აბუ დაბის "დიდი მუზარადი": წილისყრამ გაგვწირა

AutoSharing Option
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ, დღეს, 30 ოქტომბერს, აბუ დაბიში ძიუდოისტთა "დიდი მუზარადი" იწყება, რომელიც ბევრად ძლიერი შეჯიბრება გამოდის, ვიდრე პარიზის ანალოგიური რანგის შეჯიბრება იყო ორიოდ კვირის წინ - ტურნირში მსოფლიოს 88 ქვეყნის 489 სპორტსმენია დარეგისტრირებული. მათ შორის საქართველოს 8 წარმომადგენელია - 7 ვაჟი და 1 ქალი.

ვერ ვიტყვით, რომ წილისყრამ ჩვენებს დიდად გაუმართლა.

ტურნირი სამდღიანია. დღეს ქალების სამი (48, 52, 57) და ვაჟების ორი (60-66) წონების წარმომადგენლები იჭიდავებენ. ხვალ 63-70-კილოგრამიანი ქალები და 73-81-იანი ვაჟები გავლენ საჭიდაოდ. კვირა დანარჩენ წონებს დაეთმობა
(ქალებიდან - 78 და +78, ვაჟებიდან - 90, 100 და +100).

60 კგ
აქ ირაკლი უზნაძემ ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ ამირან პაპინაშვილთან ერთად ლუხუმ ჩხვიმიანსაც მისცა შანსი. ჩხვიმიანი პირველ შეხვედრას მექსიკელ ნაბორ კასტილიოსთან ჩაატარებს, ამათში მოგებულს კი ებრაელი არტიომ არშანსკი ელოდება. ამ ჯგუფის ფავორიტია რეიტინგის ლიდერი, კორეელი მსოფლიოს ორგზის მესამეპრიზიორი ვონ ჯინ კიმი, ვისაც ჩვენებური მესამე წრეში - მერვედფინალში გასვლისას თუ შეხვდება, მეოთხედფინალში კი სავარაუდო მეტოქეთა შორის ბრაზილიელი ფელიპე კიტადაი და ფრანგი ევროპის ჩემპიონი სოფიან მილუც არიან. თუმცა იმ მხარეს უზბეკი დიორბეკ უროზბოევიც საშიში ფალავანია.

პაპინაშვილი ამათ კი ასცდა, მაგრამ მონღოლთა შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონის, ბოლდბაატარ განბატის ჯგუფში მოხვდა, ნახევარფინალში კი მისთვის ფრიად უხერხული მეტოქე, ყაზახთა მსოფლიოს ჩემპიონი იელდოშ სმეტოვი მოდის. ჩვენებური და მისი პირველი მეტოქე, ჩეხი პაველ პატრიკოვი თავიდან ისვენებენ, მესამე წრეში კი ავსტრიელთა მობერებული ევროპის ორგზის ჩემპიონის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელ ლუდვიგ პაიშერის, ახალგაზრდებში ესპანელთა მსოფლიოს ჩემპიონ ფრანსისკო გარიგოსის და იემენელ ალი ხოსროუფის სამეულიდან უმჯობესი დაეჭიდება.

66 კგ
ამ წონას განსაკუთრებული ინტერესით ველოდებით, რადგან ვაჟა მარგველაშვილი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიისთვის იბრძვის და ჯერჯერობით მე-20 ადგილზეა, ანუ შედის სალიცენზიო ზონაში.

სამწუხაროდ, ის ჯგუფში უკრაინელთა ქართველ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიასთან მოხვდა, თუმცა მასთან შეხვედრამდე ჯერ ტაჯიკი უმედ აბდურახიმოვი, მერე კი ბელგიელ იესპერ ლეფევერე უნდა დაამარცხოს.

73 კგ
ნუგზარ ტატალაშვილის ავადმყოფობის გამო აქ მხოლოდ ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის იმედად დავრჩით. ის მისთვის უხერხულ მეტოქეს, აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვს ფინალამდე ასცდა. სამაგიეროდ, კორეელთა მსოფლიოს წლევანდელ მესამეპრიზიორ ჩანგრიმ ანთან მოხვდა მეოთხე ჯგუფში. თუმცა მას მეოთხედფინალამდე არ ხვდება, პირველ წრეში კი ისვენებს.

მისი მეტოქე პუერტორიკოელი აუგუსტო მირანდასა და ყაზახ დასტან იკიბაევის პაექრობაში გამოვლინდება, ჯგუფის ამ მხარეს კი შედარებით ძლიერთაგან ამერიკელი ნიკოლას დელპოპოლოა.

81 კგ
ფეხის ტრავმის გამო არ ჭიდაობს გუნდის მთავარი ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი და აქაც ერთი ფალავანი გვეყოლება - უშანგი მარგიანი. პირველ წრეში ისიც ისვენებს, თუმცა ძლიერი კონკურენტი არც მეორე წრეში ეყოლება - ტაჯიკ კომრონ კარლიკოვსა და პოლონელ ლუკაშ ბლაჩს შორის გამარჯვებული.

მერვედფინალში ჩვენებურის სავარაუდო მეტოქეთა შორის რუსი ხასან ხალმურზაევი და კორეელი სუენქსუ ლეეც არიან.

100 კგ
ამ წონაშიც მთავარი სამიზნე ოლიმპიური ლიცენზიაა, ქულების მოპოვების ერთადერთი იმედი კი ისევ ალექსანდრე მსხალაძეს უკავშირდება. ის პირველ ბრძოლას მეორე წრეში გამართავს უნგრელ მიკლოშ ცირჯენიცთან. ჩვენებური მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში, ანუ თავისთვის მეორე პაექრობაში, შესაძლოა, გერმანელთა წლევანდელ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ კარლ-რიხარდ ფრეის შეხვდეს.

+100 კგ
არც აქ ჭიდაობს ჩვენი მთავარი ლიდერი, ევროპული თამაშების გამარჯვებული და მსოფლიოს წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი ადამ ოქრუაშვილი.

ლევან მატიაშვილი ერთადერთია, ვისაც ჩვენებიდან გაუმართლა - D ჯგუფში არც ერთი ტიტულოვანი ლიდერი არ ჰყავს კონკურენტად. მას მეოთხედფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს - ჯერ ალჟირელ მოჰამედ ამინე ტაიებს ხვდება, ხოლო მას თუ გაივლის, მასპინძელ მანსოორ ალსუვაიდის და ყაზახ იერჟან შინკეიევს შორის მოგებულს დაეჭიდება.

მეოთხედფინალში კი ამოუვა უფრო ძლიერი ფალავანი, რადგან იქ მოზამბიკელ იანი მარტინსთან ერთად პოლონელი მაციეჟ სარნაცკი, აზერბაიჯანში გადასული უშანგი კოკაური და მონღოლი ტამუულენ ბატულგაც არიან, მაგრამ არც ერთი არაა ძლიერი მეტოქე. მთავარია, თავად მატიაშვილი იყოს ფორმაში.

70 კგ
ქალთა ტურნირში ესტერ სტამი იასპარეზებს, ვინც წილისყრამ პირდაპირ თავის თანამემამულესთან, ჰოლანდიელთა ევროპის სამგზის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ კიმ პოლინგთან მოახვედრა ჯგუფში. თუმცა სტამი ჯერ კანადელ მონიკა ბურგესს უნდა შეხვდეს და თუ მოუგებს, მერე ელოდება პოლინგი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველოს 11 წარმომადგენლიდან არ ჩანს 4, მათ შორის 90 კგ კატეგორიაში. ვერ გავიგე!
ზურა
14:02 30-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული