ახალი რეიტინგები: საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები რუსეთსა და იაპონიას ჩამორჩება

AutoSharing Option
ძიუდოში სეზონი თანდათან იკრებს ძალას - ჯერ სულ რამდენიმე ტურნირი ჩატარდა და ახალი რეიტინგიც გამოქვეყნდა. თუმცა ჩვენთვის რეალობა არსებითად არ შეცვლილა და საერთო ფონი კვლავაც ისეთია, როგორიც წინა მიმოხილვისას იყო - 7-დან 4 წონაში სამეულში შევდივართ, 2-ში სულაც ვლიდერობთ, 6-ში კი სალიცენზიო ზონაში ვართ. ამათგან 5-ში პირდაპირ ვხვდებით 22-კაციან სასაგზურე ზონაში, ერთში კი - 100-ში რეგიონულ კვოტაში ვართ.

საკადრო ჩამორჩენა მხოლოდ 66 კილოგრამშია, თუმცა წინა რეიტინგთან შედარებით, ზოგიერთ წონაში ცოტათი კიდეც დავწინაურდით.

ოლიმპიადამდე დარჩენილ დროში ჩვენები ამ მიღწევას კიდევ უფრო
გააუმჯობესებენ, რადგან ლიდერები ჯერ არ ჩართულან შეჯიბრებებში. ჩვენმა ნაკრებმა ჯერჯერობით მხოლოდ სოფიის ტურნირში იჭიდავა, თუმცა იქ ლიდერები არ გამოსულან.

მათი ნაწილი ამ უქმეებზე იასპარეზებს რომში, შეჯიბრებებში კი მთელი ძალით დიუსელდორფის "დიდი პრიზიდან" ჩაებმებიან, რომელიც 20-22 თებერვალს გაიმართება.

60 კგ
ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორი ამირან პაპინაშვილი 2030 ქულით მყარად ინარჩუნებს მეორე ადგილს. მას დიუსელდორფის შემდეგ დააკლდება იქ შარშანწინ მოპოვებული და შარშან განახევრებით დარჩენილი 60 ქულა, თუმცა რეიტინგში იმდენით უსწრებს მდევარ მონღოლს, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ამარტუვშინ დაშდავაას, ეს ცხრილში არ დააქვეითებს. თან, თვითონაც იჭიდავებს რომსა და გერმანიაში და არაა გამორიცხული, ქულათა მარაგი კიდევ შეივსოს.

სოფიაში მოპოვებული ვერცხლით სარეიტინგო მდგომარეობა გაიუმჯობესა ლუხუმ ჩხვიმიანმა - მას 280 ქულა გაუხდა, 54-ე ადგილამდე აინაცვლა და ჩვენგან მეორე ნომერიც გახდა. სამწუხაროდ, ასეულში მეტი არავინ გვყავს.

1. ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი) - 2426
2. ამირან პაპინაშვილი (საქართველო) - 2030
3. ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი) - 1826
4. ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი) - 1820
5. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია) - 1710

66 კგ
ამ წონაში ჯერაც ღრმა კრიზისში ვართ - საუკეთესო შედეგი შალვა ქარდავას 394 ქულა და 48-ე ადგილია. ზედა წონაში გადასული ლაშა შავდათუაშვილი ჯერაც ინარჩუნებს ჩვენგან მეორე შედეგს - 266 ქულა და 63-ე პოზიცია, ასეულში კი ტრისტან ფეიქრიშვილი (216 ქულა, 71-ე ადგილი) და მინდია ლილუაშვილი (112; 99) შედიან.

101-ეა ქვეყნის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი - 110 ქულა. ოღონდ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა უშუალოდ სალიცენზიო რეიტინგში, რომელიც საერთაშორისო ცხრილიდან კი გამომდინარეობს, მაგრამ ქულათა დათვლის სხვანაირი სისტემაა - სიაში ყველა ტურნირის შედეგი არ შედის.

სალიცენზიოში ჩვენგან მარგველაშვილი ლიდერობს, ვისაც ძალიან წაადგა დეკემბერში ტოკიოში, ძიგორო კანოს მემორიალზე მეშვიდე ადგილზე გასვლისთვის მოპოვებული 40 ქულა. აი, სოფიაშიც რომ ეყოჩაღა, იქნებ წინაც წაეწია. სალიცენზიო რეიტინგში მის ანგარიშზე 46 ქულაა (40 - ტოკიოში და 6 - ასევე შარშან ბუდაპეშტში) და 65-ეა. სოფიაში მოპოვებულმა ბრინჯაომ ქულებით ლილუაშვილიც ახეირა - 38-ით 69-ეა, ქარდავა კი 30-ით 86-ეა.

სალიცენზიო ჩათვლაში ჯერჯერობით ჩვენები ევროპის რეგიონულ ორკაციან კვოტაშიც ვერ ხვდებიან, არათუ 22 საუკეთესოში, მაგრამ დღეისათვის კვალიფიცირებულთა შორის ძალიან ბევრია ერთი და იმავე ქვეყნის წარმომადგენელი, იმათგან კი საბოლოო სიაში თითო კაცი უნდა დარჩეს, ანუ ამოქმედდება ადგილმონაცვლეობის პრინციპი.

ეს ჩვენებს გარკვეულ შანსს აძლევს - 22-ში თუ არა, რეგიონულ კვოტაში მოსახვედრად მაინც. ბედის ირონიით, დღეისათვის ამ კვოტას ისეთი ძლიერი ქვეყნები იკავებენ, როგორიც საფრანგეთი და ჰოლანდიაა. მათი ფალავანი თუ 22-ში შევა, მაშინ ჩვენი კონკურენტები გერმანია და იტალია დარჩებიან.

ერთი სიტყვით, სალიცენზიოში ქვეყნიდან მხოლოდ თითო კაცს თუ დავტოვებთ, მაშინ ამ წონაშიც გვექნებოდა ლიცენზია, მაგრამ ეს სია ძალზე პირობითია - საერთაშორისო რეიტინგზე უფრო მეტად შეიცვლება და ამიტომ აღარ ჩავუღრმავდებით.

1. მასაში ებინუმა (იაპონია) - 1800
2. ჩარლეს ჩიბანა (ბრაზილია) - 1800
3. მიხაილ პულიაევი (რუსეთი) - 1710
4. ტუმურკულეგ დავაადორჯი (მონღოლეთი) - 1520
5. გიორგი ზანთარაია (უკრაინა) - 1471

73 კგ
აქ სამეულში ვერა, მაგრამ 22 კაცში კი შევდივართ - ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი 1134 ქულით მე-13 ადგილზეა. ოღონდ მის წინ 2-2 მონღოლი და იაპონელი არიან, ანუ, არსებითად, მე-11-ეა.

კვლავაც ერთმანეთის მეზობლად, 28-ე და 29-ე ადგილებზე იმყოფებიან ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (588) და ევროპის პრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი (562), ოღონდ ეს 81 კილოგრამში გადადის.

ასეულში სხვა არავინ გვყავს, თუმცა ფრიდონ გიგანმა სოფიაში ისეთ მეტოქეებს მოუგო (ბელგიელ ევროპის ჩემპიონ დირკ ვან ტიხელტსა და თურქ ევროპის პრიზიორ ჰასან ვანლიოღლუს), ალბათ, დროა, მისი მონაგარიც მოვინიშნოთ - 61 ქულა და 141-ე ადგილი.

ტატალაშვილს ჯერჯერობით არა, მაგრამ აპრილში გაუნულდება შარშანწინ პოლონეთში მოპოვებული ქულები, რომლიდანაც ახლა 50-ია დარჩენილი.

უკვე მარტში, ჩვენი ტურნირის მიმდინარეობისას, მასაც და შავდათუაშვილსაც გაუნახევრდებათ თბილისში მოპოვებული მონაგარი - ტატალაშვილს 150 ქულა დააკლდება, ოლიმპიურ ჩემპიონს - 90.

თუმცა ტატალაშვილს ეს დანაკლისი დიდად არ აზარალებს. შავდათუაშვილის მდგომარეობა უფრო საფიქრალია, მაგრამ ქულები მის მდევრებსაც დააკლდებათ და თან ბოლო პერიოდში ის ისეთ ჭიდაობას აჩვენებს, ვიმედოვნებთ, უახლოეს შეჯიბრებებზე - რომსა და დიუსელდორფში კიდევ შეიმატებს მარაგს.

1. დექს ელმონტი (ჰოლანდია) - 1780
2. საგი მუკი (ისრაელი) - 1616
3. ვიქტორ სკვორტოვი (არაბეთის საემიროები) - 1482
4. კუკ ჰიონ ჰონი (ჩრდილოეთი კორეა) - 1456
5. როკ დრაკშიჩი (სლოვენია) - 1342

81 კგ
ამ წონის რეიტინგს ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი ლიდერობს, რომელსაც ვაჟთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - 3210 ქულა.

საინტერესოა, რომ ის მეორეზე მყოფ კანადელ ოლიმპიურ პრიზიორსა და მსოფლიოს ფინალისტ ანტოინ ვალოის-ფორტიეს 1254 ქულით უსწრებს. ან რა უნდა გაუნულდეს, ან რა უნდა გაუნახევრდეს, ჭრიკიშვილის ოლიმპიადაზე მოხვედრას საფრთხე რომ დაემუქროს.

ჯერჯერობით 660 ქულით მე-19 ადგილზეა უშანგი მარგიანი, ტრავმამოშუშებული ევროპის პრიზიორი ლევან წიკლაური კი 468-ით 35-ე პოზიციას ინარჩუნებს. რეხვიაშვილს რეიტინგი აქაც აქვს - 180 ქულა, რაც 78-ე ადგილია. მას ერთი ადგილით ჩამორჩება დედით ქართველი ბერძენი ალექსიოს ნტანაციდისი, ხოლო ბერძენთა სხვა ქართველი - რომან მასტოპულოსი (რევაზიშვილი) 788 ქულით მე-13-ეა. სოფიაში კარგი ჭიდაობით თავგამოჩენილი გიორგი პაპუნაშვილი ჯერჯერობით 151-ეა 52-ით, ხოლო ამბაკო ავალიანის ანგარიშზე 44 ქულა და 164-ე ადგილია.

1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო) - 3210
2. ანტოინ ვალოის-ფორტიე (კანადა) - 1956
3. ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია) - 1684
4. ლოიკ პიეტრი (საფრანგეთი) - 1598
5. ტრევის სტევენსი (აშშ) - 1490

90 კგ
რეიტინგის სათავეში აქაც ქართველია - ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი 2070-ქულიანი მონაგარით. ბექა ღვინიაშვილი 1017-ით მე-9 ადგილზეა, ხოლო 855-იანი ზვიად გოგოჭური - მე-14-ზე. როგორც ვხედავთ, სამივე მათგანი სალიცენზიო ზონაშია, თუმცა გაცილებით უკეთესი სასტარტო პოზიცია გვქონდა შარშან აგვისტოში, როცა სამივე განთესვის ზონაში, ანუ მოწინავე 8 კაცში შედიოდა.

ბოლო პერიოდში ლიპარტელიანისთვის უნგრელი მსოფლიოს ფინალისტი კრისტიან ტოტი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მეტოქედ იქცა. უახლოეს პერიოდში - გერმანიის ტურნირის შემდეგ მადიარი რეიტინგშიც გაუცვლის ადგილს ჩვენებურს და პირველი ადგილიდან მეორეზე ჩააჩოჩებს.

საქმე ისაა, რომ თვის ბოლოს ლიპარტელიანს გაუნულდება გერმანიაში ორი წლის წინ მოპოვებული 300 ქულიდან დარჩენილი. მადიარს გაუნახევრდება იმავე შეჯიბრებაზე შარშან მიღებული 36 ქულა, თუმცა ქართველი ბევრად მეტს დაკარგავს, რაც ლიდერობის დათმობად დაუჯდება. თუმცა ვიქონიოთ იმედი, რომ ეს დროებითია და უახლოეს შეჯიბრებებში ლიპარტელიანი ბლომად ქულებს დააგროვებს. ლიდერობის დასაბრუნებლად საკმარისი იქნება, გერმანიაში უნგრელზე უკეთ გამოვიდეს.

1. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო) - 2070
2. კრისტიან ტოტი (უნგრეთი) - 2007
3. ილიას ილიადისი (საბერძნეთი) - 1941
4. კირილ დენისოვი (რუსეთი) - 1518
5. ნოელ ვან ტ ენდი (ჰოლანდია) - 1494

100 კგ
ამ წონაშიც გვარიანად მოვიკოჭლებთ, თუმცა რეგიონული კვოტით სალიცენზიო სიაში მაინც ვართ.

რეიტინგში ჩვენგან საუკეთესო ალექსანდრე მსხალაძეა - 316 ქულა და მე-40 ადგილი. ცოტათი დაწინაურდა გურამ თუშიშვილი - 78-ე ადგილი 125-ით, თუმცა მან ხელზე ოპერაცია გაიკეთა და სეზონის დიდ ნაწილს გამოტოვებს. ასეულშია 79-ქულიანი დავით ლორიაშვილიც - 99-ზე. ლიცენზიის მოსაპოვებლად ამ წონაშიც ბლომად ომი გადაგვხდება.

1. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) - 2188
2. სირილ მარე (საფრანგეთი) - 1896
3. კარლ-რიხარდ ფრაი (გერმანია) - 1670
4. ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი) - 1612
5. ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი) - 1565

+100 კგ
ზემძიმე წონაში ჩვენგან საუკეთესო ადამ ოქრუაშვილია, ვინც 1972 ქულით მესამეა. ლევან მატიაშვილი 1069-ით მეცხრეა. სოფიაში მეხუთეზე გასვლის შემდეგ ონისე ბუღაძეს 51 ქულა დაუგროვდა, რაც 110-ე ადგილია, ნოდარ მეტრეველი კი მას ერთი ქულით და ერთი ადგილით ჩამორჩება.

ოქრუაშვილი ჯერჯერობით მესამეზე კი დგას, მაგრამ გაზაფხულზე ამ ადგილს რუს რინატ ახმედოვს გაუცვლის. ჩვენებურს გერმანიის შეჯიბრების შემდეგ მთელი 150 ქულა დააკლდება - შარშანწინ გერმანიაში მოპოვებული მონაგარიდან გაუნულდება 90 ქულა, ხოლო შარშანდელი 120 გაუნახევრდება, ანუ 60 დარჩება.

ამის საპირისპიროდ, ახმედოვი არაფერს კარგავს, რადგან ის წინა წლებში აქტიურად არც ჭიდაობდა, თუმცა დეკემბერში კანოს ტურნირი კი მოიგო.

ქალებიდან მხოლოდ სტამი
ქალთა რეიტინგებში რამდენიმე ქართველი კი შედის, მაგრამ მათ თითო-ოროლა ქულა აქვთ და რეიტინგის ბოლო ადგილებზე არიან.

ერთადერთი გამონაკლისი ჰოლანდიიდან გადმობირებული ესტერ სტამია (70), ვინც სალიცენზიო ზონაში შედის - 425 ქულით 35-ე ადგილზეა, რაც სალიცენზიო რეიტინგში მე-14 პოზიციაა.

გუნდური რეიტინგი
შარშან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გუნდური რეიტინგიც შემოიღო, რომელშიც ევროპისა და მსოფლიოს ანალოგიური პირველობების შედეგები შედის.

პირადი პირველობებისა არ იყოს, ამიერიდან გუნდური შეჯიბრებებიც ამ რეიტინგის მიხედვით, ანუ განთესვით ჩატარდება.

სადღეისოდ ჩვენი ვაჟთა ნაკრები 760 ქულით მესამეა იაპონიისა (1060) და რუსეთის (780) შემდეგ. ჩვენებმა მოიგეს ევროპის პირველობა (400 ქულა), ხოლო მსოფლიოზე მესამეზე გავიდნენ (360). აი, მაშინ იაპონიასთანაც რომ მოეგოთ, პირველები იქნებოდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მეტი ხელის შეწყობა, ამ გმირებს, ადრე რუსებმა ფილმი გადაიღეს გორში, ამ ქალაქს ძიუდოს სამჭედლოს უძახდნენ, ეხლა ეტყობა ნაკლები ყურადღება ექცევა.
jemali
12:46 13-02-2015
0
დამიჯერე ჯემალ რომ ძიუდოისტებს ყურადღება არ აკლიათ. აქვთ საკმაო დაფინანსება და ნაკრების წევრობის კანდიდატთა მესამე მეოთხე ნომრებიც კი წლის განმავლობაში მინიმუმ 6-7 საერთაშორისო ტურნირში იღებენ მონაწილეობას. აღარეფერს ვამბობ პირველ-მეორე ნომრებზე. აქვთ არც თუ ისე მასღალი მაგრამ მაინც ქართულ რეალობას მორგებული ხელფასები, აქვთ სამედიცინო მომსახურეობა უმაღლესი და სავარჯიშო პირობებიც ნორმალური. ისე არ გამიგოთ რომ პრობლემები არ არის და ყველაფერი იდეალურადაა მაგრამ თუ შევხედავთ ქართულ რეალობას საწუწუნო ნამდვილად არ აქვთ ძიუდოისტებს რასაც სამწუხაროდ სპორტის ბევრ სახეობაზე ვერ ვიტყვით
goga
14:06 13-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული