ძიუდო. ევროპის ლიგა: "მებრძოლის" საბრძოლო შემადგენლობა

AutoSharing Option
19 დეკემბერს ძიუდოისტთა ევროპის ლიგაში თბილისის კიდევ ერთი კლუბი, შსს-ის "მებრძოლი" გამოვა, ოღონდ ის უმაღლეს, "ოქროს ლიგაში" იასპარეზებს, რომელსაც ვენა უმასპინძლებს.

უმაღლეს ლიგაში, ჩვენების გარდა, კიდევ 7 კლუბი გამოვა: ვენის "ვოლკსბანკ გალაქსი ძიუდოს ვეფხვები", გერმანული "აბენსბერგი", ფრანგული "სენ ჟენევიევს სპორტი", ლისაბონის "კლუბ სპორტინგი", სერბული "რედ სტარი", ორი კი რუსული კლუბი იქნება: სანკტ პეტერბურგის "იავარა ნევა" და ვლადიკავკაზის "დინამო-ალანია".

8 მონაწილე იქნება ქალთა ტურნირშიც. შეჯიბრების წილისყრა 18 დეკემბერს გაიმართება და მაშინ გავიგებთ ჩვენი კლუბის მეტოქეთა ვინაობას ჯგუფურ ეტაპზე.

"მებრძოლი" მთლიანად ქართველი
ფალავნებითაა დაკომპლექტებული - ფაქტობრივად, აქ საქართველოს ეროვნული ნაკრებია თავმოყრილი, ის კი იმდენად ძლიერია, კლუბის ხელმძღვანელობას უცხოელ ლეგიონერთა მოწვევაზე არც უფიქრია.

სამაგიეროდ, სხვა კლუბებს ჰყავთ ქართველები, ოღონდ ისინი უკვე უცხოეთის მოქალაქეები არიან. მაგალითად, პორტუგალიური კლუბის შემადგენლობაში იქაური მოქალაქე ანრი ეგუტიძე (81, სწორედ მან და ამ კლუბმა ჩატოვეს შარშან "საგარეჯო" პირველ ლიგაში) და ესპანეთში მცხოვრები ახალგაზრდებში ბოლო ორი მსოფლიოს პირველობის ფინალისტი ნიკოლოზ შერაზადაშვილი (90) ირიცხებიან.

საკლუბო ტურნირის ისტორიაში უდავო ფავორიტ "აბენსბერგში" უკრაინის სახელით მოჭიდავე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია (66) და ევროპის ორგზის, მსოფლიოს სამგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური, 90) შედიან, თუმცა ვრცელდება ხმები, რომ ის ამჯერად არ იჭიდავებს. ავსტრიელთა რიგებში ადამ ბორჩაშვილი (66) იჭიდავებს.

წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად ჩვენი ძიუდოისტები უცხოურ კლუბებში აღარ იქნებიან. ოღონდ მიზეზი ის კი არაა, თითქოს ქართველებზე მოთხოვნა აღარ არის. პირიქით - მათი მსურველი ახლაც ბევრია, მაგრამ ამ ტურნირში უკვე სამი ქართული კლუბი გამოდის (შეგახსენებთ, რომ შაბათსვე პირველ ლიგაში "საგარეჯო" და "შევარდენი" ჭიდაობენ) და ეს ბაზარი სრულად ითვისებს ადგილობრივ ფალავნებს.

ზოგადად, ამავე მიზეზით პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან დასავლეთ ევროპაში ძიუდოისტთა გადინება მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან უკვე აქაც მომრავლდა კლუბები და მათ იქით სჭირდებათ თავიანთი ფალავნები. წინა წლებში ამ შეჯიბრებაში ძირითადად ორი რუსული კლუბი იყო - "იავარა ნევა" და "სამბო-70", თუმცა ახლა იმავე პირველ ლიგაში 4 რუსული კლუბია, "ოქროს ლიგაში" - 2, რასაც ჩვენც ვემატებით.

აღმოსავლეთ ევროპაშიც რამდენიმე კლუბია და ძველი ლიდერები, რომლებიც ადრე ძირითადად ამ რეგიონის ფალავნებით საზრდოობდნენ, ახლა იძულებულნი არიან, ფონს საკუთარი თანამემამულეებით გავიდნენ.

მაგალითად, იგივე "აბენსბერგი" ადრე ყოფილი პოსტკომუნისტური ბანაკის ნაკრები იყო, ახლა კი შემადგენლობაში 13 გერმანელი ჰყავს და მხოლოდ 6 უცხოელი: ესპანელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი სუგოი ურიარტე და ზანთარაია (ორივე - 66), ებრაელი ევროპული თამაშების ჩემპიონი საგი მუკი (73), ილიადისი, ახალგაზრდებში ავსტრიელი ევროპის ჩემპიონი დანიელ ალერსტოფერი და ჩეხი ევროპის ორგზის, მსოფლიოს ჩემპიონი ლუკაშ კრპალეკი (ორივე - +90).

გერმანიის ნაკრების მთელი ელიტაც აქაა თავმოყრილი: ევროპული თამაშების მესამე პრიზიორი სებასტიან სეიდლი (66), ევროპის პრიზიორები - სვენ მარეში (81) და ანდრე ბრაიტბარტი (+90, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური პრიზიორი დმიტრი პეტერსი (+90).

ამ კრებულს მხოლოდ მსოფლიოს ფინალისტი კარლ-რიხარდ ფრეი (100), ევროპული თამაშების მესამე პრიზიორი ალექსანდრ ვიცზერზაკი (81) და იმავე ტურნირზე უმოწყალოდ დაჩაგრული ტობიას ენგლმაიერი (60) აკლია.

თუმცა შემადგენლობით ყურადღებას პეტერბურგელები იქცევენ, სადაც რუსეთის თითქმის ყველა უძლიერესი ძიუდოისტია თავმოყრილი. მათ შორის, ლონდონის ოლიმპიადის სამივე გამარჯვებული: არსენ გალსტიანი (66), მანსურ ისაევი (73) და ტაგირ ხაიბულაევი (+90).

ასევე არიან ევროპის ჩემპიონი ალიმ გადანოვი (66), მსოფლიოს ორგზის ფინალისტი მიხაილ პულიაევი და ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი მუსა მოგუშკოვი (ორივე - 73), ევროპის ორგზის ჩემპიონი სირაზუდინ მაგომედოვი, ევროპის ფინალისტი მურატ ხაბაჩიროვი და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ივან ნიფონტოვი და ახალი თაობის ვარსკვლავი მიხაილ იგოლნიკოვი (ყველა - 81), მსოფლიოს ასევე ორგზის ვერცხლისმედალოსანი და ევროპის ორგზის გამარჯვებული კირილ დენისოვი, ევროპის ფინალისტი, მსოფლიოს პრიზიორი კირილ ვოპროსოვი (ორივე - 90), ახალი თაობის კიდევ ნიჭიერი წარმომადგენელი ანტონ კრივობოკოვი, აგრეთვე რენატ საიდოვი და ანდრეი ვოლკოვი (ყველა - +90).

მებრძოლი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ამირან პაპინაშვილი
73 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი, შალვა ქარდავა
81 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი, ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური
+90 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ევროპის ლიგაც რომ მოვიგოთ მართლა გადაირევა ძიუდოს სამყარო
vasiko
15:11 17-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული