საქართველოს ნაკრებს ეს ერთადერთი მედალი ნაკრების წინა ფორმაციის ხელმძღვანელთაგან მოკვეთილმა ამბაკო ავალიანმა (73) მოუტანა. მან აქ ჭიდაობა საქართველოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებით დაიმსახურა, ახლა კი იმდენად ძლიერად იჭიდავა, ალბათ, ბევრი არც მოელოდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ 5-დან ოთხი შეხვედრა წმინდად მოიგო – პირველ წრეში სომეხ რობერტ ვარდანიანთან (გაფრთხილებებით მოახსნევინა), უკრაინელ დმიტრო ბაბიჩუკთან, საქართველოდან წასულ ებრაელ იოსებ ფალელაშვილთან და ფინალში ბელარუს ალექსეი რომანჩუკთან სულ რაღაც 37 წამში. მას ყველაზე მეტად ნახევარფინალში გაუჭირდა უკრაინელ ევროპის ჩემპიონ ვოლოდიმირ სოროკასთან, რომელსაც იუკოთი სძლია.
ავალიანის დღევანდელი გამოსვლა ჩვენი ნაკრების ერთადერთი ნათელი წერტილი გამოდგა. დღეს ოთხმა ჩვენებურმა ბრინჯაოსთვისაც იჭიდავა, მაგრამ წარუმატებლად, თუმცა რამდენიმე შეხვედრის შედეგი ფრიად საეჭვოა. განსაკუთრებით გვაეჭვებს შალვა ქარდავასა და რუსი დენის ლავრენტიევის (66) შეხვედრა ბრინჯაოსთვის, პაატა მერებაშვილის და ლატვიელ ანდრეას მაჯერსის (60) ორთაბრძოლა ასევე ბრინჯაოსთვის და საქართველოს ჩემპიონ თენგიზ პაპოშვილის შერკინება თურქ ომერ იამანთან პირველ წრეში. ქარდავას გდება რუსთან ძალიან ჰგავდა იპონს, მაგრამ მხოლოდ ვაზარით შეაფასეს. სამწუხაროდ, მერე მოხდა ის, რისიც, ალბათ, დარბაზში ყველას ეშინოდა – ჩვენებურმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და იპონით წააგო.
მერებაშვილის შეხვედრაში საეჭვო მეტოქისთვის ჩათვლილი პირველი ვაზარია, თორემ ამავე რანგის მეორე ილეთი საეჭვო არცაა. აი, პაპოშვილის წაგება კი ბევრად მძიმე შემთხვევაა – თავდაპირველად იპონი ჩვენებურს მისცეს, მაგრამ მსაჯებმა ჩვენება მალევე შეცვალეს, გაოგნებული პაპოშვილი კი კარგა ხანს არ გადიოდა ტატამიდან. ყველა ამ სამწუხარო ეპიზოდზე საბოლოო სიტყვა მსაჯებმა უნდა თქვან. ალბათ, ჩანაწერებს საგანგებოდაც გაარჩევენ, მაგრამ დასაფიქრებელი სხვა რამეა – ალბათ, უმრავლეს ტურნირებში მსგავს საკამათო ეპიზოდებში მსაჯები მასპინძელთა გამარჯვებას დააფიქსირებდნენ, რადგან მეტოქეთა უპირატესობა არ იყო იმდენად თვალსაჩინო. სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში ასე არ ხდება, რამაც 2009 წელს თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატი და 90-ის ფინალი გაგვახსენა, როცა მსაჯებმა ვალერი ლიპარტელიანის წინააღმდეგ ბელარუს ანდრეი კაზუსიონაკს ასევე ძალზე საეჭვო გდებისთვის მისცეს იპონი. მსაჯები როცა სახლში ამდენს გვიკეთებენ, უცხოეთში რაღაც გვიზამენ!
რაც შეეხევა ბრინჯაოსთვის მებრძოლ კიდევ ორ ქართველს – დავით ასუმბანსა (60) და ზვიად ბაზანდარაშვილს (73), ორივემ წააგო და აქ მსაჯებს ვერაფერს დავაბრალებთ.
ამ შეჯიბრების პარალელურად, ზუსტად ანალოგიური რანგის ტურნირი ქალებისთვის სოფიაში ტარდება, სადაც სამი ქართველი იბრძვის. ჩვენებურთაგან დღეს მხოლოდ შორენა შარაძემ (63) იჭიდავა, თუმცა პირველივე შეხვედრაში რუს ანასტასია ბელოივანოვასთან დამარცხდა.
სოფიაშიც და თბილისშიც დანარჩენი წონების წარმომადგენლები ხვალ იჭიდავებენ.
.
ჭრიკიშვილს ვულოცავ!ეგ ბიჭი შორს წავა ტუ მოინდომებს.