ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატი: ძიუდოისტთა ებრაული გამოცდა

AutoSharing Option
11 ნოემბერს თელ ავივში 23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელშიც ვაჟების ნაკრები სრული შემადგენლობით გამოვა, გოგონებში კი ერთი მონაწილე გვეყოლება.

ბიჭებს ამ ტურნირისთვის საგანგებოდ ჩაუტარდათ შესარჩევი შეჯიბრება და ისრაელში წასაყვანი შემადგენლობაც ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა იმ შეჯიბრების შედეგებით შეარჩია და გუნდში ყველა გამარჯვებული შეიყვანა, თუმცა 81-სა და 90-ში თითო მონაწილეც დაუმატა. მწვრთნელმა მხოლოდ ეს ორი წონა გააორა, სადაც შესარჩევის ჩემპიონებს კობა მჭედლიშვილი (81) და ბექა ღვინიაშვილი (90) მიემატნენ. მათ შესარჩევში არ უჭიდავიათ, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მწვრთნელებმა იმთავითვე
დაუბევეს ადგილი.

ამ ტურნირს დიდი ისტორია არ აქვს, თუმცა ჩვენების მონაწილეობა კიდევ უფრო მცირე დროს ითვლის. იქ არც წლეულს გეგმავდნენ გამოსვლას, მხოლოდ ბოლო დროს გადაწყვიტეს წასვლა.

ჩვენს გუნდში რამდენიმე გამოცდილი ძიუდოისტია, თუმცა ამ მხრივ ბექა ღვინიაშვილს ვერავინ შეედრება - ახალგაზრდებში ევროპის სამგზის, ხოლო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს უკვე ოლიმპიადაზე ჭიდაობის გამოცდილება უმაგრებს ზურგს. გამოცდილებით მას არც ეროვნული ნაკრების მეორე წევრი - უშანგი მარგიანი ჩამორჩება, თუმცა ის ახალ წონაში - 90-ში ჭიდაობს.

ტიტულოვანია ახალგაზრდებში ევროპის ფინალისტი და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი ლევან გუგავა (81), თუმცა წინა ორს ჩამორჩება ეროვნულ ნაკრებში ანუ უფროსებში ასპარეზობის გამოცდილებით. გუჯეჯიანის გუნდში ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი კანდიდატია, ვინც რიოს ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძოდა - ახალგაზრდებში ევროპის ორგზის და ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100).

გუნდის სხვა წევრები ახალგაზრდებში საკმაოდ ტიტულოვანები არიან, თუმცა უფროსთა შორის ასპარეზობის გამოცდილება აკლიათ.

როგორც გითხარით, გოგონებში ერთადერთი მონაწილე გვეყოლება - ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ფინალისტი მარიამ ჯანაშვილი, ვინც 52 კილოგრამში იჭიდავებს.

ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ სხვების წაყვანა არ მიიჩნია მიზანშეწონილად, რადგან ახალი თაობის სპორტსმენები ჯერ ძალზე პატარები არიან 23-წლიანებში საასპარეზოდ, ხოლო უფროსი თაობის გოგოები მზად არ არიან მათთან ტოლ-სწორად საპაექროდ.

რაც შეეხება ჯანაშვილს, მისი წაყვანის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქართველოში არ ჰყავს შესაფერისი პარტნიორები და სპორტული თვალსაზრისით ვეღარ იზრდება, ის "გადაიზარდა" ამ დონისთვის, მისი შემდგომი ზრდისთვის კი აუცილებელია უცხოეთში ვარჯიში თუ ასპარეზობა. სწორედ ამ შანსს იყენებენ თელ ავივში, მაგრამ იქ ჯანაშვილი მხოლოდ სტატისტის როლში არ იქნება. მან უკვე გაიარა ორი ერთობლივი საწვრთნელი შეკრება - ოქტომბრის ბოლოს ესპანურ მალაგაში იყო ერთობლივ კემპზე, ამ დღეებში კი თელ ავივში ივარჯიშა ისრაელის 23-წლიანი გოგოების ნაკრებთან ერთად.

ევროპის ჩემპიონატი პარასკევს და შაბათს ტარდება. პირველ დღეს ბიჭებიდან 60, 66 და 73-ის, გოგოებიდან კი 48, 52, 57 და 63-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ. დანარჩენები მეორე დღეს მოსინჯავენ ებრაულ ტატამს.

ტურნირი საკმაოდ ძლიერი იქნება - მასში 40 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი გამოვა. იქნებიან გამოცდილი ათლეტებიც. მაგალითად, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ბულგარელი მონაწილე ივაილო ივანოვი (81), ხოლო ევროპული ფედერაციის საიტი ცნობილ მონაწილეთა შორის ბექა ღვინიაშვილსაც ასახელებს.

ვაჟები
60 კგ. თემურ ნოზაძე
66 კგ. თორნიკე ნაგლიაშვილი
73 კგ. გიგა გიგაური
81 კგ. ლევან გუგავა, კობა მჭედლიშვილი
90 კგ. უშანგი მარგიანი, ბექა ღვინიაშვილი
100 კგ. ლაშა ტაველური
+100 კგ. გურამ თუშიშვილი

გოგონები
52 კგ. მარიამ ჯანაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
იქნებ სტრიმი დადოთ რა ან გვითხრათ როგორ და სად ვნახოთ შეხვედრები ჩვენი ძიუდოისტების მონაწილეობით.
დათო
13:00 11-11-2016
0
დღეს ყველამ წააგო.
ჯ.ჩ.
15:58 11-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული