ვის შეარჩევს შესარჩევი? ძიუდოს აკადემიაში ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართება

AutoSharing Option
ამ შაბათ-კვირას, 22-23 ოქტომბერს, ძიუდოს აკადემიაში ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი იმართება ძიუდოში ვაჟთა შორის, რომელშიც 1994-98 წლებში დაბადებული ძიუდოისტები მონაწილეობენ.

22 ოქტომბერს აკადემიაში 60, 66 და 73 კილოგრამის სპორტსმენები იჭიდავებენ, დანარჩენები კი კვირას მოსინჯავენ ძალებს.

მართალია, აქ ასაკობრივი შეზღუდვა მოქმედებს და ქვეყნის წამყვანი ძიუდოისტები არ გამოვლენ, თუმცა მაყურებლისთვის საინტერესო ფალავნები მაინც ბლომად იქნებიან, ძირითადად, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებიდან.

მაგალითად, იჭიდავებს ჭაბუკებში მსოფლიოს მესამე პრიზიორი ვანო ხუბაშვილი, ახალგაზრდებში მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი ირაკლი კუპატაძე, ჭაბუკებში მსოფლიოს ვერცხლ
-ბრინჯაოს მფლობელი რობინზონ ბეგლარაშვილი (სამივე - 60), ახალგაზრდებში ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი და მესამე პრიზიორი თორნიკე ნაგლიაშვილი, იმედის მომცემი ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე - 66), ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ფინალისტი თამაზ კირაკოზაშვილი (73), ამავე ასაკში ევროპის მეორე-მესამე პრიზიორი გიორგი კაციაშვილი, ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი ლაშა დუდაშვილი (81) და კიდევ ბევრი ნიჭიერი მოზარდი ფალავანი.

ასევე საკმაოდ იქნებიან წარმოდგენილნი ის ახალგაზრდები, რომლებსაც უკვე ეროვნულში გამოსვლის სტაჟი დაუგროვდათ. ასეთთა შორის, უპირველესად, უშანგი მარგიანსა (90) და გურამ თუშიშვილს (+100) დავასახელებთ, როგორც ყველაზე ტიტულოვნებსა და ყველაზე გამოცდილებს - ისინი სალიცენზიო მარათონშიც კი მონაწილეობდნენ, თუმცა მაყურებლისთვის უინტერესო არც გიორგი გუგულაშვილის, გელა კელიხაშვილი (ორივე - 66), ბექა შავდათუაშვილის (73), ლევან გუგავას (81), ნოდარ ბერიანის, რევაზ წულუკიძის (ორივე - 100) და სხვათა გამოსვლა უნდა იყოს.

ერთი სიტყვით, ამ შაბათ-კვირას ძიუდოს აკადემიაში მაყურებელს საინტერესო ამბები ელოდება - შედეგები და ცალკეულ სპორტსმენთა სპორტული ფორმა ცალკე საკითხია, მაგრამ არანაკლებ საყურადრებოა მოსალოდნელი საკადრო გადაადგილებები - ვის რა შანსი აქვს ახალ წონაში და ვის მოუწევს წონის დაკლება ძველში დასაბრუნებლად.

თავად 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატი 11-12 ნოემბერს თელ ავივში ჩატარდება. იქ ერთი მონაწილე გოგონებშიც გვეყოლება - ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მარიამ ჯანაშვილი (52).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ან რომელ საატზე იცკება ან ან რომელ საატამდეაა დაცერეტ რა მამაცხნებულებო..სამაგიეროდ ეს ცჰვენი საიტები ნინო ბადურასჰვილს რა პერის ნ...... ეცვა იმას ასჰუქებენ დაცვრილებიტტ
kakula
11:47 22-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული