ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღე: ჩემპიონი ანი

AutoSharing Option
25 აგვისტოს, ასტანაში, ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს, ვაჟთაგან მხოლოდ 66 კილოგრამის ფალავნები ჭიდაობდნენ, სადაც ჩვენს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავს.

ამიტომ მხოლოდ უკრაინის სახელით მოასპარეზე ჩვენს თანამემამულე გიორგი ზანთარაიას თუ ვუქომაგებდით, მაგრამ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ქომაგები გაგვაწბილა - პირველსავე შეხვედრაში ებრაელთა მომავალ მესამეპრიზიორ გოლან პოლაცკისთან დამარცხდა და გავარდა.

პირველი დღის წარმატების შემდეგ, როცა 60 კილოგრამში ყაზახური ფინალი გაიმართა, მასპინძლებს გუშინაც მიეცათ წარმატების იმედი, რადგან იელდოშ ჟუმაკანოვი ნახევარფინალში გავიდა, თუმცა საბოლოოდ საერთოდ უმედლოდ დარჩნენ - ჟუმაკანოვი ჯერ რუს მიხაელ პულიაევთან
დამარცხდა, ბრინჯაოსთვის პაექრობა კი გამოცდილ და მრავალნაცად უზბეკ რიშოდ სობიროვთან წააგო.

მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთკორეელი ბაულ ანი გახდა, რომელსაც თავიდან ვერც მოგებას დაუგეგმავდი, მაგრამ ვერც მოულოდნელ გამარჯვებულს უწოდებ, იმდენად მზარდი და ძლიერი ახალგაზრდაა.

21 წლის ანი წლეულს აზიის ვიცე-ჩემპიონი გახდა - ფინალი იაპონელ ტომოფუმი ტაკაჯოსთან დათმო. ამდენად, გამოუცდელსაც ვერ უწოდებ, თუმცა უმთავრეს ფავორიტებად მაინც სხვები - იგივე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ზანთარაია, იაპონელთა მსოფლიოს სამგზის გამარჯვებული, ოლიმპიური პრიზიორი მასაში ებინუმა და ამ რანგის ტიტულოვანი ვარსკვლავები მიიჩნეოდნენ.

თუმცა კორეელი უძლიერესი ჯგუფიდან ღირსეულად გავიდა - ვაზარებით მოუგო რუსთა ტაბასარანელ (დაღესტნელთა ეთნიკური ჯგუფია) ევროპის ვიცე-ჩემპიონ კამალ ხან-მაგომედოვს და ებუნუმას მომგებ სობიროვს, რომელიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორია, თუმცა იოლად დასაჯაბნი არც კუბელი კარლოს ტონდიქო და ბელორუსი დმიტრი შერშანი იქნებოდნენ.

ნახევარფინალში ანმა გაფრთხილებებით მოუგო პოლაცკის, ფინალში კი მეორედ გაამწარა რუსები - მიხაილ პულიაევი გაფრთხილებებით მოახსნევინა, რომელიც ზედიზედ მეორედ გავიდა მსოფლიოს ფინალში, მაგრამ ისევ ვერცხლს დასჯერდა. თუმცა ამ უმძიმეს ბრძოლაში ახლოს იყო მიზანთან - სამი გაფრთხილება თავიდან ანს მიაღებინა, მაგრამ მერე თვითონაც დაიმსახურა, შეხვედრა კი დამატებით დროში დასრულდა.

ქალთა ტურნირში მორიგი ტრიუმფი მოიწყო იაპონელმა მისატო ნაკამურამ, რომელიც მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ამასთან, ოლიმპიური პრიზიორიცაა, ასაკით კი 26 წლისაა, ანუ კიდევ ბევრის მიღწევა შეუძლია.

პულიაევისა არ იყოს, ზედიზედ მეორედ წააგო მსოფლიოს ფინალი რუმინელთა ევროპის ორგზის ჩემპიონმა ანდრეა ჩიტუმ, ბრაზილიელმა ერიკა მირანდამ კი ზედიზედ მესამე მსოფლიოზე მოიპოვა მედალი. აქედან ბრინჯაო ზედიზედ მეორეა. ქალთა მედალოსნებს შორის ბელორუსი დარია სკრიპნიკია ერთადერთი, რომელიც პირველად ავიდა მსოფლიოს კვარცხლბეკზე. ბრინჯაოსთვის პაექრობაში მან თურქმენი გულბადამ ბაბამჯურატოვა დააიპონა. არადა, რომ წაეგო, ვგონებთ, ეს მედალი საერთოდ პირველი იქნებოდა თურქმენეთისთვის.

კვარცხლბეკი
ვაჟები
66 კგ
1. ბაულ ანი (სამხრეთი კორეა)
2. მიხაელ პულიაევი (რუსეთი)
3. გოლან პოლაცკი (ისრაელი), რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)

ქალები
52 კგ
1. მისატო ნაკამურა (იაპონია)
2. ანდრეა ჩიტუ (რუმინეთი)
3. ერიკა მირანდა (ბრაზილია), დარია სკრიპნიკი (ბელორუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული