ისევ უჩემპიონოდ - უგვირგვინო წარმატება ტოკიოში

AutoSharing Option
ოტოზე: ლევან მატიაშვილი

მაშ ასე - წლეულს ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 7-წლიანი პაუზის შემდეგ დავიბრუნეთ, ძიგორო კანოს ტურნირის მოგებას კი ვერც ამჯერად ვეღირსეთ. არადა, 1982 წლის შემდეგ პირველად გვყავდა ფინალისტი.

"დიდი მუზარადის" ეს ტურნირი 7 დეკემბერს დასრულდა ტოკიოში, ჩვენი ნაკრების მონაგარი კი 2 მედალია - თითო ვერცხლი და ბრინჯაო.

ალბათ, ბევრისთვის მოულოდნელად, მეორე ადგილზე ახალგაზრდა მძიმეწონოსანი ლევან მატიაშვილი გავიდა, მესამეზე - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81).

სამწუხაროდ, სხვებს ხელი მოეცარათ - შვიდეულში მხოლოდ ორი ფალავანი შევიდა: ვაჟა მარგველაშვილი
(66) და ვალერი ლიპარტელიანი (90), დანარჩენები კი დამამშვიდებელ წრემდეც ვერ მივიდნენ.

ეს ტურნირი რატომღაც ქართველებისთვის ყოველთვის ძნელად მოსაგები იყო და ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა.

აქამდე ის მხოლოდ ერთ ქართველს მოუგია - 1982 წელს ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანმა დავით ბოდაველმა (86) გაიმარჯვა. მის გარდა, არათუ ჩემპიონი, ფინალისტიც არ გვყოლია არავინ.

სამაგიეროდ, ბოდაველმა ორჯერ იჭიდავა გადამწყვეტ პაექრობაში - 1981-82 წლებში, თუმცა პირველად დამარცხდა (არადა, სწორედ იმ სეზონში მოიგო ევროპირველობა, მსოფლიოზე კი მესამეზე გავიდა) და ისტორიული გამარჯვება მხოლოდ მომავალ სეზონში მოიპოვა.

კარგი ხარისხის ღვინოსავით, ჩვენმა მწირმა შედეგმა ტურნირზე მისი "დაძველების" კვალობაზე იმატა - პირველ დღეს თუ მარგველაშვილის დამაიმედებელი ჭიდაობა დაგვრჩა ნუგეშად, მეორე დღეს ჭრიკიშვილის მედალი იყო, მთავარი მიღწევა კი ბოლოს მოვიდა. ამიტომ ჩვენც ბოლოდან მივყვეთ შეჯიბრების მიმოხილვას...

მატიაშვილის საკვირაო გმირობა
ალბათ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ კვირას ძიუდოს ქართველ ქომაგთა ყურადღება უფრო 90 კილოგრამისკენ იყო მიპყრობილი, რადგან 100-ში მონაწილე არ გვყავდა, მძიმეში კი ფეხის საკმაოდ სერიოზული ტრავმის გამო არ ჭიდაობდა ჩვენი ლიდერი ადამ ოქრუაშვილი.

სამაგიეროდ, 90-ში ლიპარტელიანიც გამოდიოდა და - ბექა ღვინიაშვილიც. არ ვამბობ, რომ მატიაშვილს სათვალავში არავინ აგდებდა, პირიქით - მისგან მედალს ნამდვილად ველოდით, მაგრამ უმთავრესი წარმატებებისა მაინც იმ ორისგან გვეიმედებოდა.

სამწუხაროდ, მათ ვერ გაამართლეს იმედები, ამ დროს კი ქართული ძიუდოს ერთ-ერთი ბერმუხას, ევროპის ორგზის ჩემპიონისა და ოლიმპიური პრიზიორის, გივი ონაშვილის (93) შვილიშვილმა სასიამოვნო სიურპრიზი მოგვიწყო და ფინალში უპრობლემოდ გავიდა. თან გავიდა ქვეჯგუფიდან, სადაც ბრაზილიელთა საერთაშორისო რეიტინგის ლიდერი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი რაფაელ სილვა იყო.

ჩვენებურმა მას ერთხელ ბრწყინვალედ მოუგო, ამჯერად კი შეხვედრა არ მოუწია, რადგან ბრაზილიელი უცნობმა იაპონელმა კეიტა ივაომ გააგდო.

სამაგიეროდ, თავად ივაო მატიაშვილმა შეაჩერა მეოთხედფინალში - 2 წუთში ორჯერ გააფრთხილებინა, თუმცა ამას არ დასჯერდა და ბრუნით დააგდო, რაც შებოჭვით დასრულდა. მანამდე ჩვენებურს უკრაინელი სტანისლავ ბონდარენკო არ გამოუცხადდა, ხოლო აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაური გაფრთხილებებით მოახსნევინა.

ასე უქულოდ იმარჯვა ნახევარფინალშიც, სადაც კიდევ ერთი იაპონელი, ახალგაზრდებში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ტაკეში ოჯიტანი შეხვდა.

მწვრთნელთა დავალება იყო, გაეთიშა მეტოქის მარჯვენა ხელი და იმ მხრიდან კისრულზე წამოეღო, პარალელურად კი, არ შეეშვა მეტოქე ილეთზე და მაქსიმალურად დაეზღვია თავი გაფრთხილებებისგან.

საბედნიეროდ, მატიაშვილმა ყველა დავალება შეასრულა, მხოლოდ ილეთზე ვერ წამოიღო რამდენიმე არცთუ ურიგო მცდელობის მიუხედავად. მან ოჯიტანი სამჯერ გააფრთხილებინა, რასაც ტოკიოში მსაჯები მასპინძელს ტყუილად არ მისცემენ - აქედანაც ჩანს, რაოდენ სწორად და დამაჯერებლად ჭიდაობდა მატიაშვილი. მის კლასზე ისიც მიუთითებს, რომ თავად ორი გაფრთხილება მხოლოდ ბოლო 30 წამში მიიღო, იმის მიუხედავად, რომ ოჯიტანი მძაფრად უტევდა. ესეც საჭიდაო გეგმის ნაწილი იყო - ირაკლი უზნაძე პერიოდულად ახსენებდა, ჯერ არ მიიღო გაფრთხილებაო.

სამწუხაროდ, ფინალში რუს რენატ საიდოვთან ვერ ვიხილეთ მატიაშვილის ვერც ასეთი გააზრებული ჭიდაობა და ვერც - შემართება.

საიდოვი მასზე ბევრად მაღალია და აქამდე სამიდან ორი შეხვედრაც მოეგო - მატიაშვილს მხოლოდ სამსუნში არ ეჭიდავა ტრავმის გამო. თან რუსი ჰაერში აკეთებს მტკივნეულს, რაც ჩვენებურთან სრულად არ გამოუვიდა, მაგრამ დასაწყისშივე ხელი კი ატკინა და ამანაც შეხვედრა ცალი ხელით ჩაამთავრა.

საიდოვმა შებოჭვით მოიგო, ოღონდ მანამ მატიაშვილმა რაღაც იოლად დაუთმო ქამარზე ჩავლება, თითქოს არც კი სცადა გაქცევა... ის თითქოს შეგუებული იყო მარცხს.

...ჭიდაობამდე ორი დღით ადრე - პარასკევს ლიპარტელიანს მეორე ბიჭი შეეძინა, თუმცა ეს მისთვის დამატებითი სტიმული ვერ გახდა. ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან სუფთად, ხოლო აზერბაიჯანელ მამედალი მეჰდიევთან გაფრთხილებებით მოგების შემდეგ ის იაპონელებთან დამარცხდა - კენტა ნაგასავასთან და მასუი ბაიკერთან.

განსაკუთრებით დასანანი ამ უკანასკნელთან წაგებაა დამამშვიდებელში - ლიპარტელიანი შარშანაც მან გამოთიშა ამ ტურნირიდან.

კიდევ უფრო სუსტად გამოვიდა ღვინიაშვილი, ვინც უზბეკ კამოლოდდინ ხოლმამატოვთან ყველა სინჯის გდება გააკეთა, იპონის ჩათვლით, მაგრამ მეორე პაექრობაში ფრანგ ალექსანდრ იდირთან ასევე წმინდად დამარცხდა. არადა, წლეულს სამსუნის ტურნირზე მას დამაჯერებლად აჯობა.

შაბათი
ლიპარტელიანისგან განსხვავებით, საკმაოდ მაღალ დონეზე იჭიდავა ჭრიკიშვილმა, თუმცა ოქროს ვერც ის შესწვდა. აზერბაიჯანელ აბდულაგ რასულუსთან იპონით მოგების შემდეგ ჩინელი ჰემუბატუ ერი ამოსმულით ჯერ ვაზარიზე "დასვა", მერე კი გდება დაუხურა; როცა თითქოს იმან აიყვანა და ბრუნზე უპირებდა დატრიალებას - შებოჭა.

ზედმეტად თავდაჯერებული იაპონელი გოკი მარუიამა 25-ე წამზე აიყვანა ქამრიდან და ბრუნით გამეტებით დააბერტყა ტატამზე იპონზე, ნახევარფინალში კი დასანანად წააგო მომავალ ჩემპიონ ტაკანორი ნაგასესთან - ერთ მომენტში ისე დაუტოვა ფეხი, როგორც ვარჯიშისას დაუდგებიან სპარინგ-პარტნიორს.

სხვა საქმეა, რომ ამ დონის მოჭიდავე ასე მიამიტურად არ უნდა ცდებოდეს, იაპონელი კი, გაცილებით დაბალი კლასისაც, ასეთ შეცდომას არ გაპატიებს... თუმცა ის გდება მაინც არ იყო იპონი, უფრო ვაზარი შეეფერებოდა, ოღონდ საკითხავია - იყო კი ქართველი ამ სხვაობის ამომქაჩველი? ნაგასე გუშინ უფრო უკეთ ჭიდაობდა და გაანეიტრალა ჭრიკიშვილი. განსაკუთრებით - მაჯებიდან ჩავლებებში გამოიკვეთა მისი უპირატესობა.

ნაგასემ ჩვენებურს მსოფლიოს გუნდურ პირველობაზეც მოუგო, ახლა კი ზედიზედ მეორედ დაამარცხა. თან ურთიერშეხვედრებშიც წინ გავიდა - 3:2. უზნაძე მისთვის ყველაზე საშიშ მეტოქედ აქამდეც ნაგასეს მიიჩნევდა კორეელ ჯაე ბუმ კიმთან ერთად და, იმედია, ახლა საგანგებოდ იმუშავებს კონტრილეთების დამუშავებაზე.

დამამშვიდებლის ფინალში ჭრიკიშვილმა დაახლოებით ისეთივე ბრუნზე დაახეთქა ბრაზილიელი ვიქტორ პენალბერი, როგორც - მარუაიამა. ისიც ისევე აიყვანა ტატამიდან და მძლავრად დაიქნია, ოღონდ ეს ბევრად უფრო დახვეწილად შესრულებული გდება იყო, ნამდვილად ქრესტომათიული.

იმავე დღეს 73 კილოგრამში ორი პაექრობა მოიგო ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა - ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოსთან გაფრთხილებებით მოუგო, ხოლო მონაკოელი ცედრიკ ბესი დააიპონა. ის აზერბაიჯანელთა რუსტამ ორუჯოვთან დამარცხდა - ზედიზედ მეორედ.

ადრინდელთან შედარებით, ჩვენი ლიდერი უფრო უკეთ გამოიყურებოდა, პროგრესი ნამდვილად აქვს, მაგრამ წონის თუნდაც მეორე რიგის ლიდერებთან საჭიდაოდ ჯერ მზად არაა. ვერაფრით გაგვახარა ნუგზარ ტატალაშვილმა (73) - პირველივე წრეში კორეელთა მომავალ მესამე პრიზიორ ჩანგრიმ ანთან დამარცხდა. არადა, ანი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და წლეულს ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

პარასკევი
ამ დღეს ორ წონაში მხოლოდ ორი მონაწილე გვყავდა, რადგან 60 კილოგრამში ჭიდაობა ვერ შეძლო მსოფლიოს წლევანდელმა ბრინჯაოსმედალოსანმა ამირან პაპინაშვილმა - ჩანს, ჯერაც ვერ დაასრულა სარეაბილიტაციო პერიოდი. დამაიმედებლად იჭიდავა საქართველოს ჩემპიონმა ვაჟა მარგველაშვილმა და სამომავლოდ საკმაოდ დიდი ოპტიმიზმი მოგვცა. თავიდან მან სამი შეხვედრა მოიგო იპონით, მერე კი მიჯრით ორი წააგო და მეშვიდეზე დარჩა, რაც გამოუცდელობის ბრალი გვგონია.

ჩვენებურმა ის სამი პაექრობა საკმაოდ იოლად მოიგო - იტალიელ ემანუელ ბრუნოს კარგად შეეკრა და უკან გადაჩეხა, ბევრად გამოცდილ კანადელ პატრიკ გაგნეს ორი იუკოც აართვა, კიდეც გააფრთხილებინა, ბოლოს კი ისევ უკან გადააგდო, ოღონდ - ვარდნაში და ვაზარი აართვა, სლოვენიელი ადრიან გომბოცი კი მაჯებში ჩავლებიდან სუფთად გამოცერა. თან სლოვენიელმა მანამდე საერთაშორისო რეიტინგის მეორე ნომერი, ბრაზილიელი ჩარლეს ჩიბანა დაიფრინა.

ახალგაზრდებიდან ეს-ესაა გადმოსულმა 21 წლის მარგველაშვილმა ამ ორთაბრძოლებში კარგი თვისებები გამოავლინა. ვერც ერთზე ვერ იტყვი, რომ გაუმართლა და შემთხვევით მოიგო, რადგან ყველასთან საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, შეხვედრას აკონტროლებდა, ტაქტიკურად სწორად ეჭიდავებოდა და გდებებსაც აკეთებდა.

მეოთხედფინალში მის წინ მეტად რთული მეტოქე აღიმართა - ებრაელთა მომავალი ფინალისტი გოლან პოლაცკი. მასთანაც და დამამშვიდებელშიც მასპინძელ კენგო ტაკაიჩისთან ჩვენებურმა ზედმეტად გახსნილად იჭიდავა, ტაქტიკურად ვერ მოახვია თავისი ჭიდაობა იმათ თავს და წაგების მიზეზიც ეს გვგონია - ის ახლა გადის დიდ ასპარეზზე და დაღვინება, დადინჯება აკლია.

66 კილოგრამში ლაშა შავდათუაშვილის უმცროსი ძმა ბექა შავდათუაშვილიც ჭიდაობდა, მაგრამ პირველივე პაექრობა დათმო სამხრეთკორეელ ბაულ ანთან.

კვარცხლბეკი
ვაჟები
60 კგ
1. ვონ ჯინ კიმი (სამხრეთი კორეა), 2. ტორუ შიშიმე (იაპონია), 3. რუსტამ იბრაიევი (ყაზახეთი), იუმა ოშიმა (იაპონია).

66 კგ
1. ჰიფუმი აბე (იაპონია), 2. გოლან პოლაცკი (ისრაელი), 3. კენგო ტაკაიჩი (იაპონია), მიხაილ პულიაევი (რუსეთი), 7. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო).

73 კგ
1. ჰიროიუკი აკიმოტო (იაპონია), 2. შოჰეი ონო (იაპონია), 3. ჩანგრიმ ანი (სამხრეთი კორეა), მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი).

81 კგ
1. ტაკანორი ნაგასე (იაპონია), 2. სერგიუ ტომა (არაბთა გაერთიანებული საემიროები), 3. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო), ალექსანდრ ვიცზერზაკი (გერმანია).

90 კგ
1. დონ ჰან გვაკი (სამხრეთი კორეა), 2. დაიკი ნიშიამა (იაპონია), 3. მასიუ ბაიკერი (იაპონია), ჯაე იუნ კიმი (სამხრეთი კორეა), 7. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო).

100 კგ
1. გუჰამ ჩო (სამხრეთი კორეა), 2. სირილ მარე (საფრანგეთი), 3. არტემ ბლოშენკო (უკრაინა), ჰენკ ხროლი (ჰოლანდია).

+100 კგ
1. რენატ საიდოვი (რუსეთი), 2. ლევან მატიაშვილი (საქართველო), 3. კეიტა ივაო, ტაკეში ოჯიტანი (ორივე - იაპონია).

ქალები
48 კგ
1. ამი კონდო (იაპონია), 2. ჰარუნა ასამი (იაპონია), 3. ბო კიეონ იონი (სამხრეთი კორეა), პაულა პარეტო (არგენტინა).

52 კგ
1. იუკი ჰაშიმოტო (იაპონია), 2. იუკა ნიშიდა (იაპონია), 3. მისატო ნაკამურა (იაპონია), აი შიშიმე (იაპონია).

57 კგ
1. კაორი მაცუმოტო (იაპონია), 2. ტელმა მონტეირო (პორტუგალია), 3. რაფაელა სილვა (ბრაზილია), ცუკასა იოშიდა (იაპონია).

63 კგ
1. ტინა ტრსტენჯაკი (სლოვენია), 2. ედვიგ გვენდი (იტალია), 3. მაო ნიშიკავა (იაპონია), ანიცკა ვან ემდენი (ჰოლანდია).

70 კგ
1. ჟევრის ემანე (საფრანგეთი), 2. ჰარუკა ტაჩიმოტო (იაპონია), 3. ლაურა ვარგას კოჩი (გერმანია), კელიტა ზურანჩიჩი (კანადა).

78 კგ
1. კაილა ჰარისონი (აშშ), 2. რიუკა სატო (იაპონია), 3. შორი ჰამადა (იაპონია), ანამარი ველენსეკი (სლოვენია).

+78 კგ
1. ნამი ინამორი (იაპონია), 2. სარა ასაშიმა (იაპონია), 3. მეგუმი ტაჩიმოტო (იაპონია), ქსენია ჩიბისოვა (რუსეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უკეთეს შედეგს ველოდით,მაგრამ არაფერი ტრაგედია არ მომხდარა.სამუშაოა ე.წ. უხერხულ მეტოქეებზე.მატიაშვილი ძალიან კარგი იყო,მარგველაშვილმა კარგად იჭიდავა.
Gela
19:55 08-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული