ძიუდო. ქალთა ნაკრები: ვარჯიში და სამახსოვრო ფოტო კაილა ჰარისონთან

AutoSharing Option
ფოტოზე: მარიამ ჯანაშვილი, კაილა ჰარისონი, მზია ბებოშვილი
ჩვენი ძიუდოისტი გოგონები - ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მარიამ ჯანაშვილი და ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი მზია ბებოშვილი (ორივე - 52) 15 იანვარს დაამთავრებენ ერთობლივ შეკრებას ავსტრიულ მიტერშილში და ზეგ სამშობლოში დაბრუნდებიან. ესაა ძიუდოს ევროპული კავშირის მიერ ორგანიზებული საწვრთნელი კემპი, რომელსაც ტრადიციულად მასპინძლობს მიტერშილის ოლიმპიური საწვრთნელი ცენტრი.

ჩვენგან იქ წლეულს მხოლოდ გოგონები გაემგზავრნენ და მხოლოდ ამ ორის გაგზავნა მოხერხდა პირად მწვრთნელ კახა მოცრაძესთან ერთად. თუმცა, წინა წლებთან შედარებით, როცა ქალთა ძიუდოს ჩვენთან თითქმის არანაირი ყურადღება არ
ექცეოდა, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი კი არა, გიგანტური ნახტომია, როცა არაფრიდან ერთბაშად ამ დონის ღონისძიებაზე გაუშვეს თითქმის 10 დღით - ჩვენები იქ 7 იანვარს გაემგზავრნენ.

ძიუდოს ფედერაცია კიდევ ერთხელ უნდა შევაქოთ, რადგან სიტყვას ასრულებს და ქალთა ძიუდოს წლეულს არნახული, უჩვეულოდ დიდი ყურადღება მიექცევა. გოგონებმა ეს ნამდვილად დაიმსახურეს შარშანდელი ტრიუმფალური გამოსვლით და სპორტულ ნომინაციებში "წლის აღმოჩენის" ტიტულიც სავსებით დამსახურებულად ირგუნეს.

იქნებ ფედერაციას ამჯერად როგორმე ავსტრიაში სხვების გასამგზავრებელი თანხაც გამოეძებნა, მაგრამ ეს უფროსთა შეკრებაა, სადაც მომავალი ოლიმპიადის ფავორიტები ვარჯიშობენ, ჩვენი გოგონების უმეტესობა კი ჯერ ასაკით ძალზე პატარაა და მათთან გაუჭირდებოდათ. რეალურად რომ ვთქვათ, ჩვენებიდან უფროსებში მათთვის კონკურენციის გამწევი და ისიც სამომავლო პერსპექტივაში ჯანაშვილი ჩანს და სწორედ მას ამზადებენ სალიცენზიო ტურნირებისთვის.

ბებოშვილი ჯერ პატარაა და მწვრთნელები სავსებით სამართლიანად მიიჩნევენ, რომ მისთვის ადრეა ამ დონეზე ჭიდაობა. თუმცა მისი უდიდესი პოტენციალის გამო ამჯერად ავსტრიაში სავარჯიშოდ მაინც გაუშვეს.

ქართულ ქალთა ძიუდოში ასევე არსებობს "წინა თაობა", სადაც ერთი-ორი პერსპექტიული გოგონა ნამდვილად არის (მაგალითად, მძიმეწონოსანი ელენე ქებაძე, რომელიც ასევე ახალგაზრდაა), მაგრამ ჯერ ისინი ოლიმპიური ლიცენზიისთვის საბრძოლველად მზად არ არიან. ოღონდ ეს არამც და არამც არ ნიშნავს მათ ჩამოწერას, შანსი იმათაც მიეცემათ და თუ ვინმე თავს გამოიჩენს, ამას რა ჯობია!

წლევანდელ ავსტრიულ კემპთან დაკავშირებით ქომაგთა აზრი ორადაა გაყოფილი - ერთნი მიიჩნევენ, რომ სუსტი შემადგენლობაა წასული, მეორენი კი საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. შეკრების სიძლიერეზე კამათი, როგორც არაოფიციალურ ღონისძიებაზე, ძალზე სუბიექტური მგონია, მაგრამ მიტერშილში არც ისე სუსტი ათლეტები ვარჯიშობენ და თან 1000-მდე სპორტსმენია ჩასული!

მხოლოდ ქალებზე რომ ვილაპარაკოთ, ემზადებიან სლოვენიელი ევროპული თამაშების გამარჯვებული მარტინა ტრაიდოსი, ამერიკელი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი კაილა ჰარისონი და სხვები.

ჩვენმა გოგონებმაც დრო იხელთეს და ჰარისონთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს, რომელიც კონტაქტურმა და გულღია ამერიკელმა ჩემპიონმა "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე განათავსა.

როგორც ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ გვითხრა, მოცრაძე ძალიან კმაყოფილია როგორც თავად შეკრებით, სავარჯიშო პირობებით, სპარინგ-პარტნიორებით, ისე - თავად გოგონების გარჯით, რომლებიც, თურმე, თავს არ ზოგავენ და გულმოდგინედ ვარჯიშობენ. ამ ახალგაზრდებს ისედაც არ აკლიათ მონდომება და მწვრთნელებსაც ყოველთვის ყველაფერს ბოლომდე უჯერებენ, ღრუბელივით ისრუტავენ მათ ყოველ სიტყვას; ასეთ პირობებში მოხვედრა, ამდენი ვარსკვლავის გვერდით ვარჯიში კი დამატებით სტიმულს მისცემდათ.

სამწუხაროდ, წელის ტრავმის გამო მიტერშილში ჩასვლა ვერ მოახერხა ნატურალიზებულმა ჰოლანდიელმა ესტერ სტამმა (70). ჰოლანდიაში მას გუშინაც დაუკავშირდა ძიუდოს ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ყიზილაშვილი და გაირკვა, რომ ტრავმა ისევ აწუხებს და აგრძელებს მკურნალობას.

შედეგად, სტამი არა მხოლოდ ამ შეკრებას, არამედ იანვარში დაგეგმილ ყველა ტურნირს გამოაკლდება - 16-17 იანვარს ტუნისში "აფრიკის ღია კონტინენტურ თასზე", 22-24 იანვარს - ჰავანაში "დიდ პრიზზე" და 30-31-ში - სოფიაში, "ევროპის ღია კონტინენტურ თასზე". ჯერ იმის თქმაც არ შეგვიძლია, როდის დაუბრუნდება სტამი ტატამს.

ჩვენი ქალებისთვის სეზონის პირველი შეჯიბრება სწორედ სოფიას ტურნირი იქნება, სადაც ჯანაშვილი, ქებაძე და ირინე ლეონიძე წავლენ, თუმცა ლეონიძის წონის საკითხი ჯერ გაურკვეველია - ვნახოთ, დაიკლებს თუ არა 78 კილოგრამამდე. შესაძლოა, მათთან ერთად ნინო ოძელაშვილიც გაემგზავროს, რომელიც ლეონიძის მსგავსად, ბოლო დროს უფრო სამბოზე გადაერთო და იქ საკმაოდ დიდ წარმატებებსაც მიაღწია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული