ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები გუშინ დილით დაბრუნდა საფრანგეთიდან, სადაც პარიზის "დიდ მუზარადზე" იჭიდავა და ამირან პაპინაშვილის (60) მიერ მოპოვებული ერთი ბრინჯაო გამოაყოლა ხელს, საღამოს კი პეტერ ზაიზენბახერმა 12-13 თებერვალს ბუდაპეშტში, მსოფლიოს თასზე წამსვლელი გუნდი დაასახელა: ბეთქილ შუკვანი (60), ალექსანდრე იაკობაშვილი (66), ზებედა რეხვიაშვილი (73), დავით კარბელაშვილი (81), ლაშა გურული, საბა გავაშელიშვილი (90), ნოდარ მეტრეველი (+100).
საუნგრეთო სია ადრევე ჩამოიწერა, თუმცა მოგვიანებით მასში ტრავმებმა და ავადმყოფობამ გარკვეული კორექტივები შეიტანა. კერძოდ, წინასწარ განაცხადში თბილისის მსოფლიოს თასის გამარჯვებული ამბაკო ავალიანიც (73) იყო, მაგრამ ნეკნი
სტკივა და ზაიზენბახერმა ამიტომ ამოაგდო გუნდიდან. თვითონ ავალიანს ძალიან კი სურს უნგრეთში ჭიდაობა, მაგრამ მწვრთნელი ურჩევს, ტრავმა ბოლომდე მოირჩინოს და არ გარისკოს. ავადმყოფობის გამო არ გვეყოლება მონაწილე 100-ში - იქ დავით ლორიაშვილს უნდა ეჭიდავა, მაგრამ შეუძლოდ გახდა და ვერ მიდის.
მთავარ სიახლედ გუნდში რეხვიაშვილის დაბრუნება მიგვაჩნია, რომელიც საქართველოს პირველობაზე პრიზიორებში ვერ მოხვდა. თუმცა მაშინ ეს დიდწილად, მსაჯების შეცდომამაც განაპირობა, თუმცა არა მგონია, ავსტრიელზე ამას ემოქმედა. სავარაუდოდ, მან რეხვიაშვილს შანსი მისი ნიჭიერების გამო მისცა. საერთოდ, ზაიზენბახერი ამ შეჯიბრებაზე შანსს ახალგაზრდებს აძლევს.
.