ვიზერი და ბარკოსი თბილისში

AutoSharing Option
ვერ გეტყვით, რამდენი ტიტულოვანი ფალავნი ჩამოვა 29-30 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში გასამართ ძიუდოისტთა მსოფლიოს თასზე, მაგრამ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციიდან კი უმაღლესი რანგის სტუმრები გვეწვევიან - პრეზიდენტი მარიუს ვიზერი და მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე ხუან კარლოს ბარკოსი. ჯერჯერობით უცნობია მათი ჩამოსვლის ზუსტი თარიღი, თუმცა მასპინძელთა სურვილია, მინიმუმ, ერთი დღით ადრე მაინც გვესტუმრონ, რათა შეძლებისდაგვარად, მოინახულონ ქვეყნის ღირსშესანიშნაობები. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სტუმართა შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტთან.

ამ რანგის ხალხის ჩამოსვლა ყოველთვის საინტერესოა. მით უფრო, საქართველო არც ისე განებივრებულია ამ მხრივ, მაგრამ ეს სტუმრობა კიდევ
უფრო დიდ ინტერესს სადღეისო გადასახედიდან იწვევს. ჩვენი ქვეყანა აქამდეც იყო მსოფლიო თუ ევროპული სპორტული ოჯახის ღირსეული წევრი, მაგრამ ახლა მათ ურთიერთობაში ახალი ეტაპი ჩნდება - აქამდე თუ აქტიურად და წარმატებით ვმონაწილეობდით უცხოურ შეჯიბრებებში, უკვე თავად გვიჩნდება ტურნირების მასპინძლობის სურვილი.

ეს ტენდენცია კიდევ უფრო შეუქცევადი გახადა "თბილისი 2015" კამპანიაში გამარჯვებამ - რაკიღა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა მოვიპოვეთ, გვინდა არ გვინდა, მანამდე სატესტო რეჟიმში მთელ რიგ სპორტულ ღონისძიებებს უნდა ვუმასპინძლოთ. ეს გვჭირდება როგორც საორგანიზაციო საკითხებში გასაწაფავად, ასევე ახალაშენებული ბაზების გამოსაცდელად. ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს მუშაობა - რამდენიმე სახეობაში ფიქრობენ ევროპული და მსოფლიო მასშტაბის შეჯიბრებების მასპინძლობას. იქნებ ეს ყოველთვის არ იყოს ევროპის და მსოფლიოს პირველობა და იყოს შედარებით დაბალი რანგის ტურნირი, ან ლაპარაკი არ იყოს უფროსებზე და იგეგმებოდეს ახალგაზრდებში, მაგრამ ფაქტია, საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებათა ჩატარება მოგვიწევს, საამისოდ კი ბრძოლაა საჭირო.

ცხადია, ამ სახეობათა შორის ძიუდოცაა, თუმცა ეს მხოლოდ საჭიდაო სახეობებს არ ეხებათ, რომლებზედაც მოდის ბოლო წლების მედალთა უმეტესობა. ოლიმპიური სახეობებიდან ყველაზე დიდი სატურნირო გარღვევა აქამდეც ძიუდოში გავაკეთეთ - 2009 წელს ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ უფროსებში და მაშინვე გახდა ცნობილი, რომ საქართველო ამაზე გაჩერებას არ აპირებდა. მალევე დაიწყო ლაპარაკი უფროსთა მსოფლიოს პირველობის გამართვაზე, მაგრამ ამ საქმეს ფინანსური მხარე აფერხებს - მისი მასპინძლობისთვის 2 მილიონი დოლარია გადასახდელი, ეს კი ნამდვილად არაა ცოტა თანხა. დაინტერესების შემთხვევაში სახელმწიფო ამ ფულის გამოყოფას კი მოახერხებს, მაგრამ სპორტის მმართველნი მიიჩნევენ, რომ "ჩიტი ბდღვნად არ უღირთ". ამხელა თანხით ქვეყნის შიგნით ბევრად უკეთეს საქმეებს გავაკეთებთ ქართული სპორტისთვისო, ამბობენ ისინი.

თუმცა მთლად მსოფლიოს პირველობა თუ არა, გარკვეული რანგის საერთაშორისო ტურნირების ჩატარება ძიუდოში მაინც მოგვიწევს, ამ საქმეში კი ვიზერს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია. რუმინელი მოხელე წლების განმავლობაში რჩება საქართველოს დიდ მეგობრად. მას ძალიან ახლო ურთიერთობა - საქმიანიც და მეგობრულიც - აკავშირებდა ჩვენებთან ჯერ კიდევ ევროპული ფედერაციის პრეზიდენტობიდან მოყოლებული, ეს კეთილგანწყობა კი არც საერთაშორისო ფედერაციაში გადანაცვლების შემდეგ შეცვლილა. მეტიც - მეგობრული დამოკიდებულება არა მხოლოდ ძიუდოში ვლინდება და ვიზერმა საკმაოდ დიდი როლი შეასრულა იმავე "თბილისი 2015" საარჩევნო კამპანიაში, უშუალოდ წლისყრისასაც. როგორც საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ამბობენ, რამდენიმე ხმა მან პირადი კონტაქტებით მოგვაპოვებინა, რაც ფასდაუდებელი სამსახურია. ვიზერის როლი მუდამ დიდი იყო თბილისის მსოფლიოს თასის ცხოვრებაში - მისთვის წოდებისა და რანგის, სალიცენზიო სტატუსის შენარჩუნებაში. მისივე პირადი კონტაქტებით მოხერხდა ჩვენი ნაკრების დაშვება მსოფლიოს შარშანდელ გუნდურ პირველობაზე, წლეულს კი მფარველად ჩვენებურ მსაჯებსაც ევლინება.

ბუნებრივია, ვიზერი არც ახლა ჩამოვა მხოლოდ ტურნირისთვის. თანაც, ქართული მხარე, კონკრეტულად კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მის დასახვედრად საგანგებოდ ემზადება - სიღნაღში ექსკურსია და კულტურული ძეგლების გაცნობა ამ გეგმის მხოლოდ ნაწილია. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, დადგება თუ არა ამ ვიზიტისას რომელიმე პირველხარისხოვანი ტურნირის საქართველოში გამართვის საკითხი, მაგრამ ვფიქრობთ, ამ ეტაპზე მთავარი ნიშანსვეტი მაინც ოლიმპიადაა - იქამდე არც ისე დიდი დრო დარჩა. დასამალი არავისთვისაა, რომ ოლიმპიადებზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსაჯთა თუ საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელთა კეთილგანწყობას, ახლანდელ შემთხვევაში კი ისიც გავითვალისწინოთ, რომ ვიზერთან ერთად მსაჯთა ხელმძღვანელი, ესპანელი ბარკოსიც ჩამოდის - ესეც საყურადღებო ფაქტია.

თუმცა ზემოთქმულს მთლად მედლების ყიდვამდეც ნუ დავახურდავებთ - მსაჯებმა რომ არ დაგჩაგრონ და ობიექტურად განსაჯონ, ესეც ძალზე დიდი საქმეა.

თუმცა ამ მერკანტილური მიზნების გარდა, არსებობს ზოგადი ფაქტორიც - როცა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი რომელიმე ქვეყანაში ჩადის, ესე იგი, პატივს სცემს და აღიარებს მას, როგორც თავისი ორგანიზაციის ღირსეულ წევრს.

სამწუხაროდ, საქართველოში ამ რანგის მოხელენი არც ისე ხშირად ჩამოდიან, ვიზერის ვიზიტი კი, ვიმედოვნებთ, წარმატებული იქნება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"







.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული