შუკვანმა ხუთი შეხვედრა გამართა და ყველა წმინდად დაამთავრა - მოგებულიც და წაგებულიც. ამათგან მხოლოდ ერთი დათმო - ნახევარფინალში მომავალ ფინალისტთან, სომეხ ჰოვანეს დავთიანთან. სომეხი არც ურიგო მოჭიდავეა - ევროპის ვიცე-ჩემპიონი და
17 და 20-წლამდელებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი დავით კარბელაშვილი ჯერ 21 წლისაა და შედარებით ახალი სახეა ეროვნულ ნაკრებში. მართალია, ის აქამდეც ხვდებოდა ქვეყნის პრიზიორებში და მწვრთნელთა თვალთახედვის არეში, მაგრამ მთავარ გუნდში პირველ სერიოზულ სეზონს წლეულს ატარებს და არცთუ ურიგოდ - ჯერ თბილისის მსოფლიოს თასზე მოიპოვა ვერცხლი (ფინალი ავთანდილ ჭრიკიშვილთან წააგო), ახლა კი აქ გავიდა მესამეზე.
მან პირველ წრეში პოლონელი ლუკაშ ბლაჩი დაამარცხა ორი იუკოთი, მერე კი ვაზარით სძლია თურქ აჰმეტ სარის, რომელსაც ჩვენებურები საკმაოდ ხშირად დაუმარცხებია. ძალზე გამოცდილი და ევროპის პრიზიორი იყო მისი მომდევნო მეტოქეც - სლოვენიელი ალიას სედეჯი, რომელსაც გორელმა ფალავანმა ჯერ იუკო აართვა, მერე კი ბეჭებზეც დააგდო.
მეოთხედფინალში გერმანელ რობერტ გესტსაც სუფთად აჯობა დაახლოებით წუთნახევარში, ნახევარფინალში კი გაფრთხილებებით წააგო ჩერნოგორიელ მომავალ ჩემპიონ სრდჟან მრვალჯევიჩთან. აქ მეტოქეებმა თითო იუკო მიითვალეს, მაგრამ ჩვენებური დამატებით ორჯერაც გააფრთხილეს და გადამწყვეტიც ეს აღმოჩნდა. მთლიანობაში, ეს მაინც ფრიად საკამათო შეხვედრა გამოდგა, მაგრამ კარბელაშვილსაც ცოტა მეტი მოეთხოვებოდა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დებიუტანტმა ქართველმა კიდევ ერთი გამოცდილი ფალავანი, ამერიკელი ტრევის სტევენსი დააიპონა. ერთი სიტყვით, სერბულ ბარიერთან წაფორხილების მიუხედავად, მისი ბუდაპეშტური ასპარეზობა მაინც დადებითად უნდა შევაფასოთ.
ნოდარ მეტრეველი ამ ტურნირის ერთ-ერთი სასიამოვნო გამონათება აღმოჩნდა. ბოლო წლებში ამ ბიჭზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონობაც მოასწრო, მაგრამ მერე თანდაყოლილმა სიზარმაცემ ნიჭის გამოვლენის შანსი არ მისცა. ის ერთი იმათგანია, ვისზეც ნაკრების ავსტრიელი თავკაც-კონსულტანტი პეტერ ზაიზენბახერი იმედებს ამყარებს. თუ ბუდაპეშტში ნანახით ვიმსჯელებთ, არცთუ უსაფუძვლოდ. მან პირველ წრეში უნგრელი ადამ იუნასცი სულ რაღაც 1 წუთში დააიპონა, თუმცა უცნობ უნგრელთან წარმატება მოსალოდნელიც იყო, ფრანგ მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორ პიერ რობინთან მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვება ბევრად თვალსაჩინო წარმატებაა. იუკო, ვაზარი და იპონი - ჩვენებურმა ყველა სინჯის ქულა აუღო მეტოქეს ასეთივე ზრდადი თანმიმდევრობით და დიდი უპირატესობა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
ფიზიკურად კარგად მომზადებული ალჟირელი მოჰამედ ბუიჩაუი კი გაუძალიანდა, მაგრამ მეტრეველმა ერთი გაფრთხილება და იუკო მაინც მიითვალა. ნახევარფინალში ქართველი ბრაზილიელ რაფაელ სილვასთან დამარცხდა, რაშიც მთავარ მიზეზად არასაკმარისი ფიზიკური მომზადება და წონის ნაკლებობა უნდა მივიჩნიოთ. მას არც ისე ძლიერი მეტოქე ჰყავდა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში - ჰოლანდიელი ლუკ ვერბიხი.
უნგრეთის მსოფლიოს თასის მონაწილე დანარჩენ ქართველებს რაც შეეხებათ, ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი (73) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა - სერბ მილოშ მიიალკოვიჩთან ვაზარით წააგო. თითო შეხვედრა მოიგეს 90-ში მოასპარეზე ლაშა გურულმა და საბა გავაშელიშვილმა. გურულმა ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორი და მასთან შედარებით ძალზე გამოცდილი ესტონელი გრიგორი მინასკინი დააიპონა, მერე კი უნგრელ ტომაშ მადარაცისთან დამარცხდა ვაზარით. გავაშელიშვილმა საფირმო ბრუნით უნგრელი იშტვან ნაგი გაიქნია საიპონედ, მერე კი უკრაინელთა ფერადკანიანთან, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ ქუდჯაუ ნჰაბალისთან დამარცხდა ასევე სუფთად. ალექსანდრე იაკობაშვილმა (66) მოლდოველ იგორ სოროკას ორი ვაზარით სძლია, პორტუგალიელთა რუს სერგეი ოლეინიჩს იუკოთი აჯობა, მომდევნო წრეში კი ფრანგ პიერ დუპრატთან წააგო ორი გაფრთხილებით.
მთლიანად ტურნირის მიმდინარეობიდან გამოვარჩევთ უნგრელი ძმების - ატილა და მიკლოშ უნგვარების ფინალს 73-ში, მონღოლურ ფინალს 100-ში და კამერუნელი ფრანკ მუსიმა ევანეს ბრინჯაოს მედალს. ძმების შეხვედრაში უმცროსმა ატილამ იმარჯვა, რომელიც სულ უფრო უმატებს და ევროპის წლევანდელი პრიზიორიცაა, თუმცა ტიტულებით ჯერ მაინც ჩამორჩება ევროპის ორგზის ჩემპიონსა და მსოფლიოს სამგზის ბრინჯაოს მედალოსან ძმას. მონღოლთა დაპირისპირებაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნაიდინ ტუვშინბაიარმა დამაჯერებლად იმარჯვა, კამერუნელმა კი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ბრაზილიელ მსოფლიოს ჩემპიონ ლუსიანო კორეას აჯობა.
კვარცხლბეკი. ვაჟები.
60 კგ. 1. ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია), 2. ჰოვანეს დავთიანი (სომხეთი), 3. ბეთქილ შუკვანი (საქართველო), ფელიპე კიტადაი (ბრაზილია).
66 კგ. 1. ჯუნპეი მორიშიტა, 2. მასაში ებინუმა (ორივე - იაპონია), 3. პიერ დუპრატი (საფრანგეთი), არმენ ნაზარიანი (სომხეთი).
73 კგ. 1. ატილა უნგვარი, 2. მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი), 3. იასუჰირო ავანო, რიკი ნაკაია (იაპონია).
81 კგ. 1. სრდჟან მრვალჯევიჩი (სერბეთი), 2. ალაინ შმიტი (საფრანგეთი), 3. დავით კარბელაშვილი (საქართველო), ივან ვორობიოვი (რუსეთი).
90 კგ. 1. დაიკი ნიშიამა (იაპონია), 2. კამალ მაგომედვი (რუსეთი), 3. მასაში ნიშიამა (იაპონია), მაქს შინჰოფერი (ავსტრია).
100 კგ. 1. ნაიდინ ტუვშინბაიარი 2. ტამუულენ ბატულგა (მონღოლეთი), 3. კაიჰან ტაკაგი (იაპონია), ფრანკ მუსიმა ევანე (კამერუნი).
+100 კგ. 1. რაფაელ სილვა (ბრაზილია), 2. მატიას სერაი (სლოვენია), 3. ლუკ ვერბიხი (ჰოლანდია), რენატ საიდოვი (რუსეთი), 5. ნოდარ მეტრეველი (საქართველო).
.