რიგის ბერძნულ-რომაული გაირკვა

AutoSharing Option
19-20 მარტს რიგა ფრეიდენფელდსის სახელობის საერთაშორისო ტურნირს ახალგაზრდებში მეთოთხმეტედ უმასპინძლებს. აქამდე საქართველოდან ამ შეჯიბრების სტაჟიანი მონაწილენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იყვნენ - მათთვის ეს საევროპოდ ერთ-ერთი მთავარი შესარჩევი ეტაპი იყო, წლეულს კი ბერძენ-რომაელებიც გამოვლენ.

"თავისუფალთა" ნაკრები ამჟამად დუშეთშია შეკრებაზე, ბერძენ-რომაელებმა კი პირველი ანალოგიური ეტაპი უკვე გაიარეს ბაკურიანში, რომელიც მთლიანად ფიზიკურ მომზადებას დაუთმეს და ახლა თბილისში ვარჯიშობენ. "თავისუფალთა" დამრიგებელ ნუგზარ სხირელს ლატვიაში წასაყვანი შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია, მისმა ბერძენ-რომაელმა კოლეგა ვლადიმერ ადეიშვილმა კი უკვე გამოაცხადა გუნდი: ნიკოლოზ ცეცხლაძე (50), ამირან შავაძე (55),
ქემალ ხარაბაძე, ფირუზ წულუკიძე (60), გიორგი დავითაია, საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი, უშანგი ქიტიაშვილი (74), რობერტ ქობლიაშვილი, რევაზ ნადარეიშვილი (84), შოთა გოგისვანიძე, სერგო გოგისვანიძე (120).

ორივე ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის ემზადება, რომლებიც, ტრადიციულად, ისევ ერთმანეთის მიყოლებით ჩატარდება - ევროპის პირველობა 21-26 ივნისს სერბულ ზრენჯანინში, მსოფლიოსი - 26-31 ივლისს - ბუქარესტში. ასეთი შემჭიდროებული გრაფიკიდან გამომდინარე, მწვრთნელები ორ-ორ შემადგენლობას არჩევენ. ადეიშვილის სალატვიო გუნდიც დიდწილად ამითაა განპირობებული - ზოგიერთ წონაში ორ-ორი მონაწილე მოჰყავს, თუმცა ესეც რომ არ იყოს, მეორე ნომრებს შანსს მაინც მისცემდა. ნაკრების კანდიდატები საქართველოს ჩემპიონატზე გამოვლინდნენ, თუმცა ზოგიერთ წონაში ლიდერებმა თუ ულაპარაკოდ იმარჯვეს, ზოგან ფინალური შეხვედრები შედარებით თანაბარ ბრძოლებში წარიმართა. მწვრთნელსაც ორ-ორი კონკურენტი სწორედ ასეთ წონებში მიჰყავს. ბარემ აქვე შეგახსენებთ, რომ ამ სადავო კატეგორიებში საქართველოს ჩემპიონები ხარაბაძე, საჩინო დავითაია, დათუნაშვილი, ქობლიაშვილი და შოთა გოგისვანიძე გახდნენ.

როგორც ვხედავთ, რიგაში მონაწილე არ გვეყოლება 96-ში, სადაც უდაო ლიდერი ალექსანდრე დიხამინჯიაა - ის უფროსებში გახდა საქართველოს ჩემპიონი და ახლახან ბულგარეთში ნიკოლა პეტროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირშიც იჭიდავა. ამიტომ მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე სატურნირო პრაქტიკა აღარ სჭირდება და არც მიჰყავთ. ის ახალგაზრდულ გუნდს შეჯიბრებებში მოგვიანებით შეუერთდება, მზადების გვიანდელ ეტაპებზე.

ზემოთ დასახელებული შემადგენლობიდან ცეცხლაძე და შავაძე სადღეისოდ ავსტრიაში არიან და იქიდან ჩავლენ ლატვიაში. ავსტრიაში ისინი და კიდევ ერთი ბათუმელი - თემურ რუხვაძე 66) იქაური მხარის მიწვევით წავიდნენ და ქალაქ გიოტციში იმ ქვეყნის ახალგაზრდულ თასზეც გამოვიდნენ, მერე კი იქვე ერთობლივ ვარჯიშებზეც დარჩნენ. ტურნირზე ამ სამეულმა დამამშვიდებლის ფინალამდე მიაღწია და ბრინჯაოსთვის იჭიდავა, თუმცა ცეცხლაძეს ხელი მოეცარა და მეოთხეზე დარჩა, შავაძემ და რუხვაძემ კი მოიგეს და მესამე პრიზიორები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ორივემ ზედა წონებში იჭიდავა.

რიგის შემდეგ ჩვენი ახალგაზრდა ბერძენ-როამელები კიდევ ორ ტურნირში გამოვლენ - 20-23 აპრილს ბაქოში აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასზე (აქ შარშანაც უნდა ეჭიდავათ, მაგრამ ის შეჯიბრება ისლანდიაში ამოფრქვეულმა ვულკანის ფერფლმა ჩაშალა ავიარეისების პარალიზების გამო) და 13-15 მაისს ანკარაში "ჩემპიონთა" სახელობის ტურნირში. აპრილშივე გაივლიან შეკრებებსაც, საევროპო ნაკრები კი ამ შეჯიბრებების შემდეგ ჩამოყალიბდება.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული