ჩვენს ნაკრებთან ერთად იქ სამხრეთკორეელებიც ემზადებოდნენ ერთი-ორი ლიდერის გამოკლებით და იყვნენ ჩეხებიც, პერიოდულად კი სავარჯიშოდ იაპონიის ეროვნული ნაკრების წევრებიც მიდიოდნენ. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე კმაყოფილია ამ შეკრებით. ნაკრები ჯერჯერობით თბილისშია, 7 აგვისტოს კი ლიკანში გაემგზავრება დასკვნით შეკრებაზე.
როგორც უზნაძემ და გუნდის ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა გვითხრეს, ტრავმების მხრივ სერიოზული გართულება არაა, თუმცა პატარ-პატარა პრობლემები მაინც არისო.
ყველაზე რთულად ისევ უშანგი მარგიანია
თბილისშივე გამოიკვლიეს გერმანიიდან დაბრუნებული ეროვნული ნაკრების კანდიდატი გურამ თუშიშვილიც (100), რომელმაც წინა უქმეებზე ბერლინში ახალგაზრდების ევროთასზე მძიმე წონაში იჭიდავა, თუმცა ტრავმის გამო ფინალში ვერ იასპარეზა. როგორც ვწერდით, მაშინ მას კოჭი უტკენია, თუმცა ახლა ირკვევა, რომ ხელიც დაჭიმვია - ეტყობა, ჯერ მაინც შეუჩვეველია დიდ დატვირთვებს. სავარაუდოდ, ის 10-ოდ დღეში სრულად დაიტვირთება, მზადებას კი ახალგაზრდებთან გააგრძელებს. მას საგანგებო მკურნალობას და სავარჯიშო გრაფიკს გაუწერენ, რათა რეაბილიტაცია დროულად და სწორად წარიმართოს.
სარეაბილიტაციო პროცესი თითქმის დაასრულა ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონმა მარიამ ჯანაშვილმა (57). მან უკვე ჩაატარა საკონტროლო შეხვედრები და ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, თუმცა მასაც საგანგებო გეგმით გაუზრდიან დატვირთვებს. ვარაუდობენ, რომ სექტემბერში ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე მის გამოსვლას ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს, თუმცა ის ეროვნული ნაკრების თვალთახედვის არეშიცაა და სალიცენზიო შეჯიბრებებშიც უპირებენ გამოცდას.
დასასრულ, ისევ ეროვნულ ნაკრებსა და მსოფლიოს ჩემპიონატს დავუბრუნდეთ, რომელიც 24 აგვისტოს იწყება ასტანაში. ჩვენი ნაკრები ყაზახეთში ორ ეტაპად გაემგზავრება: 18 აგვისტოს წავლენ ფალავნები 81 კილოგრამის ჩათვლით და მწვრთნელები, ხოლო დანარჩენები 22-ში დაადგებიან იმავე გზას.
უზნაძეს პირად პირველობაში ისევ ის 9 ფალავანი მიჰყავს, რომლებმაც ბაქოში პირველ ევროპულ თამაშებზე იასპარეზეს, გუნდურისთვის კი მათ ვაჟა მარგველაშვილი (66) დაემატება. ერთი მონაწილე გვეყოლება ქალთა ტურნირშიც - ესტერ სტამი (70).
ვაჟებში პირად პირველობაში მონაწილე კვლავ არ გვეყოლება ორ წონაში - 66-სა და 100-ში. ამ წონებში ჩვენი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ყველა დიდ ტურნირში იჭიდავებენ, რადგან რეიტინგში ქულები ჰაერივით სჭირდებათ.
ვაჟები
60 კგ. ამირან პაპინაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი
81 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი
90 კგ. ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი
+100 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი
გუნდური
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი
ქალები
70 კგ. ესტერ სტამი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"