დიდი დაბრუნება ძიუდოში

AutoSharing Option
ამ დღეებში აზერბაიჯანულმა და უკრაინულმა საიტებმა შეთქმულებივით ერთად გვაცნობეს ორი ცნობილი ძიუდოისტის სპორტში დაბრუნების შესახებ - აზერბაიჯანელებს ევროპის ჩემპიონი რენატ მირზალიევი (73) უბრუნდებათ, უკრაინელებს კი უკვე დაუბრუნდათ ორგზის ოლიმპიური მედალოსანი, ათენის თამაშების ვიცე-ჩემპიონი და პეკინის ბრინჯაოს პრიზიორი რომან გონტიუკი (90), რომელმაც კვირას ბუდაპეშტის მსოფლიოს თასზეც იჭიდავა. ის ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა სპორტს, თუმცა არცთუ წარმატებულად - პირველივე შეხვედრა წააგო.

გონტიუკმა სერიოზულ პირველ წარმატებას პეკინში მიაღწია - ფინალში გავიდა, იქ კი ბერძენთა ქართველყოფილ ოლიმპიურ ჩემპიონ ილიას ილიად
ისთან (ჯარჯი ზვიადაური) დამარცხდა. არსებითად, ის მაშინ მოექცა ყურადრების ცენტრში, თორემ მანამ იქნებ ვერც ეფიქრა ვინმეს, მას თუ ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ვიხილავდით. გონტიუკი ამის შემდეგაც რჩებოდა ლიდერთა შორის, თუმცა არასოდეს ყოფილა ისეთი გამოკვეთილი ფავორიტი, როგორიც თუნდაც ილიადისია. ამის მიუხედავად, პეკინში კიდევ ერთხელ ავიდა კვარცხლბეკზე - ამჯერად ბრინჯაო მოიპოვა. ამის შემდეგ მან წონა შეიცვალა - 90-ში გადავიდა, თუმცა წონის დაკლება ადრეც უჭირდა.

გონტიუკმა ტრავმა შარშან მიიღო და მას შემდეგ არ უჭიდავია, ახლა კი დაბრუნებულს წონაში გაორმაგებული კონკურენცია დახვდა. აქ უკვე არ ჩანს ძველი ლიდერი - ევროპის სამგზის ჩემპიონი ვალენტინ გრეკოვი, მაგრამ მოვიდნენ ახლები. კაცმა არ იცის, როგორ წარიმართება ახალთა გზები, მაგრამ ამ ეტაპზე ისინი უფრო ძლიერები ჩანან. ლიდერთა შორის, უპირველესად, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინის ორფერა ნაკრების პირველი ფერადკანიანი ქიუნჯაი ნჰაბალია, თუმცა სათვალავიდან ამოსაგდები არც თბილისის ტურნირის წლევანდელი გამარჯვებული ვადიმ სინიავსკია. შეგახსენებთ - მან თბილისში ფინალში სწორედ ნჰაბალი დაამარცხა. ვფიქრობთ, მათთან ჭიდაობა გონტიუკს ფრიად გაუჭირდება.

ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორს შარშანდელი სეზონი მხოლოდ ტრავმის მკურნალობაში არ გაუტარებია - დაოჯახდა და უკვე 6 თვის ვაჟიც ჰყავს, რომა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ორგზის ოლიმპიური მედალოსანი ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს! ვფიქრობთ, ამით კარგი პარალელის გავლება შეიძლება ჩვენს სპორტსმენებთან, რომელთა ნაწილიც ბოლო ხანებში აშკარად ვაჭრობს ფინანსური საკითხებით.

სხვათა შორის, იმ ერთოთახიან ბინაში გონტიუკის მეზობელი კიდევ ერთი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, ოღონდ თავისუფალ ჭიდაობაში ვასილ ფედორიშინი ყოფილა. როგორც უკრაინული მედიისთვის მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, ისინი თურმე ერთ სართულზე, ოღონდ კედლის სხვადასხვა მხარეს ცხოვრობენ და ოჯახებით მეგობრობენ. გონტიუკის არ იყოს, ფედორიშინსაც ერთი ვაჟი ჰყოლია, 10 თვისა.

დიდი კონკურენციის მიუხედავად, გონტიუკი მაინც იმედოვნებს ოლიმპიადაზე მოხვედრას. მისი დაბრუნების ამბავმაც ამიტომ მიიქცია ჩვენი ყურადღება - ეს წონა, ვალერი ლიპარტელიანის ბოლოდროინდელი ჩავარდნის მიუხედავად, ჩვენთვის მაინც ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებოდ რჩება. თუმცა არა გვგონია, მისი დაბრუნება ჩვენთვის საშიში იყოს.

რაც შეეხება აზერბაიჯანელ მირზალიევს, სპორტიდან მისი წასვლა ბევრად ადრე მოხდა და უფრო სხვა მიზეზით - ელნურ მამადლის კონკურენციამ აიძულა, ჩრდილში გამდგარიყო. მირზალიევი ევროპის ჩემპიონია, მაგრამ მერე ლიდერობა თანდათან ხელთ იგდო მამადლიმ. ის 2006-ში ევროპის ჩემპიონი გახდა, მეორე წელს მსოფლიოს ფინალი იჭიდავა, თუმცა კორეელ კი-ჩუნ ვანგთან წააგო, მაგრამ მალევე აიღო მასთან რევანში - 2008-ში ოლიმპიადის ფინალი მოუგო. ცხადია, მამადლის ასეთი თავბრუდამხვევი წარმატება მირზალიევს შანსს არ უტოვებდა. თანაც მაშინ წონაში ქვეყნიდან ორი კაცის გაყვანა ჯერ კიდევ არ შეიძლებოდა.

მოგეხსენებათ, მამადლიმ უკვე 81-ში გადაინაცვლა (თუმცა ერთი ტურნირი 90-შიც კი იჭიდავა) და მირზალიევსაც დაბრუნების შანსი გაუჩნდა. მით უფრო, ევროპა-მსოფლიოზე უკვე ორ-ორი კაცის გამოყვანაა შესაძლებელი. აზერბაიჯანელთა თავკაცი აგიარ ახუნდზადე იმას კი ამბობს, რომ მირზალიევი გამოცდილი სპორტსმენია, მაგრამ მის საოლიმპიადო შანსებზე მეტად თავშეკავებით საუბრობს. არც გაემტყუნება - მირზალიევს ხომ ძალიან ბევრი გაუცდა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად საშიშია მისი დაბრუნება ჩვენი სპორტსმენებისთვის, საქმე მთლად სახარბიელოდ არც ჩვენ გვაქვს - ჯერ კიდევ ლიდერის ძებნის პროცესში ვართ. მართალია, გვყავს რამდენიმე საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდა - ნუგზარ ტატალაშვილი, ამბაკო ავალიანი, თენგიზ პაპოშვილი, ზებედა რეხვიაშვილი და სხვა, მაგრამ მათ ჯერ აკლიათ გამოცდილება. ამიტომ თავი ვერ დაიმკვიდრეს ლიდერის ამპლუაში.

ბუდაპეშტში კიდევ ერთი ცნობილი სპორტსმენის დაბრუნება უნდა შემდგარიყო - ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ბრიტანელ მსოფლიოს ჩემპიონ კრეიგ ფელონსაც (60) უნდა ეჭიდავა, მაგრამ ახალმა ტრავმამ მისი დაბრუნება ისევ გადაავადა.







.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო ირაკლი! სამწუხაროა რომ ჯარჯი ზვიადაურს მოიხსენიებთ ბერძენათ. შეიძლება ის ბერძენთათვის ილიადისი იყოს მაგრამ პირადად ჩემთვის და მრავალრიცხოვანი გულშემატკივართა აზრით ის ქართველი კაცია. მისი სამშობლო საქართველოა და თუ როგორ გახდა ის ილიადისი გაეცანით მის ბიოგრაფიას.
zubaria
16:34 15-02-2011
0

სიახლეები პოპულარული