დღეს ჩემპიონატში ოთხი - 55, 66, 84 და 120 წონითი კატეგორიის ფალავნები იჭიდავებენ. წუხელ გაიმართა წილისყრა. ყველაზე მეტად გოგიტაძეს არ გაუმართლა. ის თავიდან შედარებით სუსტ მეტოქეს კი ხვდება - სლოვაკ ნიკოლას ლაკატოსს, მაგრამ წონის ლიდერებიც ბადის ამ ნახევარში მოხვდნენ. სლოვაკთან წარმატების შემთხვევაში მეორე
დიდად არც მამაგეიშვილს გაუმართლა - პირველ წრეში ახალგაზრდა სომეხ სასუნ ჩამბარიანს ეჭიდავება, თუ ძლევს მერე პორტუგალიელ მანუელ ალმეიდასა და რუსეთის სახელით მოასპარეზე ამბაკო ვაჩაძეს შორის მოგებულს შეხვდება. ვაჩაძემ შარშან ევროპაც მოიგო და - მსოფლიოც, ის ევროპის ბოლო ორი პირველობის გამარჯვებულია და მესამედაც შეეცდება ტიტულის დაცვას, მაგრამ მოსამზადებელი პერიოდი მთლად კარგად არ გაუვლია. ყოველ შემთხვევაში, რუსთა ნაკრების ქართველი თავკაცი და ვაჩაძესავით ქუთაისელი გიორგი კოღუაშვილი არც მალავდა, რომ მისი მომზადებით უკმაყოფილო იყო, თუმცა ვაჩაძე მაინც წაიყვანა დორტმუნდში.
ჩვენი დებიუტანტი, ჯერ ისევ ახალგაზრდული ნაკრების წევრი მათე სოფაძე პირველ შეხვედრას სლოვენიელ დეიან სერნეკთან გამართავს, ამათში მოგებულს კი მეორე წრეში ბელარუს ალიმ სელიმაუს და თურქ აჰმეტ ილდირიმს შორის გამარჯვებული ელოდება. ბადის ამავე ნახევარში არიან აზერბაიჯანელთა ირანელი მსოფლიოს პრიზიორი აჰმან სამან ტახმასები (ეტყობა, ეს მაინც გადაურჩა დოპინგზე ჩავარდნას), ხორვატი ევროპის პრიზიორი ნენად ზუგაი და რუსთა ოსი ალან ხუგაევი, რომელიც ბოლო თვეებში ჩინებულ ფორმაშია.
ჯავახიშვილს ბედმა პირველ მეტოქედ სერბი მილოშ სპასიჩი არგუნა, რომელმაც შარშან ნაკრებში ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი რადომირ პეტკოვიჩი შეცვალა. ნახევარფინალამდე ამ ბადეში ერთადერთი ტიტულოვანი ფალავანია - ესტონელი მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ჰეიკი ნაბი. ნახევარფინალში სავარაუდო კონკურენტთა შორის არიან ბელარუსთა ქართველი ევროპის პრიზიორი იოსებ ჩუგოშვილი, რუსთა მსოფლიოს ორგზის, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ბაროევი და უკვე გვარიანად შებერებული უნგრელი, 35 წლის ევროპის ჩემპიონი მიშალ დეაკ-ბარდოსი.
ორთაბრძოლები დორტმუნდში დღესაც თბილისის დროით საღამოს 17 საათზე დაიწყება. ჩემპიონატი ხვალ დამთავრდება დარჩენილი სამი წონის ფალავანთა გამოსვლებით.