ავთანდილ ჭრიკიშვილმა ტოკიოს "დიდი სლემის" ტურნირზე ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
6 დეკემბერს, ტოკიოში მიმდინარე "დიდი სლემის" ტურნირზე 73 და 81 კგ-მდე წონით კატეგორიებში ქართველმა ძიუდოისტებმა იასპარეზეს.

შეჯიბრებაზე პირველი მედალი საქართველოს ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოუტანა, რომელმაც ბრინჯაო დაისაკუთრა. მედლისთვის ბრძოლაში ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელმა ჩემპიონმა ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერს იპონით მოუგო.

ფინალისკენ გზა ჭრიკიშვილს იაპონელმა ტაკანორი ნაგასემ გადაუჭრა, რომელთანაც ქართველი ძიუდოისტი მარტივ სიტუაციაში, ძალიან დასანანი შეცდომის გამო დამარცხდა. ავთომ ნახავარფინალამდე აზერბაიჯანელი აბდულაგ რასულუ, ჩინელი ჰემუბატუ ერი და მასპინძელი გოკი მარუიამა დაამარცხა.

73-ში თავისი პირველივე შეხვედრა დათმო და ასპარეზობა დაასრულა ნუგზარ ტატალაშვილმა, რომელმაც სამხრეთკორეელ
ჩანგრიმ ანს
ვერაფერი მოუხერხა.

ამავე წონით კატეგორიაში მედლისთვის ბრძოლას ასევე ნაადრევად გამოეთიშა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილიც. ლაშამ საწყისი ორთაბრძოლები კი მოიგო - ჯერ გამოცდილ ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოს აჯობა, შემდეგ კი მონაკოელ სედრიკ ბესის, მაგრამ აზერბაიჯანელთა ევროპრიზიორ რუსტამ ორუჯოვს ვეღარ გასცდა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 5 დეკემბერს, 66 კგ წონით კატეგორიაში ორი მონაწილე გვყავდა - სამწუხაროდ, ბექა შავდათუაშვილმაც და ვაჟა მარგველაშვილმაც გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს.

ტოკიოს "დიდი სლემი" 7 დეკემბერს დასრულდება, საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე -90) და ლევან მატიაშვილი (+100) გავლენ.

იხილეთ ვრცლად:
ტოკიოს ტურნირი: წლეულს მაინც თუ მოვიგებთ?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული