ესენიც იტყვიან თავიანთ სიტყვას - ქალთა ძიუდოს პერსპექტივა საქართველოში

AutoSharing Option
ფოტოზე: მარიამ ჯანაშვილი (მარცხნივ)
საქართველოში ძიუდო სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა. მრავალი ათეული წლის მანძილზე გულშემატკივარი განებივრებული იყო ჩვენი ძიუდოისტების წარმატებებით, თუმცა ეს ყველაფერი ხდებოდა და დღესაც ხდება ვაჟების ხარჯზე და სამწუხაროდ ქალთა ძიუდოს შესახებ პროფესიონალთა ვიწრო წრეს თუ არ ჩავთვლით, წარმოდგენაც კი ნაკლებად აქვს ვინმეს.

არადა, მსოფლიოში ქალთა ძიუდოს პოპულარიზაცია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო, უსწრაფესი ტემპებით განვითარდა და უმაღლეს დონეს მიაღწია. ისეთს, რომ დღეს წარმოუდგენელიც კია ვაჟთა და ქალთა ძიუდოს ერთმანეთისგან განცალკევება.

საერთაშორისო ფედერაციის მიერ თითქმის
იდეალურამდე აყვანილი სისტემით ტარდება ერთობლივი ტურნირები ყველა ასაკობრივ კატეგორიაში. გოგონები და ვაჟები გვერდი-გვერდ ტატამებზე იბრძვიან წარმატებისთვის, რაც დამატებით ხიბლს სძენს შეჯიბრებებს და უაღრესად უწყობს ხელს სპორტის ამ ულამაზესი სახეობის პოპულარიზაციას.

ძნელი სათქმელია, ზემოხსენებული სისტემის ბრალია თუ 21-ე საუკუნის ინტერნეტიზაციას და გლობალიზაციას უნდა მივაწეროთ, მაგრამ ფაქტია, რომ ძიუდოთი ნელ-ნელა ქართველი გოგონებიც დაინტერესდნენ. ეს გულშემატკივარისთვის ორმაგად გასახარია. ჯერ ერთი, ჩვენი ქართული გენი გამორიცხულია მხოლოდ ვაჟებზე ვრცელდებოდეს და გოგონებშიც არ ჰპოვოს ასახვა და მეორეც, რაც უმნიშვნელოვანესია - ქალთა ტურნირებშიც ვაჟების მსგავსად ზუსტად 7 წონით კატეგორიაში თამაშდება უმაღლესი სინჯის მედლები.

საქართველო, რომელიც ყველა დიდ ფორუმზე ძირითადად სპორტის რამდენიმე სახეობის იმედზეა, ცალსახად უნდა იყოს დაინტერესებული სავარაუდო მედლების მომტანი სახეობების განვითარებით.

ქართველ ძიუდოისტ ქალთაგან, პირველი, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე გაიკვლია გზა მძიმეწონოსანი თეა დონღუზაშვილი გახლდათ. სამწუხაროდ, 90-იან წლებში ქვეყანაში შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობის გამო, თეა იძულებული შეიქნა რუსეთში გადასულიყო და ყველა ტიტული, მათ შორის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალიც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის სახელით მოიპოვა.

დონღუზაშვილის წარმატებებმა ქართველი გოგონების შესაძლებლობებზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მესვეურები და ცნობილი სპეციალისტები დააფიქრა და რამდენიმე წლის წინათ დასახული მიზნის განხორციელება გადაწყდა - შეექმნათ ძლიერი და კონკურენტუნარიანი ქალთა ნაკრები.

საქმის წინამძღოლობა წარსულში ცნობილმა ძიუდოისტმა, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა გია თენაძემ ითავა და აგერ უკვე მერამდენე წელია ის და მისი თანაშემწე კახა მოცრაძე მუხლჩაუხრელად შრომობენ და სპორტსმენებთან ერთად თავდაუზოგავი ვარჯიშით გეგმაზომიერად ჭედავენ ქალთა ძიუდოს მომავალს.

დღესდღეობით, თბილისის შემდეგ, ქალთა ძიუდოს სექცია ყველაზე ნაყოფიერად აჭარაში ფუნქციონირებს. მთავარი მწვრთნელი ნანა კირკიტაძე თანამოაზრეებთან ერთად ხელვაჩაურის რაიონის სოფლის სკოლაში გახსნილ ბაზაზე ნამდვილ საოცრებებს სჩადის და შესანიშნავი სასელექციო მუშაობით დაუზარელად ამარაგებს ქვეყანას ახალ-ახალი ტალანტებით.

ასევე ქალთა ძიუდოს მნიშვნელოვანი კერა გვაქვს კახეთის რეგიონში და რაღა თქმა უნდა, აღსანიშნავია ქართული ძიუდოსა და ჭიდაობის მექად მიჩნეული ქალაქი გორის სპორტული სკოლა, სადაც ძირითადად გადის კიდევაც ქალთა ნაკრები ერთობლივ წვრთნებსა თუ შეკრებებს.

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სპეციალისტების შრომა ნელ-ნელა ნაყოფს იღებს. იკვეთება ის შემადგენლობა, რომელმაც შემდგომ ოლიმპიურ ციკლში სათანადო კონკურენცია უნდა გაუწიოს წამყვანი ქვეყნების ნაკრებებს და ღირსეულად უნდა შეაბიჯოს მსოფლიო ძიუდოს დიდ ოჯახში. ასეთი იმედიანი პროგნოზის საფუძველს გვაძლევს ჩვენი გოგონების ასაკი, მათი პროფესიონალიზმი და ნაჩვენები შედეგები. ასევე ძიუდოს უსაზღვრო სიყვარული, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია დიდი წარმატების მიღწევაში.

საქართველოს ქალთა ნაკრების უმთავრეს იმედად ცალსახად უნდა მივიჩნიოთ ამომავალი ვარსკვლავი, 19 წლის მარიამ ჯანაშვილი. მან ამ დროისთვის უკვე მოასწრო შესაბამის ასაკებში უდიდესი ტიტულების მოპოვება. 52 კგ წონით კატეგორიაში მარიამი ატარებს 2013 წლის მსოფლიო ვიცე-ჩემპიონის ტიტულს იუნიორთა შორის. არის იმავე წლის იუნიორთა ევროპის ჩემპიონი და ევროპის ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს მედალოსანი. 2014 წლის ზაფხულში კი ჩინურ ნანძინში ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღო მონაწილეობა.

თავისი პოტენციალით მარიამ ჯანაშვილი შეგვიძლია შევადაროთ ვაჟების ნაკრების ახალგაზრდა ლიდერს - ბექა ღვინიაშვილს. მას ბექას მსგავსად აქვს ყველა მონაცემი საიმისოდ, რომ დიდი სპორტსმენი დადგეს და საქართველოს არაერთი სიხარული მოუტანოს. ამის დასტურია ქართული სპორტული სამყაროს მხრიდან მისი აღიარებაც - 2013 წელს მარიამი ქვეყნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად დასახელდა.

ამჟამად ჯანაშვილი ორივე მუხლზე გადატანილი უმძიმესი ოპერაციების შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის და თუ ყველაფერი მის სასიკეთოდ წარიმართა, არ არის გამორიცხული, რიოს 2016 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის ბრძოლაში ჩართვაც შეძლოს.

48 კგ
აუცილებლად აღნიშვნის ღირსია -48 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 19 წლის ოლიკო ალადაშვილი. თავიდანვე პერსპექტიულმა გოგონამ ბოლო ერთი წლის მანძილზე განსაკუთრებით მოუმატა და ნელ-ნელა ჩამოყალიბდა გუნდის ერთ-ერთ ლიდერად. მისი ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ჭიდაობის სტილი ნამდვილად იძლევა სამომავლო წარმატების იმედს.

52 კგ
52 კგ-ში მარიამ ჯანაშვილის გარდა კიდევ რამდენიმე გოგონაა გამოსარჩევი. უპირველესად ეს გახლავთ 16 წლის მზია ბებოშვილი, ვინც 2013 წელს საქართველოს ქალთა შორის ისტორიული მედალი-იუნიორებში პირველი ევროპული ბრინჯაო მოუპოვა.

Sportall.Ge
ფოტოზე: მზია ბებოშვილი (მარჯვნივ)
ასევე უნიჭიერესი სპორტსმენი აჭარის რეგიონიდან 16 წლის ნინო მგელაძე და 17 წლის პერსპექტიული სალომე მარგიანი.

57 კგ
57 კგ-ში უპირობო ლიდერია 19 წლის სალომე აბაშიძე. ის საკმაოდ სტაბილური ძიუდოისტია, უაღრესად მებრძოლი და არის ის იმედი, ვისაც შეიძლება დაეყრდნო და ივარაუდო, რომ მედალს გააკეთებს. სალომეს ბოლო ხანს სერიოზული კონკურენტიც გამოუჩნდა - 15 წლის მარიამ ჭანტურია, ვინც თუ ასე გააგრძელებს პროგრესირებას, მალე უპირველეს ფავორიტად მოგვევლინება.

63 კგ
63 კგ-ში ჩვენი იმედები მარიამ ჯანაშვილის უმცროს დას-18 წლის ხატია ჯანაშვილს უკავშირდება. ფიზიკური ძალით და აგრესიული ჭიდაობით გამორჩეული უმცროსი ჯანაშვილი გამსაკუთრებულ სიმპათიებს იმსახურებს. სწორი ვარჯიშით და სათანადო მონდომებით ხატიას შეუძლია ანგარიშგასაწევ ძიუდოისტად ჩამოყალიბება. აქვე არიან გამოცდილი შორენა შარაძე და მზარდი ელისო სისაური.

70 კგ
70 კგ-ში ნამდვილ აღმოჩენად იქცა 17 წლის ნია ნატროშვილი. ილიადისის თასზე საბერძნეთში, მისი ჭიდაობა სპეციალისტებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. მასზე მომავალშიც გაკეთდება აქცენტი, რადგან ნიას უცილობლად შეუძლია ნაკრებში ამ წონის ლიდერად იქცეს. ამ წინსვლაში კი მას აუცილებლად წაადგება უძლიერეს კონკურენტებთან - თეონა სუხიტაშვილთან და სალომე მჭედლიშვილთან პაექრობა.

მძიმე წონა
მძიმე წონაში გვყავს 20 წლის ელენე ქებაძე, რომლის ჭიდაობა თვით რუსეთის ნაკრების ახლანდელმა მწვრთნელმა თეა დონღუზაშვილმა მოიწონა და საგანგებოდ გამოარჩია.
Sportall.Ge
ფოტოზე: ელენე ქებაძე (მარცხნივ)
ასევე არ შეიძლება არ აღინიშნოს 16 წლის სოფიო სომხიშვილი, ვინაც ყველას გასახარად ზემოხსენებულ ნინო მგელაძესთან ერთად მარტის დასაწყისში ანტალიის იუნიორთა ძლიერ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩამოთვლილი სპორტსმენების გარდა მოდის კარგი თაობა 1999 და შემდგომ წლებში დაბადებულთა შორის: ეთერ ლიპარტელიანი, ტატა ყიფშიძე, ანი ხუნჯუა და სხვები.

ამ ზაფხულს თბილისში გასამართავ ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე კიდევ ერთხელ მოგვეცემა ამ გოგონების ნახვის საშუალება და ყველა შეძლებს დარწმუნდეს მათ ნიჭიერებაში. ყოველივე ზემოთქმული გვაძლევს იმის საფუძველს, რომ იმედიანად ვუყუროთ ქართულ ქალთა ძიუდოს მომავალს.

ქართული გენი არის ის ფენომენი, რაც უსათუოდ იჩენს თავს და ჩვენი გოგონებიც ვაჟების მსგავსად იტყვიან თავის სიტყვას ევროპისა თუ მსოფლიო სარბიელზე.

ირაკლი რანდელი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძიუდო არა კვატი. ქალი კუხნაში!!!!
idioti
19:33 10-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული