თუმცა ჯერ იმ ფაქტზე ვთქვათ, რამაც ნატურალიზაციის შესაძლებლობაზე დაგვაფიქრა - ამ დღეებში ისრაელის ფედერაციამ ჰოლანდიიდან სტამის კონკურენტი ლინდა ბოლდერი (70) გადაიბირა. ის ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონია -
არსებითად, მათი ფაქტორის გამო წამოვიდა სტამი საქართველოში - ჰოლანდიაში დარჩენის შემთხვევაში ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი არ ჰქონდა. დღეს იმავე დილემის წინაშე უკვე ბოლდერი აღმოჩნდა - პოლინგმა შარშანაც მოიგო ევროპის ჩემპიონატი და რიოში მოხვედრაში მხოლოდ ტრავმა თუ შეუშლის ხელს. ბოლდერმაც ამიტომ გადაწყვიტა აბარგება და თავი ისრაელს შეაფარა, ვისაც ამ წონაში ძლიერი წარმომადგენელი არ ჰყავს.
სწორედ ამ ფაქტის გამო ვიფიქრეთ, რომ არ იქნებოდა ურიგო, ჩვენი ფედერაციაც თუ იზრუნებდა ასეთი სპორტსმენების მოძიებასა და გადმოყვანაზე - ოლიმპიადა ის ანდამატია, ნებისმიერს რომ მოიზიდავს. როგორც ყიზილაშვილმა გვითხრა, თურმე ფედერაციას მართლაც ჰქონია მორიგი შემოთავაზება მავანი უცნობი ფრანგი ქალბატონისგან, ოღონდ მისი ვინაობა საიდუმლოდ დატოვა და არც ჩავძიებივართ, რადგან ეს უკვე ჩავლილი მატარებელია.
თურმე ის გოგო საფრანგეთში თავის წონაში მესამე ნომერია, ანუ მასში დიდი პერსპექტივა ვერ დაინახეს. ოღონდ, სტამის მსგავსად, ფულად კომპენსაციას არც ის ითხოვდა და ჩვენები არაფერს კარგავდნენ. ამიტომ იქნებ კიდეც დათანხმებულიყვნენ, მაგრამ საქმეში თურმე საფრანგეთის ძიუდოს ფედერაცია ჩაერია და მათ არ მისცეს წამოსვლის ნება.
საერთოდ, ყიზილაშვილის თქმით, ჰოლანდიელებისგან განსხვავებით, ფრანგები გაცილებით მკაცრად უდგებიან სპორტსმენთა გასხვისების საკითხს და მათ ასე ჰაიჰარად არ რთავენ სხვაგან წასვლის ნებას. ეტყობა, ჰოლანდიიდან მართლაც იოლად უშვებენ სხვა ქვეყანაში. გავიხსენოთ თუნდაც ელკო ფან დერ ხესტის (100) მაგალითი, 2009 წლის ბოლოს როგორ უპრობლემოდ გაუშვეს იმხანად ევროპის ვიცე-ჩემპიონი მეზობელ ბელგიაში.
ფაქტობრივად, მაშინ წინააღმდეგობაც არ გაუწიეს სპორტსმენის ახირებას, რომელმაც არ ისურვა მეორე ნომრად და ხენკ ხროლის დუბლიორად ყოფნა, ამის შედეგი კი მეორე წელსვე მწარედ იწვნიეს, როცა ვენაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალში ხესტმა ხროლი დაამარცხა, ეს მართლაც ძლიერი, მაგრამ "მარად მეორე" კაცი. შეგახსენებთ, რომ ხროლი 7-ჯერ გავიდა ევროპისა და მსოფლიოს პირველობების ფინალში, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მოიგო.
თუმცა დავუბრუნდეთ ნატურალიზაციისა და ფრანგი ქალბატონის თემას, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც მან გამოთქვა სურვილი. ალბათ, აჯობებს, ჩვენმა ფედერაციამ თავად მოიძიოს სოლიდური, პერსპექტიული სპორტსმენები, ვისაც თავისი ქვეყნის ნაკრებიდან ოლიმპიადაზე მოხვედრის ნაკლები შანსი ექნება და მათ გადმობირებაზე იზრუნოს.
გასაგებია, რომ ეს არ იქნება იოლი - უფრორე, მათი ფედერაციების დათანხმება; გასაგებია, რომ ამისთვის სერიოზული ფინანსური რესურსიც გვჭირდება (თუნდაც გიორგი ზანთარაიას მაგალითი გავიხსენოთ, რომელსაც პირობებზე ვერ შეუთანხმდნენ), მაგრამ იმავე ჰოლანდიას, საფრანგეთს, ნაწილობრივ - გერმანიას, იტალიას და სხვებს ჰყავთ წონაში რამდენიმე მაღალი კლასის სპორტსმენი. ასეთთა მოძიება შედარებით ნაკლებად, მაგრამ ბოლო წლებში მაინც შეიძლება აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში - ოლიმპიადაზე მოხვედრის იმედით გარკვეულ კომპრომისზე ისინიც წამოვლენ და იქნებ ინტერესთა თანხვედრით ჩვენც ვიხეიროთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"