ხაბულიანი მინიმუმ ერთი თვით

AutoSharing Option
უკვე ორი დღეა, ქართულ სპორტულ წრეებში აქტიურად განიხილება საკითხი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან დილარ ხაბულიანის გადადგომის შესახებ. ჩვენი ინფორმაციით, მას ჯერ კიდევ შაბათს ურჩიესეს გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა, მაგრამ მან დრო ითხოვა.

ეს ფაქტი `ლელოსთან~ საუბარში ხაბულიანმაც დაადასტურა, თუმცა ისიც დაამატა, რომ უახლოეს ერთ თვეში ეს საკითხი გაირკვევა.

- ბატონო დილარ, ამბობენ, რომ განცხადება უკვე დაწერეთ...
- არა, ჯერ არავითარი განცხადება არ დამიწერია და ეს ხმები სიმართლეს არ შეესაბამება.

- ამაზე არც არავითარი ლაპარაკი ყოფილა?
- არ დაგიმალავთ, ლაპარაკი
ნამდვილად იყო, მაგრამ ჯერ განცხადება არ დამიწერია.

- სავარაუდოდ, როდის გაირკვევა ეს საკითხი?
- არ ვიცი. ხვალიდან ერთი თვით შვებულებაში გავდივარ. სავარაუდოდ, ამ პერიოდს უცხოეთში გავატარებ.
დილარ ხაბულიანთან საუბარი ამით დამთავრდა, თუმცა სპორტულ წრეებში კერძო საუბრებისას არ მალავენ, რომ ხაბულიანმა განცხადება უკვე ორშაბათ საღამოს დაწერა. უბრალოდ, ამის გახმაურება სექტემბერში ტოკიოში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატამდე არც ერთ მხარეს არ აწყობსო. ვის აწყობს და ვის - არა, ან რატომ აწყობს და რატომ - არა, ამას მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი ცნობილი ხდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ნამგალაურის კომენტარი. ერთი შეხედვით, ის ყოველგვარ ცვლილებას გამორიცხავს, მაგრამ თუ ადრინდელ ხმებს გავითვალისწინებთ, სწორედ რომ მოსალოდნელ ცვლილებაზეა ორიენტირებული. ნამგალაურის განცხადებით, `ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობაში 9-13 სექტემბერს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატამდე ცვლილებები არც მომხდარა და არც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. დღეისათვის მთავარი ისაა, რომ ეროვნულმა ნაკრებმა წინასწარ დასახული მოსამზადებელი ეტაპი გეგმის მიხედვით გაიაროს და წლის ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ფორუმს სპორტსმენები საუკეთესო ფორმაში შეხვდნენ~. ეჭვებს სპორტის ახალდანიშნულ მინისტრ ლადო ვარძელაშვილის სიტყვებიც ადასტურებს, რომელმაც ფედერაციებთან დაგეგმილ გეგმიურ შეხვედრაზე განაცხადა, ყველაზე მეტად მომთხოვნი ძიუდოს ფედერაციის მიმართ ვიქნებით, როგორც ყველაზე წარმატებულთანო და იქვე დასძინა, ფედერაციაში შიდა დაპირისპირებების დრო უნდა დამთავრდესო. ამ განცხადებების პარალელურად, ძიუდოს სამყაროში უკვე ფედერაციის ახალ პრეზიდენტზე ლაპარაკობენ - ამჟამინდელ პირველ ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ალექსიძეზე.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ნაცრისფერი ნამეტანი უბრალოა, ჭუჭყიანს ჰგავს. თეთრი ჯობდა მაგას
0
უკნა მხარე როგორ გამოიყურება? ვაზის ლერწი ჩანს ნორმალურად, თუ ისევ საცოდავად არის მიკუჭნული კეფაზე სპონსორის ლოგოს წანაზარდივით?
0

სიახლეები პოპულარული