"მებრძოლმა" უბრძოლველად გაიმარჯვა - სიხარული და სინანული

AutoSharing Option
ჰოლანდიურ ჰოოფდორპში შაბათს გამართულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის პირველ ლიგაში ქართულმა დელეგაციამ მისია ნაწილობრივ შეასრულა - შსს-ს "მებრძოლმა" გაიმარჯვა და "ოქროს ლიგაშიც" გადავიდა, "საგარეჯოს" კი მიზნამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა - ნახევარფინალამდე ტრიუმფით მისული საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა და ზედა ეშელონში გადამსვლელ ოთხეულში ვერ მოხვდა.

ბედის ირონიით, პირველ ლიგაში დიდწილად ქართველმა ჩაგვტოვა - ბრინჯაოსთვის პაექრობაში პორტუგალიაში გადასულმა ქუთაისელმა ანრი ეგუტიძემ ლამის წაგებული პაექრობა შემოუტრიალა უშანგი მარგიანს - ვაზარი ამოუქაჩა და შეხვედრის მიწურულს იპონზე გადაჩეხა.

ეს არ ყოფილა ორთაბრძოლის გადამწყვეტი ეპიზოდი, რადგან ამის შემდეგ
მძიმე წონაშიც დავმარცხდით, თუმცა ფაქტია, რომ ეგუტიძე მისთვის აწ უკვე მშობლიურ "სპორტინგ პორტუგალიას" ქართულ კლუბთან წარმატებაშიც დაეხმარა და უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაშიც.

ალბათ, სიმბოლურია ეს ფაქტი, რადგან არ ვუფრთხილდებით ნიჭიერ თანამემამულეებს და ნიკოლოზ შერაზადაშვილის (ესპანეთი), ჯარჯი ზვიადაურის (საბერძნეთი) თუ სხვათა მსგავსად, მეტისმეტად იოლად ვიმეტებთ მამლუქობისთვის. ჯარჯიმ ხომ ბევრჯერ გადაგვიღობა მედლებისკენ მიმავალი გზა და შერაზადაშვილიც იმავეს გვიზამს.

ქალთა შორის მესამეზე გავიდა და გაისად "ოქროს ლიგაში" იასპარეზებს ესტერ სტამის (70) მშობლიური ქალაქის კლუბი "ჰაარლემ კანამიუ", ჩვენებურმა კი მშვენივრად იჭიდავა - ოთხივე შეხვედრა მოიგო. აქედან 3 - იპონით.

"მებრძოლის" ტრიუმფი
შსს-ს პატრონაჟით გასულმა "მებრძოლმა", შეიძლება ითქვას, უბრძოლველად მოიგო ქვედა ლიგა, რაც მოსალოდნელიც იყო - ეს კლუბი ხომ, ფაქტობრივად, ქვეყნის ეროვნული ნაკრებია. მან ყველა შეხვედრაში დიდი უპირატესობით იმარჯვა და, შეიძლება ითქვას, უბრძოლველად გახდა ჩემპიონი - მაქსიმუმ, ერთი პაექრობა დაეთმო რომელიმე მეტოქესთან. გუნდმა 20-დან მხოლოდ 3 ორთაბრძოლა წააგო, დანარჩენებში კი, უმეტესად, წმინდად იმარჯვა.

მომავალი ჩემპიონები პირველ წრეში ისვენებდნენ, მერე კი მასპინძელ "ბენ რიტდიკ სპორტს" 4:1 მოუგეს, გროზნოს "ედელვაისიც" ასეთივე ანგარიშით "დაუჭკნეს", ნახევარფინალში კი ერთადერთხელ დაარღვიეს ტრადიცია და მშრალად - 5:0 მოიგეს სერბეთის "რედ სტართან".

ფინალში ჩვენებმა მასპინძელ "ჰაარლემ კანამიუს" კვლავ 4:1 გადაურბინეს და "საგარეჯოს" ჯავრი იყარეს, რომელიც მანამდე, მეორე ნახევარფინალში სწორედ ამ ჰოლანდიურ კლუბთან დამარცხდა.

ჩვენებს, მაქსიმუმ, ბოლო, არაფრისმომცემი შეხვედრა წაეგოთ, თორემ არც ერთ კლუბთან მათი კოლოსალური უპირატესობა, მათი გამარჯვება ერთი წამითაც არ გამხდარა საეჭვო. აბა, როგორია - ოთხივე შეხვედრაში ანგარიში 4:0 წაიყვანო!

მოლოდინისამებრ, "მებრძოლის" ნამდვილ მებრძოლ ლიდერებად ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი ვალერი ლიპარტელიანი (90) მოგვევლინნენ.

მწვრთნელმა მამუკა ყიზილაშვილმა ისინი თითო შეხვედრაში ამოასუნთქა, რადგან სხვებში წმინდად იმარჯვეს. ოღონდ ლიპარტელიანმა ყველა ორთაბრძოლა თუ გდებით მოიგო, ჭრიკიშვილს ილეთების კასკადზე თავი არ გაუგიჟებია - თავიდან ორი პაექრობა, გროზნოელ აბას აზიზოვთან და სერბ ნემანია მაჯდოვთან გაფრთხილებებით მოიგო.

კარგად იჭიდავეს მათმა შემცვლელებმაც - ზებედა რეხვიაშვილმა (81) და ზვიად გოგოჭურმა (90), რომლებმაც თითო პაექრობა გამართეს და იმარჯვეს. რეხვიაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 81-ში ბევრად უფრო ლაღად და შედეგიანად ჭიდაობს, ვიდრე - მისთვის ჩვეულ 73-ში; გოგოჭურმა კი გროზნოელი ხასან იდრისოვი საიპონედ გამოცერა, თუმცა მანამდეც იუკოს უგებდა.

66 კილოგრამში ყიზილაშვილი მაინც შალვა ქარდავას დაეყრდნო, თუმცა კბილი ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს წლევანდელ მესამეპრიზიორ ამირან პაპინაშვილს (66) მოუსინჯა - მეორე შეხვედრაში გროზნოელებთან ის დააყენა. პაპინაშვილმა კი მოიგო, მაგრამ გაუჭირდა ვინმე ამირხან ისმაილოვთან.

ეგ იყო და, მწვრთნელს ქარდავა აღარ შეუცვლია, რომელიც ადრინდელზე ბევრად უკეთ წარმოჩინდა - ძალიან მაღალი დონის, გახსნილი, შემტევი, ტაქტიკურად გამართული და ძლიერი ჭიდაობა გვაჩვენა. მან ასე თუ გააგრძელა, ამ წონაში ნაკრებში საკადრო პრობლემა აღარ გვექნება საფიქრალი. 73-ში შეუცვლელად იჭიდავა და ოთხივე ბრძოლა იპონით მოიგო. არადა, მეტოქეთა შორის ფინალში ჰოლანდიელთა ევროპის წლევანდელი გამარჯვებული, მსოფლიოს ორგზის ფინალისტი დექს ელმონტიც იყო, რომელიც შებოჭა (ისე, ელმონტი იმ დღეს დაიბრიყვეს ჩვენებმა, თუმცა ამაზე ქვემოთ). ქარდავასი არ იყოს, ისიც ახალი სახით წარმოგვიდგა.

როგორც გითხარით, ამ კლუბმა მხოლოდ სამი პაექრობა წააგო, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მწარე მახვილიც ესაა - სამივე პაექრობა მძიმე წონაში დავთმეთ, ასეთი ჩავარდნა კი პირდაპირ ურტყამს ნაკრებზე.

სამიდან ორჯერ ადამ ოქრუაშვილი დამარცხდა წმინდად საშუალოზე დაბალი დონის ფალავნებთან, ერთხელ კი - გროზნოელებთან მისმა ძმამ, ვახტანგ ოქრუაშვილმა წააგო. სამწუხაროდ, ადამის კრიზისი ისევ გრძელდება.

"საგარეჯოს" დრამა
სხვანაირად ვერ შევაფასებთ ამ პერსპექტიული კლუბის განვლილ გზას, როცა გადამწყვეტი პაექრობები მინიმალური ანგარიშით, 2:3 დათმო და მიზნამდე ერთი ხელის გაწვდენაზე დარჩა.

სამწუხაროდ, კლუბის ახალგაზრდებმა ვერ იტვირთეს ლიდერობა, ღირსეულად ვერ წამოიკიდეს ეს მძიმე ტვირთი და გადამწყვეტ მომენტში ჩაიჩოქეს. ყველაზე მეტად ეს უშანგი მარგიანსა და ლევან მატიაშვილზე ითქმის, თუმცა ბექა ღვინიაშვილსაც გვარიანი ხარვეზები ეტყობოდა...

კლუბს საკადრო პრობლემებიც აწუხებს და გაისად, ხელმძღვანელობა თუ შორსმიმავალ გეგმებზე უარს არ იტყვის და ისევ გამოვა ამ ტურნირში, აუცილებლად დასჭირდება შემადგენლობის გაძლიერება ხარისხიანი უცხოელებით, თორემ არა მგონია, "მებრძოლმა" ლიდერები დათმოს.

ახლაც დიდწილად სწორედ საკადრო პრობლემებმა დააზარალა ეს კლუბი - დეკემბრის დასაწყისში ოპერაცია გაიკეთა მათმა ერთადერთმა ლეგიონერმა, აზერბაიჯანელმა მსოფლიოს პრიზიორმა ნიჯატ შიხალზადემ (66) და მთლიანად ვაჟა მარგველაშვილის იმედად დარჩნენ, ამ ბიჭმა კი, საქართველოს ჩემპიონატსა და კანოს მემორიალზე "არაუშავს" ჭიდაობის მიუხედავად, თავი ვერ გამოიჩინა და, შეიძლება ითქვას, "საგარეჯომ" ყველა პაექრობა ერთქულიანი დეფიციტით დაიწყო - მარგველაშვილმა ოთხიდან მხოლოდ ერთი პაექრობა მოიგო, შვედებთან.

პირველ წრეში "საგარეჯოც" ისვენებდა, მერე კი ორ შეხვედრაში 4:1 იმარჯვა - ჯერ სერბეთის "ძიუდოს კლუბი რაკოვიცას" აჯობა, მერე კი ამავე ანგარიშით "სტოკჰოლმის პოლიცია" განაიარაღა.

ამით ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ მისი დრამაც აქედან დაიწყო - პირველად ჰოლანდიის "ჰაარლემ კანამიუსთან" წააგო - 2:3, დამამშვიდებლის ფინალში კი "პორტუგალიასთანაც" ასევე დამარცხდა.

"კანამიუ" ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი იყო და მასთან წაგებას კიდევ მოეძებნება ახსნა (თუმცა მოგებაც სავსებით რეალურად შეიძლებოდა), პირენეელებთან წაგება კი ნამდვილი კრახია.

"საგარეჯოს" ყველაზე ნათელი წერტილი ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის (73) კარგი ჭიდაობაა. ჯერ კიდევ კანოს ტურნირის შემდეგ ვწერდით, რომ ის ადრინდელზე უფრო გაშინაურებული ჩანდა ტატამთან, ახლა კი მეტი დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ახალ წონასთან ადაპტაცია დასასრულს უახლოვდება.

ის თანდათან იბრუნებს თავდაჯერებას და სულ უფრო სახიფათო ხდება. მან ოთხივე შეხვედრა მოიგო, აქედან 3 - იპონით. ტატალაშვილის გარდა, მანაც მოუგო ელმონტს (სწორედ ამას ვგულისხმობდით ზევით ქართველთაგან ჰოლანდიელის დაბრიყვებაში), თუმცა კიდევ უფრო დამაჯერებლად - მაქსიმალურად გაანეიტრალა ის.

ამ ტურნირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ღვინიაშვილს სეზონის ბოლოს ჩავარდნა აქვს - ვფიქრობთ, გადაიღალა ერთბაშად ორ ნაკრებში (ახალგაზრდებსა და უფროსებში) ჭიდაობით.

მისი გამოსვლა საკმაოდ დაშორდა საუკეთესო კონდიციებს და წაგებებსაც უხშირა. ამჯერად მან შვედთა ევროპის ჩემპიონ მარკუს ნიმანთან და ზემოხსენებულ ჰოლანდიელ ვან ტ ენდთან წააგო.

მარკუს ნიმანი კარგად გემახსოვრებათ - 2010 წელს ევროფინალი ლიპარტელიანს მოუგო, მაგრამ მას მერე დიდ სპორტს უგანა და... სამოდელო ბიზნესში გადაერთო. თუმცა, მოდელი ეძახე და, კი უგებს ჩვენს ნარჩევ ფალავნებს...

...მას შემდეგ, რაც "ჰაარლემთან" მარგველაშვილმა იუნიორ დეგენთან წააგო, შავდათუაშვილმა კი ელმონტთან მოგებით საერთო ანგარიში გაათანაბრა, მარგიანმა დე უაიტს მოუგო და თანაგუნდელები პირველად დააწინაურა - 2:1.

ამის შემდეგ ჩვენებს, მინიმუმ, ერთი წაგების უფლება ჰქონდათ, მაგრამ ორივე შეხვედრა დათმეს - ღვინიაშვილმა ვერაფერი გააწყო ვან ტ ენდთან და 2 იუკო დაკარგა, მატიაშვილმა კი ჰენკ ხროლთან წააგო. არადა, გაფრთხილებით უგებდა 100 კილოგრამის ერთ-ერთ ლიდერს, მსოფლიოს სამგზის ფინალისტს, ოლიმპიური ბრინჯაოს ორგზის მფლობელსა და ევროპის ჩემპიონს.

ვფიქრობ, მას ტაქტიკურად უნდა ეჭიდავა, გაფრთხილებებზე და ამ უპირატესობის გაზრდა თუ არა, შენარჩუნება მაინც უნდა ეცადა. არადა, კანოს ტურნირის მსგავსად, მატიაშვილს ახლაც ეტყობოდა პროგრესი და ცუდად ნამდვილად არ ჭიდაობს, მაგრამ ახალგაზრდული სისწრაფე ჯერ ისევ ცუდ სამსახურს უწევს.

გროლი ფიზიკურად შესანიშნავადაა მომზადებული, რაც ჩვენებურს შეხვედრის მიწურულს დაეტყო კიდეც - უპირატესობა უკვე მეტოქის ხელში გადავიდა და დასკვნითი ნაწილში გატეხა კიდეც ჩვენებური.

პორტუგალიელებთან მარგველაშვილი ისევ დამარცხდა - ამჯერად სერგეი ოლეინიჩთან, შავდათუაშვილმა ისევ გაათანაბრა - მიგელ გერეირო დააიპონა, ამას კი მარგიანის დრამა მოჰყვა ეგუტიძესთან - 1:2 ჩამოვრჩით.

მარგიანი ვაზარით დაწინაურდა და, ვფიქრობ, ნაადრევად ირწმუნა გამარჯვების. ბოლოსკენ მან ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ჭიდაობა, რაც სავსებით გამართლებული სვლა იყო, მაგრამ ეტყობა, ზომაზე მეტადაც დაიარხეინა გული.

ალბათ, ამიტომ გამოეპარა მეტოქის ის შეტევა, რომელიც თითქოს საშიშს არაფერს მოასწავებდა (უფრო ამან ჩაუტოვა ფეხი დაუცველად), მაგრამ საიპონე გადაჩეხვით კი დამთავრდა. ვითარების გამოსწორება ამის შემდეგაც შეიძლებოდა და ღვინიაშვილმა მოუგო კიდეც ებრაელ ალონ სასონს, რითაც ანგარიში გათანაბრდა - 2:2.

სამწუხაროდ, ამ საპასუხისმგებლო ვითარებაში მანამდე კარგად მოჭიდავე მატიაშვილმა წარმოუდგენელი შეხვედრა წააგო. თანაც, ვისთან - ვინმე იორგ ფონსეკასთან! მან გასვლისთანავე ერთად გამოცელა მატიაშვილიც და "საგარეჯოს" შანსებიც. აი, ესაა გამოუცდელობა - გამობრძმედილი მოჭიდავე ისე ახლოს არ მიუშვებდა მეტოქეს. არადა, ეგუტიძესაც და ფონსეკასაც თავად გაუკვირდათ მოგება!

ოქროს ლიგა
"ოქროს ლიგა" რუსულ სამარაში გაიმართა და მასპინძელთა ტრიუმფით წარიმართა - ფინალში რუსული კლუბები, "იავარა-ნევა" და "დინამო-ალანია" გავიდნენ, ჩემპიონობა კი ნევისპირულმა "იავარამ" მოიპოვა - 3:2. პეტერბურგელთა რიგებში ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაურიც) გამოდიოდა.

ბრინჯაოს მედლებს გერმანული "აბენსბერგი" და ფრანგული "ლევალოისი" დაეუფლნენ. პირველ ლიგაში 2-2 რუსულ-ფრანგული კლუბი - "სამბო-70", "ადიღე-მაიკოპი", "სენტ-ჟენევიევი" და ბულონ-ბილანკურტი" დაქვეითდნენ, მათ ნაცვლად კი გაისად "ოქროს ლიგაში" ჩვენი "მებრძოლი", ჰოლანდიური "ჰაარლემ კანამიუ", პორტუგალიის "სპორტინგ კლუბ დე პორტუგალია" და სერბული "ძიუდო კლუბ რედ სტარი" იჭიდავებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ისიც გაითვალისწინოს ავტორმა,რომ საქართველოს ორივე კლუბი,საქართველოს ნაკრების წევრებით იყო დაკომპლექტებული და არც გამოცდილება აკლდათ და არც ტიტულები...რაც შეეხება ეგუტიძეს,მას გამარჯვება არ გაკვირვებია,რადგან ეს არ იყო მისი პირველი გამარჯვება,გადახედოს ამ სტატიის ავტორმა მის რეიტინგს
zizi
13 იანვარი 2015 18:06
0
ანრი ეგუტიძე ბრწყინვალე მოჭიდავეა ჯერ პატარაა ასაკით და როცა მარგიანის გამოცდილებას და ასაკს მიაღწევს ბევრს "გადაჩეხავს" იპონზე. არაფერი არ უკვირს მსოფლიო მოვლილი აქვს და ბევრს მიაღწევს კიდევ
ლია
26 დეკემბერი 2014 22:49
0
უბრძოლველად გამარჯვებას რას ეძახის ავტორი. საკმაოდ დაძაბული შეხვედრები იყო. იგივე ფინალში-დექს ელმონტი და ნოელ ვან ტ. ენდი უმაღლესი კლასის სპორტსმენებია და ვერავის ავტორიტეტი ვერ შეაშინებთ.
ჰოდა, სერბი სპორტსმენი მაჯდოვი კი არა, მაიდოვია. სისტემატურად უშვებთ შეცდომებს გვარების გადმოთარგმნაში და დაგუგლეთ მაინც, როგორ წარმოითქმის ესა თუ ის გვარი. j სერბულში და ხორვატულში არის "ი" და არა "ჯ". მეორე მაგალითია ტომისლავ მარიანოვიჩი, რომელზეც რატომღაც სულ მარჯანოვიჩს წერთ ხოლმე.
finikis palma
24 დეკემბერი 2014 16:03
0
ამ სტატიის ავტორი აზრზე არაა და ეგ ზუსტად ვიცი იმიტომ რომ ძალიან ცუდი დასკვნები გამოაქვს ჩვენს სპორტსმენებტან დაკავშირებით. აი ზუსტად თავაძეზე მაქვს ლაპარაკი. ხო და კიდე ირაკლი მცოდნენდ რომ მოგაქვს თავი ხორხე ფონსეცა პორტუგალიაში ყველაზე ცნობილი ძიუდოისტია, შარშანდელი ევროპის ჩემპიონი 23 წლამდელთა შორის. და წელს კიდევ ბევრი ტიტული მოიპოვა. გადახედე მაინც აქ რაგაცას როცა წერ.ან მეტი არ გყავთ ვინმე სტატია რომ დააწერინოთ ზუსტად და ნორმალურად.
judoka
23 დეკემბერი 2014 13:33
0
ბიჭს რომ საქართველოს სახელით გამოსვლაზე თანხმობის მაგივრად ქართველს "დაუწექი"ს ეტყვით გადაგიღობავთ გზას და დაგამარცხებთ აბა რას იზამს...
მგელი
23 დეკემბერი 2014 02:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული