90) მუხლი ასტკივდა, რის გამოც რბენა უჭირდა და კროსებისგან გათავისუფლება ითხოვა, თუმცა ლეიბზე სავარჯიშოდ მზად იყო. ზაიზენბახერმა სპორტსმენს არ დაუჯერა და მოითხოვა, თუ არ ირბენს, მაშინ არც მისი ნავარჯიშები მინდაო. მან მიიჩნია, რომ ტიპურ ქართულ შემთხვევასთან ჰქონდა საქმე ანუ ფალავანი ტრავმას იმიზეზებდა, თუმცა თბილისში დაბრუნების შემდეგ ლიპარტელიანმა გამოკვლევა ჩაიტარა, რამაც არა მარტო მუხლზე, არამედ მყესებზეც და წვივზეც დაადასტურა გადაღლილობით გამოწვეული გადახრები. ექიმების დასკვნით, ამ პირობებში მისთვის რბენა მართლაც არაა მიზანშეწონილი.
იმედია, ზაიზენბახერი მომავალში გაითვალისწინებს ამ მაგალითს, ჩვენთვის კი მთავარი სხვა რამეა - ნაკრების ხელმძღვანელობაში უთანხმოება აღმოიფხვრა. ამას ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ალექსიძე და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილიც ადასტურებენ, რომელიც ზაიზენბახერის მოწვევის მთავარი ინიციატორი იყო. მეტიც - ნაცვლიშვილმა ამჯერადაც ფრიად საინტერესო დეტალებზე ისაუბრა და გაზულუქებულ სპორტსმენთა თემასაც შეეხო, თუმცა არც ის დაუმალავს, რომ იაპონიაში ავსტრიელმა ცოტათი გადააჭარბა თავის ფუნქციებს.
"ზაიზენბახერი ძალიან კარგი მწვრთნელია, მაგრამ ჯერჯერობით ცოტა მენტალურ პრობლემას წააწყდა - ავსტრიული და ქართული ფსიქოლოგიის შეთავსება გაუჭირდა. მისი მოთხოვნები აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია. ვერაფრით დავეთანხმები მოსაზრებას, რომ თითქოს ქართველს არ შეუძლია იმდენ ხანს ჭიდაობა, როგორც - ავსტრიელს, იაპონელს და სხვას. ეს ჩემთვის გაუგებარია. განა რა ისეთი ტალანტები ვართ, რომ 25-წუთიანი ვარჯიშით ვაჯობოთ იმათ, ვინც მთელი საათი დგას ლეიბზე და ემზადება? ცოტა ცხვირაწეულებიც ვართ და აჯობებს, ამპარტავნები ნუ ვიქნებით. ამბიცია ძალიან კარგია და აუცილებლად უნდა ჰქონდეს სპორტსმენს, მაგრამ ეს ამპარტავნობაში არ უნდა გადავიდეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ლაპარაკი ჩვენს გამორჩეულ ტალანტზეც და იმაზეც, რომ ადრე ვიღაც თურმე ლამის მხართეძოზე იწვა მაშინ, როცა სხვები ვარჯიშობდნენ, და მაინც ხდებოდა ოლიმპიური ან მსოფლიოს ჩემპიონი.
დღეს ჭიდაობა იმდენად წინ წავიდა, იმდენად გაიზარდა კონკურენცია, რომ მხოლოდ ტალანტით ვერ მოიგებ. ახლა ყველას აქვს საშუალება, ჩაიყვანოს გამოცდილი სპეციალისტები და უშრომელად არაფერი გამოვა. თან ჭიდაობაც იმდენად შეიცვალა, აქტიურობის გარეშე ვერაფერს გახდები - აქეთ გააფრთხილებინებენ შენს თავს და ისე მოგიგებენ. ზაიზენბახერიც ამბობს, რომ მთელმა მსოფლიომ იცის, ჩვენები პირველი ორი წუთი ჭიდაობენ მხოლოდ და ყველა იმ მითითებას აძლევს თავის შეგირდებს, როგორმე ეს ორი წუთი გაუძელითო. ზაიზენბახერი იმასაც ამბობს, შეუძლებელია, ძიუდოისტი ჩოქბჯენში არ ჭიდაობდესო. არადა, ჩვენები მართლა არ ჭიდაობენ - ეგრევე ფეხზე წამოდგებიან. ზაიზენბახერს უკვირს, ჩოქბჯენში ის ხომ მაინც უნდა იცოდე, დრო როგორ გაიყვანოო.
ცხადია, ლიპარტელიანი ნაკრების მთავარი მწვრთნელია და ასე გაგრძელდება მომავალშიც, ზაიზენბახერი კი კონსულტანტი იქნება, ის იანვარში ჩამოვა და კონტრაქტსაც გავუფორმებთ. იაპონიიდან დაბრუნების შემდეგ მასაც და ლიპარტელიანსაც შევხვდით მეც და სპორტის მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი და შევთანხმდით ყველაფერზე. ზაიზენბახერი გააკეთებს ინდივიდუალურ გეგმას, ოღონდ არა მხოლოდ ვარჯიშებზე, არამედ - კვებაზეც, მედიკამენტებზეც და ყველაფერზე, ლიპარტელიანი კი მწვრთნელებთან ერთად შეასრულებს მას. ზაიზენბახერს სპორტსმენებთან უშუალო შეხება არ ექნება. ის თბილისში თან ჩამოიტანს მოსამზადებელ ინდივიდუალურ გეგმას დაახლოებით 40-მდე სპორტსმენზე, რომელთა შორის ახალგაზრდებიც იქნებიან და არა მხოლოდ უფროსები. თუმცა ამ გეგმას სპეციალისტებთან ერთადაც განვიხილავთ - ერთპიროვნულად არც მისი გადაწყვეტილება გავა. ვინც გაუძლებს ამ დატვირთვებს, ის დარჩება სპორტში, მაგრამ ახლანდელივით თუ გაგრძელდა, საერთოდ უკან-უკან წავალთ. მირჩევნია, ლონდონში მედალი არ ავიღო, ვიდრე - საქმე საერთოდ გაფუჭდეს. მირჩევნია, გამოჩნდნენ ახალგაზრდები, თორემ ახლანდელ ლიდერებს, ცოტა არ იყოს და, შანტაჟში გადაუდით ეს ყველაფერი - იციან, მაგათი შეცვლა არაა ისე იოლი და რასაც უნდათ, იმას აკეთებენ.
ჩვენც და სამინისტროსაც დასჯის მხოლოდ ფინანსური მექანიზმი გაგვაჩნია და ახალი წლიდან გამოვიყენებთ კიდეც მას, სხვა არაფერი შეგვიძლია - ციხე და კამერა ჩვენ არ გვაქვს და თოფს ვერ ვესვრით ვერავის. ბოლო-ბოლო, ის ფინანსები გაჭირვებული ხალხის ფულია, რომელსაც არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია სპორტსმენთა ხელფას-პრემიების გამო.
სპორტის ბიუჯეტი ხვალ 100 მილიონი რომ გახდეს, ენას არ ამოიღებს არავინ. ქვეყანაში ამდენი დევნილია, პენსიონერებისთვის შეიძლება დაფინანსების გაზრდა, მაგრამ არავინაა სპორტის წინააღმდეგი, ამ დროს კი მათგან ასეთი მოქცევა იმ ხალხის და ქვეყნის აბუჩად აგდებაა. თან ისეთს რას ვთხოვთ, რაც არ ევალებათ? ნუთუ არ უნდათ, კიდევ ერთხელ განიცადონ გამარჯვების სიხარული, თორემ ფინანსურ მხარეზე არაფერს ვამბობთ. მე მგონი, მათი საქციელით ყველა შეურაცხყოფილები ვართ", - გვითხრა ნაცვლიშვილმა.
შესავალში მოსეირეები ვახსენეთ და დასამალი არაა, ზაიზენბახერის ჩამოყვანა ძალიან ბევრ ქართველ სპეციალისტს გულზე ეკლად დაესო - ეს შეურაცხყოფად მიიღეს, როგორ თუ უცხოელი გვამჯობინესო. არადა, მისმა ჩამოსვლამ, მისმა იდეებმა თვალნათლივ დაგვანახა, რამდენად ჩაოვრჩებით ევროპას, განსაკუთრებით - ფიზმომზადებაში. წინა წლების პოლიტიკური ვითარების გამო, საქართველო წლების განმავლობაში სრულ იზოლაციაში მოექცა, რომელსაც ძალიან უჭირდა ფიზიკური კონტაქტები ევროპასთან. თანამედროვე ტენდენციბსაც ყველაზე მეტად მაშინ ჩამოვრჩით. ახლა მიმოსვლა არაა პრობლემა, მაგრამ ისევ ქართული ხასიათი გამოდის წინ - ჩვენს მწვრთნლებს ინტერნეტში შესვლა, საკუთარ თავზე მუშაობა და რაღაცის სწავლა დიდად არ უყვართ. სეოკ-ი და სპორტის სამინისტრო მომავალში კვლავაც აპირებენ უცხოელი მწვრთნელების ჩამოყვანას, რასაც მივესალმებით - ეს აუცილებელია ქართული სპორტისთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
.