ახალგაზრდების წარმატება

AutoSharing Option
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდები წარმატებით გამოვიდნენ აზერბაიჯანულ ნახიჭევანში ამავე ქალაქის სახელობის თასის გათამაშებაში - გაიმარჯვეს თავიანთ ჯგუფში, ფინალი კი აზერბაიჯანის I გუნდთან წააგეს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ეს შეჯიბრება ჩვენი ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატისთვის ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპი იყო, თუმცა რადგან გუნდური ფორმატით ტარდებოდა, მწვრთნელები შემადგენლობაში შეზღუდულები იყვნენ. ამიტომ გუნდის თავკაცმა ვლადიმერ ადეიშვილმა წონაში მხოლოდ თითო კაცი წაიყვანა: ნიკა ცეცხლაძე (50), თორნიკე ტოტიკაშვილი (55), ქემალ ხარაბაძე (60), საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი (74), დავით ჩაკვეტაძე (84), სანდრო დიხამინჯია (96), სერგო გოგისვანიძე (120).

ტურნირში 10 ნაკრები მონაწილეობდა, რომლებიც ორ ჯგუფად გაჰყვეს. ჩვენებთან ერთად უკრაინის, ირანის, ყაზახეთისა და ნახიჭევანის გუნდები მოხვდნენ. ადეიშვილის შეგირდებმა სამივეს სძლიეს, მაგრამ ფინალში ვერაფერს გახდნენ აზერბაიჯანის მთავარ ნაკრებთან და 2:6 დამარცხდნენ. ჩვენგან ფინალური შეხვედრები ჩაკვეტაძემ და დიხამინჯიამ მოიგეს. თუმცა დიხამინჯიამ არა მარტო ფინალში, არამედ წინა ორთაბრძოლებშიც იმარჯვა და ქართველთაგან ერთადერთმა დაამთავრა შეჯიბრება 100%-იანი შედეგით. მან წლეულს საქართველოს პირველობაც მოიგო უფროსებში და რა გასაკვირია, ახალგაზრდულ ნაკრებში თუ გამოკვეთილი ლიდერია.

პრაქტიკულად, უკვე გარკვეულია ნაკრების შემადგენლობაც, რომელიც ზაფხულში თანატოლთა ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებს, თუმცა ჯერ კიდევ ღიად რჩება ორიოდე წონის საკითხი. ამიტომ გუნდის დასახელებას არც ადეიშვილი ჩქარობს. 18-20 მაისს გუნდის ნაწილი ერევანში გამოვა საერთაშორისო ტურნირზე - მწვრთნელები იქ სწორედ სადავო წონების კონკურენტებს გააგზავნიან, დანარჩენებს კი შეკრებაზე წაიყვანენ დუშეთში. საევროპო ნაკრებსაც სომხეთის შემდეგ გამოაცხადებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული