ძიუდო. ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე

AutoSharing Option
ფოტოზე: საქართველოს პირველი მედალი სარაევოში ვანო ხუბაშვილმა მოუტანა
5 აგვისტოს ბოსნიურ სარაევოში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, ჩვენმა სპორტსმენებმა კი ერთი ბრინჯაო მოიპოვეს - მას ვანო ხუბაშვილი (55) დაეუფლა.

დღეს, 6 აგვისტოს, მსოფლიოს ჩემპიონატში ბიჭებიდან 60-66-ის, გოგოებიდან კი 48-52-ის წარმომადგენლები ჩაებმებიან, ჩვენ კი 5 მონაწილე გვეყოლება - 2 ბიჭი და 3 გოგონა. თუმცა ყველა ტიტულოვანია და ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის.

დღეს იასპარეზებენ ევროპული ფესტივალის გამარჯვებული და ევროპის მესამე პრიზიორი რობინზონ ბეგლარაშვილი (60), ფესტივალისა და ევროპირველობის ბრინჯაოსმედალოსანი
ბაგრატ ნინიაშვილი
(66), ფესტივალის მესამე პრიზიორი ნატალია ყიფშიძე (48), ფესტივალისა და ევროპის ჩემპიონი მზია ბებოშვილი და ევროპის მეხუთეადგილოსანი ნინო მგელაძე (ორივე - 52).

ბეგლარაშვილი მეორე წრეში რუმინელ ფლორინ სელეას ხვდება, ამ წყვილში გამარჯვებული კი ჰოლანდიელ ლარს კამპხუისსა და ბოსნიელ იურე ზოვკოს შორის უძლიერესს დაეჭიდება. ქართველმა ჰოლანდიელს წინა კვირას თბილისში მოუგო ფესტივალზე და ბრინჯაოს დააჯერა.

ვნახოთ, შეხვდება თუ არა ნახევარფინალში ბეგლარაშვილს რუსი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ახმედ ბოგატირევი და რაც მთავარია, თუ აუღებს მას რევანშს წლევანდელ ევროპირველობაზე მარცხისთვის.

ნინიაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთვება, მისი მეტოქე კი არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელ ხალიფა ალჰოსანისა და რუმინელ ადრიან სტოიკას პაექრობაში გამოვლინდება. ამავე ჯგუფშია ევროპის წლევანდელი ავსტრიელი ვიცე-ჩემპიონი მატიას ჩზიზცეკი, თუმცა ჩვენებური მას მეოთხედფინალამდე არ ხვდება.

განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენი გოგონების გამოსვლა, რომლებმაც თბილისში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჩინებულად იასპარეზეს და მომავლის უდიდესი იმედი ჩაგვისახეს.

ყიფშიძე თავიდან ყაზახ მერუერტ სარსენოვას ხვდება, ამათში მოგებულს კი მეორე წრეში ბრაზილიელი გაბრიელა კლემენტე ელოდება.

ბებოშვილი პირველ წრეში ისვენებს, მისი კონკურენტი კი მონღოლი უმბანიამ ნოროვისა და თურქმენ ანგელინა ფილიპოვას პაექრობაში გამოვლინდება. ამავე ჯგუფშია ჰოლანდიელი ლისა დენგი, რომელსაც ქართველმა ევროპირველობის ფინალში აჯობა, თუმცა მას ამჯერად მეოთხედფინალამდე არ ხვდება.

ევროპაზე ბრინჯაოსთვის ნაჭიდავები მგელაძე ბადის მეორე მხარესაა, პირველ ბრძოლას კი მეორე წრეში გამართავს ჰოლანდიელ იისე ბურენთან, რომელსაც ბებოშვილმა თბილისში ფესტივალის ფინალში მოუგო. ბურენს თუ გასცდება, მერე, შესაძლოა, ხორვატთა ევროპის მესამე პრიზიორი ტეა ტოპოლოვეცი შეხვდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული