ძიუდოისტები სეზონს სასიამოვნო სიურპრიზით იწყებენ

AutoSharing Option
საახალწლო ეიფორიას ჯერ ხეირიანად არც კი ჩაუვლია, ძიუდოისტებს კი სეზონის პირველი ტურნირი კარს მოადგათ - 15-16 იანვარს ბაქო ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებას, "მსოფლიოს მასტერსს" უმასპინძლებს. მასში საქართველო ექვსი სპორტსმენით წარსდგება: ამირან პაპინაშვილი, დავით ასუმბანი (ორივე-60), ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ლომერ ჟორჟოლიანი (100) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100).

სიმართლე გითხრათ, ცოტა დაგვაბნია ამ სიაში ხანჯალიაშვილის გამოჩენამ და საერთოდ, მასტერსის მონაწილეთა იმ სიამ, რაც საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა. აქამდე ასე ხდებოდა - რეიტინგის 16 მოწინავეს ავტომატურად იწვევდნენ ტურნირში, მე-17-18 ადგილებზე მყოფნი კი
სათადარიგოთა სიაში რჩებოდნენ იმ შემთხვევისთვის, თუ იმ 16-ეულიდან ვინმე იუარებდა ჭიდაობას. ასეთი თუ ორზე მეტი აღმოჩნდებოდა, რეიტინგში 18-ზე ქვევით მყოფებს მაინც არ იწვევდნენ შეჯიბრებაზე. ზემოდასახელებულ ჩვენებურთაგან 16-ში პირველი ხუთეული შედიოდა, ხანჯალიაშვილი კი 21-ე იყო. ამის მიუხედავად, მაინც მიიწვიეს და სეზონის დასაწყისშივე სასიამოვნო სიურპრიზი მოგვიწყვეს.

ამის ზუსტი მიზეზი ვერავინ აგვიხსნა, სავარაუდოდ კი გვითხრეს, რომ შეიძლება ადრინდელი მკაცრი მიდგომა შეიცვალა და ახლა ზუსტად იმდენს დაუშვებენ სათადარიგოთა სიიდან, რამდენიც ძირითადიდან იუარებს გამოსვლასო. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ხანჯალიაშვილის მიწვევა გასაგებია, მაგრამ აქ სხვა გაუგებრობაა - წონათა უმრავლესობაში ეს წესი დარღვეულია და საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ სიებში თითქმის ყველგან აკლია მონაწილე - ზოგან 14, ზოგან 15-16-ია და ასე შემდეგ.

თუმცა ახლა ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა ამ მიწვევის ნამდვილი მიზეზი, ფაქტი კი ისაა, რომ ხანჯალიაშვილს ბაქოში გამოსვლის ნება დართეს. ამის თაობაზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ევროპული ფედერაციის რუმინელმა ვიცე-პრეზიდენტმა დანიელ ლასკაუმ მიმართა, რომელსაც აინტერესებდა, შეძლებდა თუ არა ჩვენებური მასტერსზე გამოსვლას. ამაზე დადებითი პასუხი მიიღო იმის მიუხედავად, რომ სპორტსმენს დეკემბერში მცირე ტრავმა აწუხებდა, ვერც კანოს ტურნირზე იჭიდავა იაპონიაში და ვერც ერთობლივ ვარჯიშებზე წავიდა იქ. როგორც გვითხრეს, ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შეუძლია გამოსვლა.

მასტერსი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული შეჯიბრებაა ძიუდოს სამყაროში. ის გავლენითა და რანგით მხოლოდ მსოფლიოს პირველობას და ოლიმპიადას ჩამოუვარდება - იქ ჩემპიონობისთვის სალიცენზიო რეიტინგში, შესაბამისად, 500 და 600 ქულა იწერება, აქ - 400. მოგეხსენებათ, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონობისთვის განსაზღვრული პრემიები ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეროგატივა არა არის, ამას მხოლოდ "დიდ მუზარადზე", "დიდ პრიზზე" და მასტერსზე აწესებს. სამეულში კი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სწორედ ეს უკანასკნელია. მასტერსის საპრიზო ფონდიდან გამარჯვებულის სარგო 6 000-ია, ვერცხლის პრიზიორისა - 4 000, ბრინჯაოსი - 2 000 - 2 000. "დიდი პრიზის" საპრიზო ფონდიდან მედალოსნები კი, შესაბამისად, 3, 2 და 1000-1000 დოლარს იღებენ, ხოლო "დიდ მუზარადზე" მედალოსნები 5, 3 და 1 500-1 500-ს იღებენ.

ბაქო მასტერსს წლეულს პირველად მასპინძლობს და ღირსეულად ჩასატარებლად გულმოდგინედ ემზადება. შეჯიბრებას "სერხედჯის" ოლიმპიური კომპლექსი უმასპინძლებს. წინასწარი მონაცემებით, ტურნირში 40 ნაკრები გამოვა, თუმცა გასაგები მიზეზების გამო არ იქნება სომხეთის ნაკრები, თუმცა მათგან მასპინძლებს მხოლოდ ჰოვანეს დავთიანი დააკლდებათ 60-ში, რადგან მის გარდა, სხვას არც ჰქონდა იქ ჭიდაობის ნება მოპოვებული.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, ბაქოში უძლიერესი გუნდით არც იაპონელები ჩავლენ - მათი ლიდერების ნაწილი - მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი ჰიროაკი ჰიროაკა (60), მსოფლიოს ჩემპიონი ჰიროიუკი აკიმოტო (73) არ აპირებენ იქ ჭიდაობას და არა გვგონია, დარჩენილ დღეებში რამე შეიცვალოს. არც ფრანგთა ევროპის წლევანდელი ჩემპიონი სოფიენ მილოუში (60) იქნება, თუმცა არც ისეა საქმე, ტურნირს ვარსკვლავები აკლდნენ. იჭიდავებს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთა უმეტესობა: უზბეკი რიშოდ სობიროვი (60), იაპონელი ჯუნპეი მორიშიტა (66), კორეელი ჯი-ბუმ კიმი (81), ბერძენი ილიას ილიადისი (90), იაპონელი ტაკამასა ანაი (100), ფრანგი ტედი რინერი (+100) და იაპონელი დაიკი კამიკავა (აბსოლუტური). იქნებიან მსოფლიოს ექს-ჩემპიონი გიორგი ზანთარაია (60) უკრაინიდან, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი ლუდვიგ პაიშერი (60) ავსტრიიდან, მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ჩაგანბაატარ ხაშბაატარი (66) მონღოლეთიდან, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი კი-ჩუნ ვანგი (73) კორეიდან, მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი ეუან ბურტონი (81) ბრიტანეთიდან, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ანდრეას ტოლცერი (+100) გერმანიიდან, მსოფლიოს პრიზიორი ისლამ ელ-შეჰაბი (+100) ეგვიპტიდან, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი კეიჯი სუძუკი (+100) იაპონიიდან, მასპინძელთა ოლიმპიური ჩემპიონი ელნურ მამედლი (81) და სხვები. 15-ში ვაჟთაგან 60, 66 და 73-ის ფალავნები იჭიდავებენ, ქალთაგან - 48, 52, 57 და 63-ის წარმომადგენლები, დანარჩენები კი მეორე დღეს ეცდებიან წარმატების მოპოვებას.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული