"ოქროს დიდი პრიზი" - ტუნისის ნაცვლად აზერბაიჯანი

AutoSharing Option
ხმები, რომელიც თავის დროზე ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგების ზედმეტი ოპტიმიზმის ნაყოფი გვეგონა, რეალობად იქცა. ორიოდე კვირის წინ იქაურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ შესაძლოა, 6-8 მაისს ტუნისში გასამართი "ოქროს დიდი პრიზის" ტურნირი ბაქოში გადმოეტანათ. ტუნისში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ყველას მოგეხსენებათ და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია სწორედ ამან შეაშფოთა.

გარდა იმისა, რომ ეს ძალიან მაღალი რანგის შეჯიბრებაა, ოლიმპიადისთვის სალიცენზიო ქულებსაც იძლევა. ამიტომ საერთაშორისო ფედერაციისთვის სულ ერთი არ იყო მისი ბედი. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ტუნისში პოლიტიკური ვითარება გამოსწორდებოდა, მაგრამ იქ კვლავაც სროლები და დაძაბული ვითარებაა.
ამიტომ საერთაშორისო ფედერაცია იოლად დაეთანხმა აზერბაიჯანელთა სურვილს და ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ის შეჯიბრება დათქმულ ვადებში ტუნისის ნაცვლად ბაქოში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ბაქომ წლეულს უკვე უმასპინძლა სეზონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შეჯიბრებას - მასტერსს. საერთაშორისო ფედერაციის ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის იმითაცაა საინტერესო, რომ კიდევ ერთ სალიცენზიო შეჯიბრებაში მონაწილეობის შანსი გვეძლევა. ტუნისი საკმაოდ შორსაა და ფინანსური პრობლემების გამო შარშან იქ ჩვენებმა ვერ იჭიდავეს და ეს არც წლეულს იყო მოსალოდნელი, ბაქო კი აქვეა და, სავარაუდოდ, გუნდსაც გაუშვებენ. ამით სალიცენზიო რეიტინგის შევსების შანსიც იზრდება. ვნახოთ, იქნებ იქ ქალთა გუნდმაც იჭიდაოს, რომელიც შეჯიბრებებით ისედაც შეზღუდულია.

სავარაუდოდ, ბაქოში კვლავაც არ ჩავა სომხეთის ნაკრები - მათ არც მასტერსზე უჭიდავიათ. ალბათ, აღარც რუსთა სომხური წარმოშობის ევროპის ჩემპიონი არსენ გალსტიანი (60) იზამს პირს იქით. მან მასტერსზე კი იჭიდავა, მაგრამ კოშმარულად იგონებს იქ გატარებულ დღეებს. როგორც რუსულ მედიაში გამოქვეყნებული მისი ინტერვიუდან ირკვევა, გალსტიანს ბაქოში წასვლა არც მაშინ სდომებია, მაგრამ მწვრთნელს დაუძალებია, თუ საჭირო გახდა, პირად დაცვასაც დაგიქირავებთო.

"ეციო გამბა იტალიელია და, ეტყობა, არაფერი იცის ყარაბახ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე" - განაცხადა მან და თან ამ კრიზისს განსხვავებული ინტერპრეტაცია მისცა. გალსტიანს პრობლემები აეროპორტიდანვე დაეწყო, საპასპორტო რეჟიმის გავლისას - აზერბაიჯანელმა მებაჟე მანდილოსანმა როგორც კი მისი გვარი ამოიკითხა, მაშინვე ზემდგომთ უხმო. ისინიც დროზე მოვიდნენ, მაგრამ ქალაქში შესვლის ნებას არ აძლევდნენ, უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მოგცემთო. გალსტიანი აეროპორტის ერთ პატარა ოთახში გადაიყვანეს, სადაც საათი გაატარა. გამბა მიდგა-მოდგა და ყველა შეაწუხა, იქით რუსეთის ნაკრები დაიმუქრა, რომ დატოვებდნენ ტურნირს და ორგანიზატორებმა გალსტიანი ქალაქში შეიყვანეს, თუმცა რაღა ქალაქში - მან მთელი დრო სასტუმროში გაატარა და იქიდან მხოლოდ დარბაზში მისასვლელად გამოდიოდა. თან უსაფრთხოებისთვის მისი ყოფნა სასტუმროშიც კი გასაიდუმლოებული იყო, თანამშრომელთა ვიწრო წრემ იცოდა მხოლოდ.

გალსტიანს პრობლემები მარტო აეროპორტში არ შექმნია - დარბაზში მისი გვარის ყოველი გამოცხადება რა აკომპანიმენტით ჩაივლიდა, იოლად წარმოიდგენთ, ვითარებამ კი კულმინაციას მერვედფინალში მიაღწია, როცა მასპინძელთა ერთ-ერთი ლიდერი ილგარ მუშკიევი (სწორედ ამან მოიგო ჩვენი ტურნირი) დაამარცხა! გალსტიანისთვის ეს ნამდვილი კოშმარი იყო. სავარაუდოდ, ის მეორედ აღარ ეცდება იგივე სიტუაციაში მოხვედრას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული