- ბ/რ ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი: ახალი წესრიგი, ძველი ფინალები
შედეგად, გამოირკვა კიდევ ოთხი წონის ბირთვი, რომელიც 2-7 მაისს სერბულ ნოვი სადში გასამართავი ევროპის ჩემპიონატისთვის გააგრძელებს მზადებას.
66 კგ
ამ წონაში არ ჭიდაობდა შარშანდელი სეზონის ტრიუმფატორი, ოლიმპიადისა და ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი შმაგი ბოლქვაძე, მის არყოფნაში კი შანსი ყველაზე უკეთ სამტრედიელმა გოგა გოგიბერაშვილმა გამოიყენა. არადა, კონკურენტიც ღირსეული ჰყავდა გოგიბერაშვილმა ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი პირველივე წრეში დაამარცხა და ფრიად დაძაბულ პაექრობაშიც - აჭარის გუნდის წევრ ედნარ შავაძეს 8:7 მოუგო, მერე კი ზღვისპირელთა კიდევ ერთ ფალავანს - მურად მიქელაძეს 6:3 აჯობა. ამას ნახევარფინალში ოზურგეთელ გიორგი გუჯაბიძესთან მოგებაც მიაყოლა: 7:5.
ამასობაში დავითაია ბევრად უფრო იოლად მიიწევდა ფინალისკენ. ტურნირში ისიც საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება, პირველ ორ შეხვედრაში კი "მშრალად" სძლია გარდაბნელებს - გიორგი მამნიაშვილს 3:0 მოუგო, ლაშა ებილაშვილს კი წმინდად სძლია, 8:0. ნახევარფინალში მას გაცილებით სოლიდური კონკურენტი ჰყავდა - აჭარელი არჩილ თურმანიძე, ვინც მართლაც დიდი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ მაინც დამარცხდა: 4:6. აღსანიშნავია, რომ თურმანიძემ პირველ წრეში წონის კიდევ ერთი აღსანიშნავი ფალავანი, ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი, ოზურგეთელი ლევან ქავჟარაძე 2:6 დაამარცხა, ფინალი კი გოგიბერაშვილმა 4:3 მოიგო.
პირველი პერიოდი 1:1 დასრულდა, როცა ილეთი არ გაკეთებულა, ორივე მეტოქე კი პასიურობისთვის თითოჯერ დაისაჯა. კრიტიკული მომენტი მეორე პერიოდში მაშინ დადგა, როცა დავითაია ექიმთან საკმაოდ ხანგრძლივი "ვიზიტის" შემდეგ (ცხვირიდან სისხლი წასკდა) ხალიჩას დაუბრუნდა - ეტყობა, მობილიზება ვერ მოასწრო და სიტუაციის კონტროლიც ამიტომ დაკარგა, რადგან შეხვედრის განახლებისთანავე გოგიბერაშვილი წელში ისე იოლად შევიდა, დავითაიამ თავის დაცვაც ვერ მოასწრო და მხოლოდ წრიდან გაქცევა მოახერხა, რაც სომეხმა არბიტრმა 2 ქულით შეაფასა და სამტრედიელი ფალავანი 3:1 დაწინაურდა.
ცოტა ხანში მან უკეთ შეურჩია პოზიცია, როცა დგომში ორივე ქვევიდან ცდილობდა ბეჭებს ქვემოთ ხელის შეყოფას, მაგრამ ეს უფრო უკეთ გოგიბერაშვილმა შეძლო და სენაკელის დიდი მცდელობის მიუხედავად, მაინც გადააგდო გარეთ - 4:1. ბოლო ნახევარ წუთში გოგიბერაშვილი მხიოლოდ თავს იცავდა, რისთვისაც 2 ქულით დაისაჯა და 4:3 მის სასარგებლოდ.
1. გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია, ომეც)
2. გიორგი დავითაია (სენაკი)
3. მურად მიქელაძე, არჩილ თურმანიძე (ორივე - აჭარა)
75 კგ
ამ წონაში რამდენიმე ანგარიშგასაწევი ფალავანია: გიორგი დათუნაშვილი, მინდია წულუკიძე, ბაკურ გოგოლი და სხვები, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ ახალგაზრდებში მსოფლიოს მოქმედი გამარჯვებული გელა ბოლქვაძე მოულოდნელი ჩემპიონია. ჯერ კიდევ შარშანვე, როცა ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობდა, მის მთავარ კონკურენტად ბოლქვაძე მიიჩნეოდა. ბოლქვაძემ მეოთხედფინალში 4:2 მოუგო 23-წლამდელებში ქვეყნის ჩემპიონს, სენაკელ ბაკურ გოგოლს, ნახევარფინალში კი მარტყოფელ ბექა მამუკაშვილს 5:3 აჯობა.
ფინალის მეორე მონაწილე გარდაბნელი თორნიკე ძამაშვილი გახდა, ვინც ერთით მეტი შეხვედრა ჩაატარა: საკვალიფიკაციო ეტაპზე ილია გულბათაშვილს 2:1 აჯობა, წულუკიძესაც ასეთივე ანგარიშით მოუგო, მინდია ბოლქვაძეს კი 5:1 აჯობა.
ფინალი დაძაბული გამოდგა, პირველ პერიოდში კი მხოლოდ ერთი ქულა გაკეთდა - მსაჯებმა ძამაშვილი პასიურობისთვის დასაჯეს და ბოლქვაძე 1:0 დაწინაურდა. მეორე პერიოდი გაცილებით სანახაობრივი გამოდგა - პირველივე წუთზე ბოლქვაძემ პოზიციურ ჭიდილში აჯობა მეტოქეს, ზურგიდან მოექცა და ჩოქბჯენშიც ჩაიყვანა, რისთვისაც 2 ქულა მიიღო. თუმცა შეტევა გააგრძელა, მეტოქე აქაჩა და ჩინებულად დაატრიალა. ეს მართლაც მშვენიერი გდება მსაჯმა 4 ქულად შეაფასა, მაგრამ პროტესტის საფუძველზე გააუქმეს ზონის წესის დარღვევის გამო და ანგარიში ისევ 3:0 დარჩა.
ამან ძამაშვილს მოტივაცია გაუათკეცა და შეტევა გააძლიერა, ბოლქვაძემ კი უფრო ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ზრუნვა და დარჩენილ 2 წუთზე ოდნავ მეტ დროში გაფრთხილებებით 2 ქულაც დაკარგა, თუმცა ამის შემდეგ თვითონაც გაიყვანა წრიდან და 4:2 დაწინაურდა.
მანამდე ძამაშვილს ნერვებმაც უმტყუნა და ერთხელ მსაჯსაც წაეკამათა, ბოლო წამებზე თავზე გადახტომაც სცადა, თუმცა ბოლქვაძემ კარგად დაიცვა თავი.
1. გელა ბოლქვაძე (აჭარა)
2. თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)
3. ბაკურ გოგოლი (სენაკი, ომეც), მინდია წულუკიძე (აჭარა).
85 კგ
ამ წონაში ძველმა ლიდერმა, ევროპის შარშანდელმა გარდაბნელმა ფინალისტმა რობერტ კობლიაშვილმა გაიმარჯვა, ვინც ფინალში ბაღდადელ ევროპის მესამეპრიზიორ მათე სოფაძეს 2:2-ზე, ბოლო ქულის დამსახურებით აჯობა. აქ მეტოქეებმა ყველა ქულა ერთმანეთის პასიურობისთვის მიიღეს, "ბეწვის ხიდზე" კი კობლიაშვილმა გაიარა. პირველი პერიოდი 1:1 დასრულდა, მეორეში კი, მსაჯთა გადაწყვეტილებით, სოფაძე 2:1 დაწინაურდა. ვერ ვიტყვით, რომ ამის შემდეგ ის პასიური იყო, თუმცა კობლიაშვილიც ცოტა გააქტიურდა და დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე მისცეს ქულა, რამაც ანგარიშიც გაათანაბრებინა და ჩემპიონიც გახადა.
ფინალამდე კობლიაშვილმა ასეთი გზა განვლო: გიორგი ბოლღაშვილს წმინდად, 8:0 სძლია, იონა ფირცხალავას და შალვა ხაჩიძეს კი ერთნაირი ანგარიშით, 4:0 აჯობა. სოფაძემ ტარიელ კეკელიძეს 2:0, ქვედა წონიდან ამონაცვლებულ ნიკოლოზ კელასოვს კი 4:1 მოუგო.
1. რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
2. მათე სოფაძე (ბაღდადი)
3. ნიკოლოზ კელასოვი (აჭარა), შალვა ხაჩიძე (თბილისი).
130 კგ
ამ წონაში სულ ოთხი მონაწილე გამოდიოდა, ანუ მედალი ყველას გარანტირებული ჰქონდა. საკითხავი მხოლოდ ის იყო, იაკობ ქაჯაიას და ზვიად პატარიძის არყოფნაში ვის დარჩებოდა გამარჯვება. საბოლოოდ წრიული სისტემით მიმდინარე ამ შეჯიბრებაში ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა, დოპინგისთვის დისკვალიფიკაციამოხდილმა ლევან არაბულმა იმარჯვა, ვერცხლი კი ახალგაზრდებში ევროპის თბილისელ ჩემპიონ ბექა კანდელაკს დარჩა. ამათ უშუალო დაპირისპირებაში არაბულმა 9:4 იმარჯვა.
1. ლევან არაბული (მცხეთა)
2. ბექა კანდელაკი (თბილისი)
3. სანდრო დიხამინჯია (თბილისი), შოთა გოგისვანიძე (ქუთაისი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"