ღონიერი, გონიერი... ინტერვიუ ვლადიმერ გეგეშიძესთან

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის სამყაროში ახალი ერა დაიწყო - შეიცვალა ფედერაციის ხელმძღვანელობა, გადახალისების პროცესშია სამწვრთნელო შტაბები ყველა ნაკრებში, შემოდის ახალი ხედვები, ახალი მიდგომები და სისტემები. ფედერაციაში არც მალავენ, რომ დროს ჩამორჩნენ და მას ისევ უნდა აუწყონ ფეხი.

ამასობაში ეროვნული ჩემპიონატიც კარს მოგვადგა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში - 14-15 თებერვალს სპორტის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. ტრადიციულად, ის ევროპის ჩემპიონატისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა და ამდენად, ფრიად მნიშვნელოვანიც, თუმცა ის ახალი ოლიმპიური ციკლის პირველი დიდი შეჯიბრებაცაა, რომელმაც შეიძლება, საკადრო თვალსაზრისით, ბევრი სიახლეც მოიტანოს: ვიღაც წონას შეიცვლის, ვიღაც თავს
დაანებებს სპორტს, გამოჩნდებიან ახალი კადრები...

მოახლოებულ ჩემპიონატზე, საჭიდაო გუნდებში მოსალოდნელ საწვრთნელ რეფორმებზე თუ დღეს არსებულ პრობლემებზე ინტერვიუ ვთხოვეთ ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ლონდონის ოლიმპიადის მეხუთეადგილოსან ვლადიმერ გეგეშიძეს, ვინც ჯერ კიდევ შარშან ნაკრების წევრი იყო. ის იანვარში მოსკოვშიც გაემგზავრა ივან პოდუბნის მემორიალზე საჭიდაოდ, თუმცა დღეს საბოლოოდ დაადასტურა, რომ დაასრულა კარიერა.

ის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის უმცროსი ძმაა, თუმცა რესპონდენტად არა ამ ნიშნით, არამედ როგორც ვეტერანი მოჭიდავე და თანამედროვე ტენდენციების მცოდნე შევარჩიეთ. ამასთან, მას ძალიან საინტერესო იდეები აქვს საქართველოში ჭიდაობის რეფორმასთან დაკავშირებით, დასაწყისში კი ქვეყნის მოახლოებულ ჩემპიონატსა და საკუთარ გადაწყვეტილებაზე ვთხოვეთ აზრის გამოთქმა, რადგან ოფიციალურად არ გამოცხადებულა, დაასრულა თუ არა მან კარიერა.

- თავდაპირველად კარიერის შესახებ მინდა, გკითხოთ: რას აპირებთ, გამოხვალთ საქართველოს ჩემპიონატზე?
- არა, საქართველოს ჩემპიონატზე აღარ ვიჭიდავებ, რადგან ასპარეზი ახალგაზრდებს დავუთმე. კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება ოლიმპიადის წინ მივიღე, როცა ვერ მოვიპოვე ლიცენზია და ის ახალგაზრდა რობერტ კობლიაშვილმა აიღო. რაკი ჩემზე ახალგაზრდამ შეძლო ამის გაკეთება, ესე იგი, ძველებურად აღარ შემეძლო და მივიღე სპორტიდან წასვლის გადაწყვეტილება.

ჩემი პოზიციაა, რომ ახალგაზრდებს გზა დავუთმოთ. გუნდში ისედაც ძირითადად სულ ჩემი მეგობრები არიან; ისინი ლეიბზე, სპორტში კი იყვნენ მეტოქეები, მაგრამ ცხოვრებაში მეგობრები არიან და რაც შემეძლება - რჩევა იქნება, პრაქტიკული დახმარება, ვარჯიშის სტილი თუ სხვა, ყველას დავეხმარები.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, საქართველოს ჩემპიონატზე ყველა ლიდერი იჭიდავებს?
- როგორც ვიცი, ყველა იჭიდავებს, თუ ვინმეს ტრავმა არ აწუხებს. თუმცა გააჩნია, ვის აქვს ეს ტრავმაც და მან ექიმის ცნობაც უნდა მოიტანოს. ისე არ უნდა იყოს, ვიღაცა სამეულში ვერ ხვდება, მაგრამ ტრავმის მიზეზით ჩემპიონატი გამოტოვოს და მერე პრეტენზიები წამოაყენოს. როგორც ვიცი, საქართველოს პირველობაზე გამოსვლა ყველასთვის სავალდებულოა და ამ ტურნირს უნდა მივცეთ ის დატვირთვა, რომ საქართველოს ჩემპიონი ავტომატურად ჭიდაობდეს ევროპის ჩემპიონატს. იყო პრაქტიკა, როცა ქვეყნის ჩემპიონს შეკრებებზე გააყოლებდნენ მეორე და მესამე ნომრებს, გამარჯვებული დაძაბული იყო, საერთაშორისო ტურნირებს პიკში, ევროპის ჩემპიონატს კი, მორალურად დაცლილი ხვდებოდა. თუმცა ვიმეორებ: ეს ჩემი აზრია, თორემ არიან გამოცდილი მწვრთნელები.

- თუმცა მაგ შემთხვევაში ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ჩემპიონს გარანტირებული თუ ექნება ევროპაზე წასვლა და არ იქნება კონკურენცია, შეძლება ევროპის პირველობამდე დარჩენილ დროში მოუკლოს...
- აი, რუსებმა ახლა ჩაატარეს პოდუბნის მემორიალი და მისი შედეგებით უკვე დააკომპლექტეს ევროპის პირველობაზე წამსვლელი გუნდი. ისინი ამ ტურნირის მიხედვით წყვეტენ, ვინ წაიყვანონ ევროპის პირველობაზე და მათ შედეგებსაც ვხედავთ.

- თუმცა იქ მაინც არაა გარანტირებული წასვლა, მოსამზადებელ პერიოდშიც თავს თუ ვერ გამოიჩენს. მაგალითისთვის ისევ რუსების 2012 წლის პირველობას გაგახსენებთ, რომელიც ოლიმპიადისთვის შესარჩევი იყო: იქ ნიკიტა მელნიკოვმა გაიმარჯვა, მაგრამ ოლიმპიადაზე რუსტამ ტოტროვი წაიყვანეს, რადგან საერთაშორისო ტურნირებში უკეთ იჭიდავა...
- მაგათი შიდა სამზარეულოს დეტალები არ ვიცი, მაგრამ ჩემს აზრს ვამბობ: სულ იდგა ნაკრებში ის პრობლემა, რომ ვინ სად იჭიდავებდა, ბოლო დღემდე არ იცოდნენ და სულ იყო ბიჭებში უთანხმოება. ადრეც ასე ვფიქრობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ვინ სად იასპარეზებს, ეს არაა სპორტსმენების გადასაწყვეტი. მათ ერთმანეთთან უნდა იმეგობრონ, მწვრთნელები კი ხელფას-პრემიებს იმაში იღებენ, რომ გუნდი ისე დააყენონ, არავინ დარჩეს უკმაყოფილო, ვისაც რა ეკუთვნის, ის უნდა მიიღოს.

ოლიმპიადის წინაც ჩვენ რამდენიმე თვით ადრე ვიწყებთ მზადებას ლიცენზიებისთვის, სხვა ქვეყნებში კი წლების განმავლობაში ემზადებიან ამისთვის და იმიტომაც აქვთ ჩვენზე მეტი შედეგი. ჩვენი სპორტსმენები არც ფსიქოლოგიურად არიან იმ დონეზე მომზადებულები, ყველაფერს გაუძლონ.

აქედან გამომდინარე ვამბობ, საქართველოს ჩემპიონი უნდა მოემზადოს ევროპის ჩემპიონატისთვის, თუ ტრავმა არ აქვს. საამისოდ მათ მწვრთნელებმა უნდა დაუწერონ გეგმა, რაც, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, საჭირო მგონია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მეორე-მესამე ნომრები მოუმზადებლები და ტურნირის გარეშე დარჩნენ. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ლიდერმა ტრავმა რომ მიიღოს, მისი შემცვლელიც მზად უნდა გვყავდეს.

- ანუ მივდივართ იქამდე, რომ საჭიროა სისტემის აწყობა, რაზეც ჩვენთან ინტერვიუში ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემაც ისაუბრა...
- ამაზე ჩემს ძმასთან მეც მქონდა საუბარი. მას ჭკუას კი არ ვარიგებ, არამედ როგორც ნაკრების წევრი, ვეუბნები, რა პრობლემა იყო მოსაგვარებელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში. "თავისუფალთა" გუნდშიც იყო იგივე ხარვეზები, მაგრამ ამ დოზით - არა.

მოსამზადებელი გეგმა აუცილებელია და ფედერაციაში ამ სისტემის აწყობაც იგეგმება. ბიჭებსაც ვუთხარი, რომ თქვენი საქმე არაა გუნდის დაკომპლექტება, თქვენი საქმეა ვარჯიში, შედეგი და კარგად ჭიდაობა, ფედერაციის ვალი კი პირობების შექმნაა-მეთქი. მწვრთნელები რომ ხელფასს და პრემიას იღებენ, კეთილი უნდა ინებონ და დროულად გაანაწილონ, ვინ სად იჭიდავებს, ვინ რა უნდა აკეთოს და ასე შემდეგ.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, იგეგმება ვიდეოთეკის გაკეთება და კონკრეტული მეტოქეების ინდივიდუალურად შესწავლა? ან პირად მწვრთნელებს თუ მიეცემათ კონკრეტული მითითებები, რომ მათმა შეგირდებმა გამოასწორონ კონკრეტული ხარვეზები, რათა ლამის მუდმივად ერთი და იგივე შეცდომით არ აგებდნენ?
- ჯერ იმდენი რამეა დასალაგებელი, ამას რამდენიმე თვეში ვერ დაალაგებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ფედერაციის პრეზიდენტი დაავალებს ნაკრებთან მომუშავე ყველა მწვრთნელს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ მზადებაში. კიდევ ვიმეორებ: მათ აქვთ ის ანაზღაურება და პრემიები, რომ სხვა სამუშაოზე არ იფიქრონ, მოინდომონ, მთლიანად ჭიდაობაზე იყვნენ კონცენტრირებულნი, ანუ ეს იყოს მათი პროფესია. ხელფასს მარტო იმაში ხომ არ იღებ, ჩახვიდე შეკრებაზე, სასტვენს ჩაბერო და წამზომი დაინიშნო? მეტოქის სტრატეგიაც უნდა შეისწავლო და ის ახალი ვარჯიშებიც გადმოიღო, რადგან მსოფლიო გადავიდა საერთოდ ახალ ვარჯიშებზე.

როგორც ვიცი, ჩვენთანაც იგეგმება ამ სიახლეების გადმოტანა. თანამედროვე გამოცდილების დანერგვა აუცილებელია, მათ შორის – ფიზმომზადებაშიც. უკვე ყველას ჰყავს თავისი დიეტოლოგები, ფიზმომზადების სპეციალისტები, აქვთ საკვები დანამატები, ოღონდ ისინი უნდა მიიღო ზომიერად, თანმიმდევრულად, თავისი წესით. ეს ყველაფერი ჩვენთან მოსაგვარებელია და, ვიმედოვნებ, ასეც იქნება.

- როგორც ვიცი, პირადად თქვენც საინტერესო იდეები გაქვთ რეგიონებში ჭიდაობის განვითარებასთან, მოჭიდავეთა განათლების ამაღლებასთან, მათთვის ინგლისურის სწავლებასთან და კიდევ ბევრ საკითხთან დაკავშირებით...
- ამდენი წელიწადი გავატარე სპორტში და ვხედავდი, რა დიდი პრობლემა იყო ენობრივი ბარიერი. ყველგან მწვრთნელს ვერ ატარებ. არადა, ელემენტარულად, წყალი მოგინდება, მაღაზიაში დაგჭირდება შესვლა და გინდა, გააგებინო, რა გსურს. აი, ამ დონის ცოდნაზეა ლაპარაკი და არა დახვეწილ ინგლისურზე, რომ ჰკითხო, სადაა სასწორი, სასადილო, რომელ საათზე გავა ავტობუსი; ან, ვინმე რომ გკითხავს, როგორ ხარო, პასუხი გასცე, და ასეთ ელემენტარულ რამეებზე.

კარიერის დასრულების შემდეგ ზოგი მწვრთნელი ხდება, ზოგიც - მსაჯი, იქაც სჭირდებათ უცხო ენა, რაც ხშირად ძალიან დიდ პრობლემებს უქმნით. ამიტომ კომუნიკაციის დასამყარებლად საჭირო უცხო ენების გადამზადების კურსების მოწყობის ინიციატივით გამოვდივარ. კარგი იქნება, ამ წამოწყებაში საერთაშორისო დონორები და კერძო სექტორი თუ გაერთიანდებიან. ამჟამად ვმუშაობ სათანადო პროექტზე, რომელსაც წარვუდგენ დონორებს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ რეგიონში მეტ დამწყებ სპორტსმენს მიეცეს ენობრივი ბარიერის მოგვარების შესაძლებლობა.

ამის გარდა, ახალგაზრდა სპორტსმენებში განათლების პროპაგანდაც ძალიან მინდა სლოგანით - "ღონიერი, გონიერი". დიდი სურვილი მაქვს, სპორტსმენებში განათლების სოციალური კამპანია ვაწარმოოთ. ასევე ძალიან მსურს, ნებისმიერ რეგიონში ყველა დარბაზს, სპორტსკოლას ჰქონდეს მინი-ბიბლიოთეკა, რადგან ფრიად მნიშვნელოვანია, მოჭიდავეები ასპარეზობისას მხოლოდ საკუთარი ძალის იმედად არ იყვნენ,
კითხვა კი აზროვნებას უწყობს ხელს.

ამ პრობლემის მოგვარების მიზნით გვინდა რეგიონების შემოვლა, სად რა ვითარებაა და სად რისი გაკეთება შეიძლება, რომ შევიტანოთ წიგნები და ვიზრუნოთ მოჭიდავეთა წიგნიერებაზე.

ჩემი ინიციატივით, ჭიდაობის ფედერაცია უკვე შეუერთდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აქციას - "იმოქმედე", რომელიც მიმართულია ძალადობის წინააღმდეგ. ჩემი მიზანია, ამგვარი სოციალური აქტივობებით მოვახერხოთ ცნობიერების ამაღლება სპორტსმენებში და, ზოგადად, საზოგადოებაში, რომ ძალადობა დაუშვებელია.

ასევე მინდა, რეგიონებში ჩავიყვანოთ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები - მწერლები, პოეტები და შევახვედროთ მოზარდებს. ეს ყველაფერი ჯაჭვურ კავშირშია ერთმანეთთან - ახალგაზრდა თაობა რაც მეტად განათლებულია და მეტად ინტელექტუალური, მით ნაკლებად მოძალადეა. ეს სოციალური პასუხისმგებლობაა და მინდა, ის კიდევ უფრო აუმაღლდეთ სპორტსმენებს, რადგან წარმატებული ათლეტები საზოგადოებისთვის ავტორიტეტული ფიგურები ხდებიან, რომლებსაც ბაძავენ მოზარდები. ამასთან, შესაძლოა, მათ მოუწიოთ ისეთ სფეროში მუშაობა, სადაც იქნებიან გადაწყვეტილებების მიმღებები, ამ გადაწყვეტილებებით კი, შესაძლოა, აბსოლუტურად სხვა სოციალურ სფეროშიც კი ახალი თაობები იზრდებოდნენ. ამიტომ ისინი უნდა იყვნენ რეალურად მაგალითები არა მხოლოდ ღონიერებისა და ჭიდაობის თვალსაზრისით, არამედ - სხვა მიმართულებებითაც, რომლებიც, როგორც გითხარით, ჯაჭვურ კავშირშია ერთმანეთთან.

ასევე ჩემი სურვილია, რეგიონებში ჩავიყვანოთ ცნობილი ფალავნები და მათ თეორიულ-პრაქტიკული მასტერკლასები ჩაუტარონ იქაურ მოზარდებს, რომ ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს არჩეული სპორტის ესა თუ ის სახეობა, ჭიდაობაზე შეაჩერონ არჩევანი. ამით შესაძლებლობა გვეძლევა, რაც შეიძლება, მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ ჭიდაობაში და გავზარდოთ მასობრიობა.

რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლება უნდა დაგვეხმაროს იმ კუთხით, რომ მწვრთნელებს ხელფასები გაეზარდოთ, რადგან დღეს მინიმალური ანაზღაურება აქვთ. მათ ანაზღაურება თუ გაეზრდებათ, შედეგებიც მოიმატებს, რადგან მწვრთნელმა, ჭიდობის გარდა, სხვა სამსახურზე არ უნდა იფიქროს.

აი, ეს იდეები მაქვს, როგორც ჭიდაობის ოჯახის წარმომადგენელს, და, ვნახოთ, რა გამოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ ქვეყანას არაფერი ეშველება.ეტყობა ბიჭები დაასაჩუქრეს და ფედერაცია ჩაუგდეს საჯიჯგნად. ვაი ჩვენს პატრონს. რა ახალი მიდგომები, ახალგაზრდა ბერძენ რომაელებმა იმდენი მედალი აიღეს არა თუ საქართველოს, მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებს ისტორიაში არ აუღიათ. მოვიდნენ გმირები და დაშალეს სამწვრთნელო შტაბი. ზაზა სილაგაძე ჯერ ვერ გაუშვეს იმიტომ, რომ ჟურნალისტების ხმაურის ეშინიათ. თუ იმ კაცს თავისი შტაბი არ ეყოლა და სხვა დანიშნული ახლადგამომცხვარი მწვრთნელები დაუნიშნეს, რომელთაც არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, გასაგებია რომ შედეგზე ორიენტირებული ფედერაცია არ გამოდის. არც ზაზა აიღებს თავის თავზე ამ ბალაგანს, იმიტომ რომ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს მაღალი. ხოდა წლის ბოლოს დაითვალეთ მედლები, თან კალკულატორი მოიხმარეთ იმიტომ რომ ძალიან ბევრი იქნება. და საერთოდ კვირკველიას ხელმძღვანელობით ძალიან ბევრი მედალი გაკეთდა
0
თავმოყვარე ადამიანი მაგასთან ინტერვიუს არც ჩაწერდა. სირცხვილი
სოსო
15:10 09-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული