ოლიმპიურ კომიტეტში ლაშხი ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბეგი დარჩიასა და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილთან ერთად მიიწვიეს, მასპინძლობა კი კვლავაც სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა გასწია. როგორც თავად განაცხადა, ამ ამპლუაში ის პირველად შეხვდა ევროპის ჩემპიონს.
გია ნაცვლიშვილი: "დღეს კიდევ ერთი სასიხარულო დღე გვაქვს, ვინაიდან მორიგ წარმატებულ მოჭიდავეს ვმასპინძლობთ.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ფედერაციას, მწვრთნელებს, სპორტსმენს ამ გამარჯვებას, რაც მათი ერთობლივი მუშაობის შედეგია. იმედი მაქვს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ ლიცენზიას არა მხოლოდ ლაშხი, სხვა მოჭიდავეებიც მოიპოვებენ. ჭიდაობებსა და ძიუდოში საგზურების სრულ კომპლექტებს ველოდებით, თუმცა ბერძენ-რომაელთა ნაკრებს მოსამატებელი აქვს. ვიმედოვნებ, მოუმატებენ კიდეც. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ამ წარმატებას."
თემურ ყაზარაშვილი: "ლაშხს შეკრებებზევე ეტყობოდა, რომ კარგად იყო მომზადებული. ჩემპიონატზე ის ყველასგან გამორჩეული იყო. ძალიან ძლიერი ქვეჯგუფი გაიარა და იმდენად კარგად იჭიდავა, ზოგჯერ ჩვენც კი გაგვაკვირვა. ცხადია, ასეთ შეჯიბრებებზე მწვრთნელები ვაკვირდებით, ვინ გამოჩნდება ახალი, ვინ შეიძლება გახდეს ლიდერი. ასეთია ლაშხიც, რომელიც საუკეთესო იყო მთელ ჩემპიონატზე. რუმინელ ეუსებიო დიაკონუს ისე ტექნიკურად ეჭიდავა, მოგვერდით ისეთი სამქულიანი გდება გაუკეთა, გაგვაოცა."
რევაზ ლაშხი: "მადლობას გიხდით ყველას დახმარების და ქომაგობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ხელი შეგვიწყო მზადებაში და ამ წარმატებამდე მიგვიყვანა. იმედია, ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება და უკეთესი შედეგები გვექნება".
ბეგი დარჩია: "ეს წარმატება ლაშხის თავდადებამ და საქმისადმი სწორმა მიდგომამ განაპირობა. ფინალამდე მან ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა, ნამდვილად დამსახურებულად გაიმარჯვა, რასაც კიდევ ერთხელ ვულოცავ. აქვე დიდ მადლობას ვუხდი ყველა ხელძღვანელს დახმარებისთვის, რომლებმაც მაქსიმალურად კარგი პირობები შეგვიქმნეს მოსამზადებლად. დიდი ხანია, ჩემპიონი არ გვყოლია და სასიხარულოა, რომ ეს წარუმატებელი სერია შევწყვიტეთ."
პრესკონფერენციის დასასრულს ბეგი დარჩიას დამატებით რამდენიმე კითხვაც დავუსვით.
- თქვენი აზრით, რა მოხდა ლაშხის შემთხვევაში, რამ გამოიწვია მისი ასეთი მკვეთრი სახეცვლილება?
- შრომამ, საქმისადმი სწორმა მიდგომამ, გამარჯვების სურვილმა და ცხადია, იღბალმაც. ლაშხს გაუმართლა იმ მხრივ, რომ მოსამზადებელ პერიოდში ტრავმა არ მიუღია. სხვათა შორის, უიღბლობამ გერმანიაშიც ძალიან დაგვაზარალა - ანტონ მამაგეიშვილმა მეორე შეხვედრაში ფეხი იტკინა და ამან შეუშალა ხელი მედლის მოპოვებაში, თორემ საამისო ძალა ნამდვილად შესწევდა, კარგად იყო მომზადებული.
- ჩემპიონობა კარგია, მაგრამ საოლიმპიადოდ ალბათ გაგვიჭირდება ლიცენზიების მოპოვება.
- ჯერ ისევ ლაშხზე ვიტყვი. მას უფროსებში მედალი არ ჰქონდა, ახლა კი დამაჯერებლად გახდა ჩემპიონი. გუნდს რაც შეეხება, ტრავმების გამო ოპტიმალური შემადგენლობა ვერ წავიყვანე - გვაკლდა ვლადიმერ გეგეშიძე (84), მანუჩარ ცხადაია (74), არჩილ თურმანიძე (66), რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდაა და ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი. ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოპტიმალური გუნდით წარვსდგებით.
საწადელის მისაღწევად მეტი შრომაა საჭირო. ვიმედოვნებ, ყველა ლიცენზიას მოვიპოვებთ იმის მიუხედავად, რომ საგზურების განაწილების წესი შეიცვალა.
- გუნდის ლიდერებზე - მანუჩარ კვირკველიასა (74) და რამაზ ნოზაძეზე (96) რას იტყვით?
- ევროპაზე კვირკველიას წაყვანა არ იგეგმებოდა. თავდაპირველი გეგმით, გვინდოდა, მას კარტოზიას ტურნირზე ეჭიდავა და ასე მოხვედრილიყო მსოფლიოზე, მაგრამ გერმანიაში მისი წაყვანა ტრავმებმა განაპირობა.
რამაზ ნოზაძე ვარჯიშობს და გულმოდგინედ ემზადება. ამ სპორტსმენში დავინახეთ, რომ ისევ უნდა ჭიდაობა. მთავარი კარტოზიას სახელობის ტურნირია, იქ დავინახავთ, ვინ როგორ ფორმაშია და ვის ექნება მსოფლიოზე წასვლის პრეტენზია.
.