ბაქოს ტურნირი ჩვენი ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებისთვის არც შედეგებით აღმოჩნდა დიდად წარმატებული, მაგრამ კინაღამ დათარსულიც გამოდგა - ტრავმა მიიღო უშანგი მარგიანმა (81), რომელმაც ამის გამო იქ ფინალში ჭიდაობა ვერ შეძლო, ახლა კი მასტერსის შეჯიბრებასაც გამოტოვებს.
თუმცა ეს არაა ამ წონაში ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძის ერთადერთი პრობლემა - კორეაში მიმდინარე ერთობლივ შეკრებაზე დაშავდა ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილიც. საბედნიეროდ, მისი ტრავმა ისე სერიოზული არ აღმოჩნდა და სადღეისო მონაცემებით, ათიოდ დღეში გასამართავ მასტერსზე უნდა
მოგეხსენებათ, ჩვენი ნაკრები აპრილის დასაწყისში სეულში გაემგზავრა ერთობლივ შეკრებაზე. ჭრიკიშვილსაც პირველად იქ მიუღია პირველი დაზიანება, რასაც ჰემატომა გამოუწვევია. ბედის ირონიით, ფეხბურთის თამაშისას (რაც საშეკრებო ვარჯიშების შემადგენელი ნაწილია) იგივე ფეხი გადაბრუნებია, თუმცა მისი უიღბლობა არც ამით დასრულებულა და სპარინგისას კორეელ მეტოქეს ისევ იმავე ფეხზე მიურტყამს...
როგორც ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა გვითხრა, თავიდან თურმე შეეშინდათ, სერიოზული ტრავმა არ იყოსო. სპორტსმენი იქვე გამოუკვლევიათ, რაშიც ჩვენი გუნდისთვის დიდი დახმარება გაუწევია სამხრეთ კორეაში ჩვენს ელჩს, ნიკოლოზ აფხაზავას, საელჩოს თანამშრომლებს - გიორგი ხაბელაშვილს, ირაკლი ნაჭყებიას და სხვებს. მათ მაქსიმალური ყურადღება გამოუჩენიათ სპორტსმენებისადმი და თავიდან ბოლომდე გვერდში დასდგომიან, რისთვისაც ძიუდოს ფედერაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობის წერილიც გაუგზავნა.
საბედნიეროდ, ჭრიკიშვილს გაწყვეტილ-გაგლეჯილი არაფერი აღმოაჩნდა და მასტერსზე უნდა იჭიდაოს.
აი, ცოტა რთულადაა მარგიანის მდგომარეობა, თუმცა აქაც ბევრად რთულ ტრავმას ელოდნენ. უკვე თბილისში ჩატარებული გამოკვლევებით მას მარცხენა ფეხზე ერთბაშად ორი ტრავმა აღმოაჩნდა - მედიალური მენისკი და კოლატერალური იოგიც ნაწილობრივ დაზიანებულია. ცხადია, მათ მოშუშებასაც გარკვეული დრო და სწორი მკურნალობა სჭირდება, მაგრამ რაც მთავარია, ათლეტი საოპერაციო არაა.
ეს ტრავმა მას უკვე მეორე შეხვედრაშივე მიუღია ავსტრიელ მარსელ ოტისთან. არადა, ამის შემდეგ კიდევ ორი შეხვედრა მოიგო. მათ შორის - ერთი იაპონელ გოკი მარუიამასთან. თან მას ორი ვაზარი ჩაუტარა, თუმცა პირდაპირ რეპორტაჟებში კოჭლობისა არაფერი ეტყობოდა.
ახლა ისიც გასაგებია, ნახევარფინალში რატომ გაუჭირდა არცთუ ისე ძლიერ გერმანელ დომინიკ რესელთან.
დიდი რისკის ფასად შეიძლებოდა, მას 10-ოდე დღეში მასტერსზეც ეჭიდავა, მაგრამ ეს გაუმართლებელი რისკი იქნებოდა. მწვრთნელებმა სავსებით სამართლიანად ამჯობინეს, არ გარისკონ, დაასვენონ, უმკურნალონ და ივნისში ისევ ბაქოში ჩასატარებელი ევროპული თამაშებისთვის მოამზადონ.
როგორც უზნაძემ და კახაბრიშვილმა გვითხრეს, მანამდე ის აუცილებლად მოასწრებს არა მარტო გამოჯანმრთელებას, ფორმაში შესვლასაც - ღმერთმა დაიფაროს და რამე ახალი პრობლემა თუ არ გამოხტა.
მასტერსის ტურნირი 23-24 მაისს მაროკოში, ქალაქ რაბათში ტარდება. იქ გამოსვლა კვოტირებულია - საერთაშორისო რეიტინგის 16 საუკეთესო სპორტსმენი გამოდის. ჩვენებიდან იქ გამოსვლა 8 სპორტსმენმა გაინაღდა: ამირან პაპინაშვილმა (60), ნუგზარ ტატალაშვილმა (73), მარგიანმა, ჭრიკიშვილმა (ორივე - 81), ვალერი ლიპარტელიანმა, ბექა ღვინიაშვილმა (90), ადამ ოქრუაშვილმა და ლევან მატიაშვილმა (+100).
ლაშა შავდათუაშვილი (73) სათადარიგოებში მოხვდა - ლიცენზირებულთაგან რამდენიმემ იუარა მონაწილეობა და ის უკვე ოფიციალურად მიიწვიეს რაბათში, რაც ჩვენს ფედერაციაში მოსული ფაქსით დასტურდება. თუმცა რადგან მარგიანი ვერ იასპარეზებს, მაროკოში მაინც 8 სპორტსმენით წავალთ.
საინტერესოა, რომ ჭრიკიშვილი, ლიპარტელიანი და ღვინიაშვილი სეულში დარჩნენ - ისინი ისევ აგრძელებენ უცხოურ შეკრებას და მასტერსზეც იქიდან ჩავლენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"