თბილისის გრან-პრი 2015: დღეს დიდი ძიუდო იწყება!

AutoSharing Option
დღეს, 20 მარტს, თბილისის სპორტის სასახლეში ძიუდოისტთა "დიდი პრიზის" ტურნირი იწყება, რომელიც წლეულს მეორედ ტარდება ამ სტატუსით.

სამწუხაროდ, მონაწილეთა რაოდენობამ ბოლო დღეებში ისევ დაიკლო და ახლა, როცა აწონვაც ჩატარებულია და კენჭისყრაც - გამართული, შეგვიძლია დაზუსტებული ციფრები გაგაცნოთ: ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 42 ქვეყნის 345 ძიუდოისტი. აქედან ვაჟთა შორის 32 გუნდის 201 ათლეტი იჭიდავებს, ქალებში გუნდების რაოდენობა მეტია - 35, თუმცა მონაწილეთა რაოდენობა მხოლოდ 144-ია.

საწყენია, რომ ბოლო დღეებში გამოგვაკლდა ისეთი ძლიერი ქვეყანა, როგორიც ჰოლანდიაა.

დღეს სპორტის სასახლეში 60-66-კილოგრამიანი ვაჟები და 48,
52-57-იანი ქალები იჭიდავებენ. ხვალ ვაჟთაგან 73-81-იანებს, ხოლო ქალთაგან 63-70-კილოიანებს ვიხილავთ ტატამზე, დანარჩენები კი ზეგ გამოვლენ.

სამივე დღეს შეხვედრები დილით, 10 საათზე დაიწყება, ფინალები - 17 საათზე.

60 კგ
ამირან პაპინაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი თურქი აჰმეტ შაჰინ კაბასა და მონღოლი ჩოგტბაატარ ცენდოჩირის შეხვედრაში გაირკვევა. ამავე ჯგუფშია რუსთა ქართველი რობერტ მშვიდობაძე, თუმცა ის პაპინაშვილამდე სომეხ ჰოვანეს ალექსანიანს ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი აზერბაიჯანელ მემან სადიგოვსა და ებრაელ ალონ რაჰიმას შორის უმჯობესი ელოდება. პაპანაშვილს ამათგან არც ერთთან არ უნდა გაუჭირდეს, მეოთხედფინალში კი, სხვა სავარაუდო მეტოქეებთან ერთად, ყაზახი იელდოშ სმეტოვიც ელოდება, ვისთანაც ორივე შეხვედრა წააგო.

სმეტოვთან ჯგუფში ქართველთაგან პაატა მერებაშვილი მოხვდა, ვისაც ნაღდად არ გაუმართლა - პირველ პაექრობას საკმაოდ ძლიერ ფრანგ ვალიდე ხიართან გამართავს, ანუ ჯგუფის თავში ფრანგი, ბოლოში - ყაზახი.

არც ლაშა გიუნაშვილს გაუმართლა - პირველ შეხვედრას სომეხთა ევროპის ორგზის ფინალისტთან, მსოფლიოს პრიზიორ ჰოვანეს დავთიანთან გამართავს, ამავე ჯგუფში კი მოხვდნენ მონღოლთა მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი ამარტუვშინ დაშდავაა და საშიში ყაზახი აშხატ ტელმანოვი.

თუმცა კიდევ უფრო მძიმე ხვედრი ლუხუმ ჩხვიმიანს ერგო - პირველად ანგარიშგასაწევ ფრანგ ადრიენ რაიმონდს დაეჭიდება. მას თუ მოუგებს, იქვე კიდევ უფრო ძლიერი ებრაელი არტიომ არშანსკია ჩასაფრებული (ის პირველ წრეში თავისუფალია), ჯგუფში კი აზერბაიჯანელი მსოფლიოს პრიზიორი ორხან საფაროვი და გერმანელი ტობიას ენგლმაიერიც არიან.

66 კგ
ამ წონაში ყველაზე მეტად საქართველოს ჩემპიონ ვაჟა მარგველაშვილის გამოსვლა გვაინტერესებდა, ვინც ბოლო შეჯიბრებებში დამაიმედებელ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მას სასტიკად არ გაუმართლა - პირველ წრეში იტალიელთა მსოფლიოსა და ევროპის მესამე პრიზიორი, ოლიმპიადაზე ბრინჯაოსთვის ნაჭიდავები ელიო ვერდე ელოდება, ხოლო მას თუ გაივლის, უკრაინელთა ქართველ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიას შეასკდება!

დიდად არც ამ წონის მეორე იმედისმომცემ ახალგაზრდას - თორნიკე თათარაშვილს გაუმართლა, თუმცა ასეთ ძნელ ბადეშიც არაა. ის პირველ წრეში თავისუფალია, მერე კი თურქ სინან სანდალს გაეჯიბრება. ამათ შორის მოგებულს პორტუგალიელ დიოგო ცეზარსა და აზერბაიჯანელთა მსოფლიოს პრიზიორ ნიჯატ შიხალიზადას შორის გამარჯვებული ელოდება.

მინდია ლილუაშვილი პირველ წრეში ბრიტანელ ლევის კებლეს დაეჭიდება, ამ წყვილის გამარჯვებულს კი რუსი იაკუბ შამილოვი ელოდება.

შალვა ქარდავა ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება სომეხ არსენ გაზარიანთან შეხვედრით. იმედია, მას უპრობლემოდ მოუგებს, მერე კი ფრანგ ჟულიენ ოტავიანსა და ესპანელ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ სუგოი ურიარტეს შორის მოგებულს დაეჭიდება. არადა, ამ ჯგუფში ტოპ-კლასის არც ერთი ფალავანი არაა.

73 კგ
წილისყრამ აქ სერიოზულად არ გაგვიმართლა - ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ერთ ჯგუფში მოხვდნენ, ანუ მათი გზები მეოთხედფინალში იკვეთება. ერთი მხრივ, ეს კარგია, რადგან მეგობრებს შორის დათმობა არ იქნება - სასწორზე მნიშვნელოვანი ლოტი დევს, მაგრამ მაინც აჯობებდა, ისინი ერთად არ ყოფილიყვნენ. მით უფრო, მეოთხე, უქართველებო ჯგუფი ძალიან სუსტია.

თუმცა ძლიერი არც ამ ჯგუფს ეთქმის - პირველ წრეში ორივე ისვენებს, მეორეში კი ტატალაშვილი ანგარიშგასაწევ თურქ ჰასან ვანლიოღლუს ხვდება, შავდათუაშვილი - შვედ ტომი მაციაშს.

მეოთხედფინალში გასასვლელად ტატალაშვილმა თურქმენ დოვლეტგელდი ტეჯენოვსა და ფრანგ გილიომ ჩაინეს შორის მოგებულსაც უნდა აჯობოს, ოლიმპიურმა ჩემპიონმა კი - პოლონელ დამიან ზვარნოვიცკისა და სომეხ ალბერტ მკრტიჩიანის წყვილში უმჯობესს.

ფრიდონ გიგანს პირველივე წრეში ლონდონის ოლიმპიადის ფინალში შავდათუაშვილის უნგრელი მეტოქე მიკლოშ უნგვარი ერგო, თუმცა ის 34 წლისაა და, ვფიქრობთ, ახალგაზრდა ქართველს მისი დამარცხება შეუძლია.

ზვიად კაპანაძე პირველ ორთაბრძოლას მეორე წრეში გამართავს დედით ქართველ ბერძენ გეორგიოს აზოიდისთან, მასთან წარმატების შემთხვევაში კი იტალიელ მარკო მადალონის ან მონღოლთა ოლიმპიურ პრიზიორ ნიამ-ოშირ საინჯარგალს გაეჯიბრება.

81 კგ
წილისყრა ამ წონაშიც ცუდად გვეხუმრა, რადგან ორი გამოკვეთილი ლიდერი - ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი ერთ ჯგუფში მოხვდნენ. თან ჭრიკიშვილს არცთუ უსახელო ხალხი ერგო. მისი მეტოქეების სიძლიერეზე ლაპარაკი პირობითია, რადგან ქართველი ყველასთან ფავორიტია, თუმცა კენჭისყრამ საგანგებოდ მოინდომა, სულის მოთქმის საშუალება რომ არ ჰქონოდა - ის პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში ბელორუს ევროპის ვიცე-ჩემპიონ ალექსანდრ სტიაშენკას დაეჭიდება, მერე მონღოლ დაგვასურენ ნიამსურენსა და ლატვიელ ევროპის პრიზიორ კონსტანტინ ოვჩინიკოვსს შორის მოგებულს შეხვდება.

უშანგი მარგიანი პირველ პაექრობას სომეხ დავით სარგსანთან ჩაატარებს, ამის შემდეგ კი სერბს, შვედ რობინ პაჩეკსა და უნგრელ ატილა უნგვარის სამეულში უმჯობესი ელოდება. აქედან მეოთხედფინალში გასული, შესაძლოა, რუსთა ევროპის ორგზის დაღესტნელ ჩემპიონ სირაზუდინ მაგომედოვს შეხვდეს, ვისაც ჭრიკიშვილი სულ უგებს.

ამბაკო ავალიანი პირველ პაექრობას მეორე წრეში გამართავს პორტუგალიაში გადასულ ანრი ეგუტიძესთან, ამათში მოგებულს კი რუს ალან ხუბეცოვსა და სომეხ ანდრანიკ ჩაპარიანს შორის გამარჯვებული ელოდება.

ამ წონის მეოთხე ქართველი გიორგი პაპუნაშვილიც მეორე წრეშია დაშვებული, სადაც უნგრელ სზაბოლც კრისჟანს შეხვდება. მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში ის უკრაინელ არტემ ვასილენკოსა და ეგვიპტელ მოჰამედ აბდელაალის წყვილის მოგებულს დაეჭიდება.

90 კგ
ამ წონაში ყველაფერი ისე დალაგდა, უკეთესს ვერ ვინატრებდით - ოთხივე ქართველი სხვადასხვა ჯგუფში გადანაწილდა, ანუ ნახევარფინალამდე "ქართული" შეხვედრა გამორიცხულია; ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლ-ბრინჯაოსმედალოსანი ვალერი ლიპარტელიანი ფინალამდე ასცდა უნგრელ მსოფლიოს ფინალისტ კრისტიან ტოტს და თანაგუნდელ ბექა ღვინიაშვილს.
ლიპარტელიანი და ღვინიაშვილი პირველ წრეში ისვენებენ.

ლიპარტელიანის პირველი მეტოქე აზერბაიჯანელი რამინ გურბანოვისა და ფრანგი ლუდოვიკ გობერტის პაექრობაში გამოვლინდება. ჯგუფის მეორე მხარეს უზბეკი შერალი ჯურაევი, რუსი ხუსეინ ხალმურზაევი, ყაზახი ასეტ ახმეტჟანოვი და თურქმენი ბატურ ჰოჯამუჰამედოვი მოხვდნენ - დაგვეთანხმებით, არც ერთი არაა იმ დონის, ჩვენებურმა რომ ვერ მოუგოს. მხოლოდ რუსს გამოვარჩევთ და ისიც იმიტომ, რომ მოზარდია, ყოველ სეზონში უმატებს.

მეოთხედფინალში ლიპარტელიანის სავარაუდო მეტოქეთა შორის ზვიად გოგოჭურიცაა, ვინც თავიდან თავისუფალია, ან უკრაინელი ვადიმ სინიავსკისა და ებრაელი ალონ სასონის შეხვედრას დააკვირდება მომდევნო მეტოქის შესასწავლად.

ტოტი ღვინიაშვილს მაინც ვერ ასცდა, ოღონდ არა ბექას, არამედ პაატა ღვინიაშვილს ხვდება - მეორე წრეში, ოღონდ მანამდე ჩვენებურმა სერბი დიმიტრი გერასიმენკო უნდა დაამარცხოს.

ბექა ღვინიაშვილის პირველ მოცილეს უზბეკი დავრონბეკ სატოროვის და შვედი იოახიმ დვარბის პაექრობა გამოავლენს. ამავე ჯგუფში მოხვდნენ რუსი გრიგორი სულემინი და აზერბაიჯანელი ტურალ შაფგულიევიც, ოღონდ ისინი ერთმანეთს ხვდებიან.

100 კგ
ალექსანდრე მსხალაძე თავიდან ისვენებს და ესტონელი გრიგორი მინასკინისა და რუსი დავიდ ბიტიევის შეხვედრას დაელოდება, სადაც მისი მეტოქე გაირკვევა. ძლიერთაგან ამ ჯგუფში გერმანელთა მსოფლიოს პრიზიორი კარლ-რიხარდ ფრეი მოხვდა.

იასონ ნემსაძე პირველივე წრეში სომეხ მიხაილ მინჩინს შეხვდება, ლაშა გურული - პოლონელ იაკუბ ვოიციკს, ალექსანდრე ზაალიშვილი - ებრაელ პეტერ პალჩიკს.

+100 კგ
პირველ წრეში ისვენებს კიდევ ერთი განთესილი ადამ ოქრუაშვილიც, მასთან შესახვედრად კი ყაზახი იერჟან სინკეიევი და უკრაინელი იაკიმ ხამო იჭიდავებენ. ამ ჯგუფში, სადაც თავად ოქრუაშვილია ფავორიტი, კიდევ სამი ფალავანია: მონღოლი ტამუულენ ბატულგა, ებრაელი ორ სასონი და ესტონელი იუჰან მეტისი.

ლევან მატიაშვილი მეოთხე ჯგუფშია და ოქრუაშვილს ფინალამდე ვერ შეხვდება. თავიდან ისიც ისვენებს, პირველ პაექრობას კი ყაზახ რუსლან აბდრაზაკოვსა და ბელარუს ალექსანდრ ვაკავიაკს შორის უმჯობესთან გამართავს. ჯგუფში მოხვდნენ რუმინელი ვლადუტ სიმიონესკუ, რუსი ასლან კამბიევი და აზერბაიჯანელთა ქართველი უშანგი კოკაური - ეს ბოლო ორი თავიდან ერთმანეთს ხვდება.

ძალიან არ გაუმართლა ონისე ბუღაძეს - პირველივე წრეში უზბეკთა მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურში და სამგზის ბრინჯაოს მედალოსანი პირადში, ოლიმპიადის ფინალისტი აბდულო ტანგრიევი ერგო.

ვახტანგ ოქრუაშვილი გერმანელ სვენ ჰაილეს ხვდება, მოგების შემთხვევაში კი რუმინელ დანიელ ნარტეას დაეჭიდება.

ქალთა ტურნირი
ქალთა შორის ერთადერთი მონაწილე გვეყოლება - ირინა ლეონიძე (+78). ის პირველ შეხვედრას უკრაინელ სვეტლანა იარომკასთან გამართავს, ჯგუფის ფავორიტი კი გერმანელთა ევროპის პრიზიორი იასმინ კულბსია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული