საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები რაბათში მასტერსის ტურნირში იჭიდავებს

AutoSharing Option
ამ დილით საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების ნაწილი სტამბოლის გავლით მაროკოში გაფრინდა.

ნაკრები 23-24 მაისს ქალაქ რაბათში მასტერსის ტურნირში იჭიდავებს. მოგეხსენებათ, ეს შეჯიბრება ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრესტიჟულია ძიუდოში - ავტორიტეტითა და სარეიტინგო ქულებით მხოლოდ ოლიმპიადას და მსოფლიოს ჩემპიონატს ჩამორჩება, საპრიზო ფონდით კი მსოფლიოს ჩემპიონატს უტოლდება - ორივეს თანხა 200 000 დოლარია. თუმცა მას ყველა დანარჩენი ტურნირისგან ერთი მკვეთრი ნიშანიც გამოარჩევს - აქ მონაწილეობა კვოტირებულია, პერსონალურად იწვევენ მხოლოდ საერთაშორისო რეიტინგის 16 მოწინავე ძიუდოისტს.

წლეულს ჩვენგან იქ გამოსვლის უფლება 9 სპორტსმენმა მიიღო, თუმცა
ერთმა - უშანგი მარგიანმა (81) ბაქოში, "დიდ მუზარადზე" მენისკი დაიზიანა და ამ შეჯიბრებას გამოტოვებს. გამაყუჩებლებით ახლაც იჭიდავებდა, მაგრამ მწვრთნელებმა და ექიმებმა სრულიად გამართლებულად არ გარისკეს. ის მკურნალობის კურსს გადის, თან მსუბუქად ვარჯიშობს და ივნისში ისევ ბაქოში ჩასატარებელი პირველი ევროპული თამაშებისთვის ემზადება. ამდენად, რაბათში 8 ფალავანი გვეყოლება.

ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძესთან ერთად გუშინ ჩრდილოეთ აფრიკაში მსოფლიოს პრიზიორი და ევროპის ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი (60), ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი და თბილისის "დიდი მუზარადის" წლევანდელი გამარჯვებული, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი ლევან მატიაშვილი (+100) გაემგზავრნენ, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ორგზის გამარჯვებული ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ასევე ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი და ჩვენი ტურნირის კიდევ ერთი წლევანდელი ჩემპიონი, ახალგაზრდებში ევროპა-მსოფლიოს მომგები ბექა ღვინიაშვილი (ორივე - 90) სეულიდან ჩავლენ, სადაც შეკრებაზე იმყოფებიან.

მოგეხსენებათ, ჩვენმა ნაკრებმა იქ ერთობლივი შეკრება გაიარა, ამ სამეულმა კი კიდევ რამდენიმე დღით გააგრძელა ის.

რაბათში პარასკევს აწონვაა, შაბათს კი ვაჟებიდან 60, 66 და 73, ხოლო ქალებიდან 48, 52 და 57 კილოგრამის წარმომადგენლები იჭიდავებენ. დანარჩენები კვირას იასპარეზებენ და ამით ტურნირიც დამთავრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ბიჭებს...
besik61
11:38 22-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული