საქართველოს ქალთა ძიუდოს შესაძლოა დაფინანსება გაეზარდოს

AutoSharing Option
ფოტოზე: მარიამ ჯანაშვილი მარცხნიდან პირველი

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია აპირებს, გაისად ქალთა ნაკრებსაც მეტი ყურადღება დაუთმოს და მათი საშეჯიბრო პირობებიც გააუმჯობესოს.

საბედნიეროდ, ქალთა ძიუდოც ნელ-ნელა ადგას აღმავლობის გზას და წლეულს კარგი შედეგებიც მოიპოვეს - 17-წლამდელებში მზია ბებოშვილი (52) ევროპის ჩემპიონი გახდა, მარიამ ჭანტურია (63) მესამეზე გავიდა, ნინო მგელაძე (52) კი მეხუთეზე.

ისინი კიდევ უფრო კარგად გამოვიდნენ თბილისში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, სადაც 2 ოქრო და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.

ბებოშვილმა აქაც გაიმარჯვა, თუმცა მას შემართებით და ძლიერი ჭიდაობით არც ეთერ ლიპარტელიანი
(57) ჩამორჩა და ისიც ჩემპიონი გახდა, ნატალია ყიფშიძე (48) კი მესამეზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ იქ ჭანტურიას და კიდევ რამდენიმე პერსპექტიულ გოგოს მცირეწლოვანების გამო გამოსვლის უფლება არ მისცეს.

ახალგაზრდებში ისტორიული მედალი მოიპოვა მარიამ ჯანაშვილმა (52) - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, ეს კი პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე საქართველოსთვის პირველი მედალია ზოგადად ქალთა საჭიდაო სახეობებში.

უფროსთა შორის ჰოლანდიიდან გადმობირებულ ესტერ სტამს (70) მაჯის ტრავმამ და ზედ გაკეთებულმა ოპერაციამ შეუშალა ხელი სეზონის წარმატებით დასრულებაში, თუმცა ჯერჯერობით მაინც შედის რეგიონულ კვოტაში ანუ სადღეისო მდგომარეობით იღებს ოლიმპიადის საგზურს.

ამ გოგოებმა წლევანდელი გამოსვლით დაამტკიცეს, რომ მათ დიდი პოტენციალი გააჩნიათ და ქალთა ძიუდოში ფულის დაბანდება ღირს.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადისთვის ისინი ძალიან პატარები არიან და ჯერ ვერ შეძლებენ უფროსებთან ტოლ-სწორად გაჯიბრებას, თუმცა აშკარაა, რომ ტოკიოს 2020 წლის თამაშებზე ქალთა გუნდიც გვეყოლება. ოღონდ გააჩნია, რამდენად შევუწყობთ მათ ხელს.

ყოველ შემთხვევაში, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი კარგად აცნობიერებს მათი დახმარების აუცილებლობას, თუმცა ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული. ამიტომ მიაჩნია მას ფედერაციის ბიუჯეტის გაზრდა საშურ საქმედ, თუმცა არა უსაშველოდ და განუზომლად - 2 300 000 ლარიდან 3 500 000 ლარამდე.

ეს არაა უსაშველო თანხა, ძიუდოს კი, მათ შორის - ქალებისასაც, ძალიან წასწევს წინ. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მათ თხოვნას გაითვალისწინებენ, როგორც ამას აქამდე აკეთებდა სამინისტრო და მაქსიმალურად გვერდში ედგა ფედერაციას.

სად ივარჯიშებს სტამი?
ქევხიშვილს სტამთან დაკავშირებითაც დავეკითხეთ, რომელიც დღეისათვის ჩვენი მთავარი იმედია. მართალია, სალიცენზიო შეჯიბრებებში ჯანაშვილიც ჩაერთო, მაგრამ მას ჯერ ადაპტაციაც სჭირდება უფროსებთან საპაექროდ, თან არ აქვს რეიტინგი და ყველაფერს თავიდან იწყებს.

სტამი არაა ურიგო მოჭიდავე და ახალგაზრდებში ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა, მაგრამ ბოლო ხანებში მისი ჭიდაობა ერთფეროვანი გახდა.

ბუნებრივია, მას ჩვენგან სრულიად განსხვავებული, ევროპული სტილი აქვს - ის ჰოლანდიაში გაიზარდა და ახლაც იქ ვარჯიშობს პირადი მწვრთნელის მეთვალყურეობით, მაგრამ, ვფიქრობთ, ქართული სტილიდანაც თუ შევასწავლით გარკვეულ ელემენტებს, ვიზრუნებთ ტექნიკური არსენალის გამრავალფეროვნებაზე, ძალიან წაადგება.

ქევხიშვილთანაც სწორედ ამით დავინტერესდით, აპირებს თუ არა ფედერაცია, უფრო აქტიურად ჩაერიოს მის მზადებაში.

"სტამს ქართული ძიუდო მართლაც წაადგება, მაგრამ დრო რამდენად გვეყოფა, არ ვიცი... გახსოვთ, რომ პირველ ეტაპზე ის საქართველოში გვყავდა ჩამოყვანილი სავარჯიშოდ და ქართული ილეთების ათვისებაში მეც აქტიურად ვიყავი ჩართული. ალბათ, ის რამდენიმე შეკრებას აქ გაივლის, დანარჩენ დროს კი ისევ ჰოლანდიაში მოემზადება. თუმცა, ალბათ, ვთხოვთ, აქ ჩამოვიდეს და ივარჯიშოს - ასე უფრო ნაყოფიერად ივარჯიშებს, ვიდრე იქ მივავლინოთ ქართველი მწვრთნელი. ჩვენ შევთავაზებთ ამ ვარიანტს და ვნახოთ, თუ დაგვთანხმდება" - გვითხრა ქევხიშვილმა.

რაც შეეხება სტამთან ჰოლანდიაში მომუშავე ქართველებს, ერთი მათგანი კახა გვიჩიანია, მეორე - ვასილ მარგოშვილი, დავით მარგოშვილის ძმა. ისინი სტამის კლუბში ვარჯიშობენ - "ჰაარლემ კანამარუში" და მწვრთნელობასაც ითავსებენ, შეჯიბრებებზეც თან დაჰყვებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. ქალთა ძიუდოში წინსვლა ნამდვილადაა. უკეთესი დაფინანსებით კი უკეთესი შედეგი დადგება.
მოგვერდი
17:37 06-12-2015
0
ასეთ მოკლე დროში ამხელა წარმატებებია, უნდა გაეზარდოს დაფინანსება.
jemali
17:19 06-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული