ირაკლი ცირეკიძე ტატამზე დაბრუნდა

AutoSharing Option
მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ირაკლი ცირეკიძე (100) დიდ სპორტს უბრუნდება -ის უკვე თბილისშია და ვარჯიშობს კიდეც.

საქართველოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტის სპორტიდან წასვლაზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც საქართველოს პირველობაზე წონა ვერ ჩააბარა და ქვეყნის ჩემპიონატს, წლევანდელი სეზონისთვის მთავარ შესარჩევ შეჯიბრებას გამოაკლდა. ამას წინ სექტემბერში, ტოკიოში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე მომხდარი უსიამოვნება უძღოდა, როცა მესამე წრეში ჩვენბურს კუბელ ორეიდის დესპაინესთან საჭიდაოდ გასვლა დააგვიანდა და ტურნირს გამოეთიშა.

ამ უსიმოვნების მიუხედავად, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მაინც რჩებოდა სპორტში და აგრძელებდა ვარჯიშს. მისთვის
უკეთესი პირობების შესაქმნელად საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გვარიანად გაიკრა ჯიბეზე ხელი - ვინაიდან ცირეკიძეს დედაქალაქში ბევრად უკეთესი სპარინგები ექნებოდა და ნათესავ-მეგობრებს მოწყვეტილი უკეთესად შეძლებდა ვარჯიშს - სპორტზე კონცენტრაციას, მისთვის თბილისში ბინის დაქირავება გადაწყვიტა.

დაპირება მალევე აქცია საქმედ და ლონდონის ოლიმპიადის ჩათვლით დასაქირავებელი თანხაც გამოჰყო. თავის მხრივ, ოლიმპიურ ჩემპიონს ხელშეწყობას სპორტის სამინისტროც ჰპირდებოდა, მაგრამ საქართველოს პირველობაზე წონის ვერჩაბარებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ''თუ სპორტი არ უნდა და არ ივარჯიშებს, ჩვენ მოქალაქე ირაკლი ცირეკიძეს ბინას არ ვუქირავებთ'' - ასეთი იყო ოლიმპიური კომიტეტის პოზიცია.

ვინც საქართველოს ჩემპიონატი გამოტოვა, მისთვის წლეულს ნაკრების კარი დახურულია - ეს უკვე ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის თავკაც სოსო ლიპარტელიანის ვერდიქტი იყო. აი, სწორედ მაშინ დაირხა ხმები ოლიმპიური ჩემპიონის დიდი სპორტიდან წასვლის შესახებ. თუ ხელმძღვანელობას სურს, მე ისევ ვიჭიდავებ - ამ ყველაფრის საპასუხოდ მშვიდად განაცხადა ცირეკიძემ, რომელიც მის ირგვლივ აგორებულ ხმებსაც ისევე მშვიდად შეხვდა, როგორც - ტოკიოში მომხდარ უსიამოვნო ამბავს.

ეტყობა, უკვე ყველა პოზიცია საბოლოოდ შეჯერდა - ცირეკიძემ ვარჯიშები განაახლა, საცხოვრებლად კი თბილისში, ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაქირავებულ ბინაში გადმოსახლდა. ჯერჯერობით გაურკვეველია, მისცემენ თუ არა მას სალიცენზიო ტურნირებში ან მსოფლიოს ჩემპიონატში გამოსვლის უფლებას, თუმცა თავად ამისი ეიმედება. ის ნაკრებთან ერთად აქაური მწვრთნელების მეთვალყურეობით ივარჯიშებს.

"დიახ, ვარჯიშები მართლაც განვაახლე, თბილისში ვივარჯიშებ და აქვე ვიცხოვრებ. ამ ეტაპზე ნაკრების მწვრთნელებთან ერთად მოვემზადები ზურაბ ზვიადაურიც აქაა, პეტერ ზაიზენბახერიც, სოსო ლიპარტელიანიც და სხვებიც. ვიმედოვნებ, მსოფლიოს პირველობაზეც მოვახერხებ გამოსვლას და სხვა შეჯიბრებებშიც ჩავერთვები. ერთი სიტყვით, ლონდონის ოლიმპიადის საგზურისთვის ვიბრძოლებ", - განაცხადა ცირეკიძემ.







.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ირაკლი დაუჯერე ზურაბს,მან ეს საქმე ხუთიანზე იცის
kopala
08:36 08-02-2011
0
დაანებონ ამ ვაი პოლიტიკოსებმა თავი სპორტს.ნუ ყოფენ ყველგან ცხვიირს.იმიტომ დაიჩაგრა ცირეკიძე ამათ ჭკუაზე არ გაიარა.ვაჟკაცი კაცია ცირეკიძე.
ივერიელი
23:56 07-02-2011
0

სიახლეები პოპულარული