ამირან აბუაშვილმა ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადა - არავინ იცის, რამდენ კაბინეტს მისდგომია თავისი ეტლით ორიოდე გროშის სათხოვნელად, რამდენი ნერვიულობა, სიმწარე თუ იმედგაცრუება გამოუცდია, რამდენჯერ შესკდომია გულგრილობის კედელს... მიჭირს დაჯერება, რომ მისი სტაბილური საარსებო შემოსავალი... 150 ლარია, რომელსაც სპორტის სამინისტროსგან იღებს. რამდენიმე წლის წინ ამდენიც არ ჰქონდა და კაცი არ იყო განმკითხავი. არადა, მას გამუდმებული მკურნალობა, ექიმების მეთვალყურეობა, წამლები და მოვლა-პატრონობა სჭირდება... ახლა ისეთ კეთილ ადამიანთა დახმარებით, როგორიც `ქართუ-ჯგუფი~ და მისი ხელმძღვანელობა, აგრეთვე, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები - ირაკლი გიორგობიანი, ეკა ოთიაშვილი და ვატო სურგულაძე არიან, წელიწადში ერთხელ ახერხებს უკრაინაში, ყირიმში, ბურდენკოს სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში წასვლას, ადრე კი ამაზე მხოლოდ ოცნებობდა. ესეც დიდი მიღწევაა, თუმცა გაცილებით მეტია საჭირო. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის იმ ხალხისა თუ უწყებების მიმართ, რომლებიც ყირიმში მის მკურნალობას აფინანსებენ, მაგრამ გზის ფული ისევ მისი საძებარია. თან მომვლელის გარეშე ვერ მიდის, არც პირდაპირი რეისია და მგზავრობა რამდენიმე გადაჯდომით უწევს, რაც ხარჯებს საკმაოდ ზრდის. ჰოდა, ასე გადის დრო წლიდან წლამდე მუდმივ ჭიდილში, ხვეწნა-მუდარაში და ფულის ძებნაში. სარეაბილიტაციო ცენტრი ის მაცოცხლებელი სიმია, რომელიც ჰაერივით სჭირდება მის ორგანიზმს - ამით ვცოცხლობ წლიდან წლამდეო, ამბობს. იქ წელიწადში ორი კურსის გავლა მაინცაა საჭირო, მაგრამ როცა ერთსაც კი დიდი გაჭირვებით ახერხებს, ორზე ვერც ოცნებობს - იცის, ეს შეუძლებელია.
უსაზღვროდ მადლიერია ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობის, წარსულის თუ დღევანდელობის სახელოვანი ძიუდოისტების, სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობის. მადლიერად იგონებს აწ გარდაცვლილ ნარგიზა მესხს, რომელიც მუდამ აქტიურად ეხმარებოდა თანხების მოძიებაში, საბუთების შეგროვება-მოწესრიგებაში... ასევე ემადლიერება ყველას, რომლებიც უანგაროდ და უშურველად ეხმარებიან საბუთების გამზადებაში, ასრულებენ შუამავლის როლს პოტენციურ დამფინანსებლებთან, ეხმარებიან საკუთარი შემოსავლებით; არ ივიწყებს ლევან თედიაშვილის ღვაწლს - სხვების მსგავსად, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონიც სულიერად შეძრა ახალგაზრდა ბიჭის ტრაგედიამ და უდიდესი მორალური თუ ფინანსური დახმარება გაუწია მას, იმთავითვე გვერდში ამოუდგა - მოსკოვში მკურნალობაც კი დაუფინანსა და არც დღეს ივიწყებს მის გასაჭირს. აბუაშვილი ასევე ძალიან ემადლიერება ფონდ `იავნანას~ თანამშრომელს, მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილსა და მის მეუღლეს, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელ თენგიზ გუდაძეს. მისთვის სრულიად მოულოდნელად, ამერიკიდან თეიმურაზ ტაბატაძემ, ისრაელიდან კი გიორგი კვეზერელმა თანხა გადმოურიცხეს. ინტერნეტით შეუტყვიათ აბუაშვილის ამბავი და ძიუდოს ქომაგებმა არც დახმარება დაახანეს... შარშან სამკურნალო ფული კი იშოვა, მაგრამ სამგზავრო თანხებს ვეღარ სწვდებოდა. იყო საშიშროება წასვლა საერთოდ ჩაშლოდა, მაგრამ მშველელად ისევ ძიუდოისტები - ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და გრიგოლ შინჯიკაშვილი მოევლინენ, თანხა მათ დაუმატეს. ყოველთვის გვერდში უდგანან მისი თაობის ძიუდოისტები - სოსო ლიპარტელიანი, ივერი ჯიქურაული, ირაკლი უზნაძე, მწვრთნელი ვაჟა ბალხამიშვილი, აგრეთვე მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა თუ ძიუდოს რეგიონალური ფედერაციის ხელმძღვანელები, თუმცა ისე არ გაგვიგოთ, თითქოს სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებს არ ანაღვლებთ მისი ბედი. პირიქით - აბუაშვილი ძალიან ემადლიერება რამაზ ნოზაძეს, ბადრი ხასაიას, გიორგი ჭავჭავაძეს, რიგით მოქალაქეებს - პაატა ბერიკაშვილს, მიხეილ ჭავჭანიძეს, ფრიდონ ბურდულს...
აბუაშვილის პრობლემებით მუდმივად ინტერესდება გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე, რაიონის ხელმძღვანელობა გამგებელ ნოდარ სანდუხაძის თავკაცობით. ძველებურად დიდ ყურადღებას იჩენენ მცხეთის რაიონის თანამშრომლებიც (აბუაშვილი სოფელ გლდანში ცხოვრობს, რომელიც ადრე მცხეთას ეკუთვნოდა). და მაინც, მკურნალობისთვის საჭირო თანხა ყოველთვის სანთლითაა საძებარი. ბურდენკოს ცენტრში ერთი 45 დღეიანი კურსი აქამდე 2500 დოლარი ღირდა, ახლა კი ცოტათი გაძვირდა - 200-300 დოლარით. ამას გზაც ემატება. ნუთუ არ შეიძლება, არსებობდეს რაღაც ფონდი, სარეზერვო ბიუჯეტი ან რაც გინდათ, ის დაარქვით, სადაც მისთვის, ასეთი ხალხისთვის თანხები აკუმულირდება?
ზემოთ გვერდში მდგომებზე ვსაუბრობდით და მის ცხოვრებაში კიდევ ორი ნათელი სხივია - ეკლესია ყოვლად უსამღვდელოესი ჭყონდიდელი ეპისკოპოსი პეტრე და მეუღლე არუსიკ (რუსიკო) დავთიანი. მეუღლე ეროვნებით სომეხია და მის ცხოვრებაში, ალბათ, უფლის ნებით მოხვდა - ის ერევნის იმავე საავადმყოფოში მუშაობდა, სადაც აბუაშვილი მკურნალობდა. სწორედ მაშინ გაიცნეს ერთმანეთი და სომეხ გოგოს დიდხანს არ უფიქრია, ბედი ქართველი ბიჭისთვის დაეკავშირებინა. მას შემდეგ უსიტყვოდ იზიარებს მეუღლის ყველა ტკივილს - სულიერსაც და ფიზიკურსაც. ჩვენს დროში ასეთი ადამიანები იშვიათად არიან. იმედია, აბუაშვილს დამხმარეები ამ წერილის შემდეგაც გამოუჩნდებიან და სამკურნალო ფულის გამუდმებით ძებნა აღარ მოუწევს.