უკრაინელთა უარი და მაზანდარანელთა თხოვნა

AutoSharing Option
გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ტურნირამდე არც ისე ბევრი დრო რჩება - შეჯიბრება 10-12 ივნისს გივი კარტოზიასავე სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ტურნირი ამჯერად მხოლოდ ვაჟებში ტარდება - ბერძნულ-რომაულშიც და თავისუფალშიც, წარმატებული სპორტსმენები კი ივლისში ბაქოში გასამართი სუპერფინალის საგზურსაც მიიღებენ.

"ოქროს დიდი პრიზის" პირველი საჭიდაო დღე 10 ივნისია - ამ დღეს ბერძენ-რომაელთაგან 55, 66 და 96-ის წარმომადგენლები იასპარეზებენ, "თავისუფალთაგან" - 60-ის და 120-ის სპორტსმენები. 11 ივნისს ბერძენ-რომაელთაგან 74-120-ის, "თავისუფალთაგან" კი 55, 66 და 96-ის მოჭიდავეებს ვიხილავთ,
ბოლო დღეს კი ლეიბზე ბერძენ-რომაელთაგან 60-84, "თავისუფალთაგან" კი 74-84-ის ათლეტები გავლენ. ასპარეზობები სამივე დღეს 9 საათზე დაიწყება, ფინალები კი 18 საათიდან გაჩაღდება. გახსნის საზეიმო ცერემონიალი 10 ივნისს 16 საათზე გაიმართება.

სამწუხაროდ, წინასწარი ვარაუდით, ოდესღაც ძლიერი ეს ტურნირი (განსაკუთრებით - "თავისუფალში") წლეულს ბევრად სუსტი იქნება. სადღეისო მონაცემებით, თბილისში ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის გუნდი ჩამოვა, თუმცა მონაწილეთა რაოდენობა არც ისე ბევრი იქნება, როგორც ამ რანგისას შეეფერება და როგორც სხვაგანაა. ამ დრეებში ირანიდან კიდევ მოვიდა დამატებითი თხოვნა - თურმე მაზანდარანის პროვინციის ნაკრებსაც გამოუთქვამს ჩამოსვლის და ცალკე გუნდად მონაწილეობის სურვილი, რის გამოც ჩვენებისგან მოსაწვევის გაგზავნა უთხოვიათ, რასაც სიამოვნებით დაეთანხმნენ.

ჯერჯერობით შეუძლებელია ლაპარაკი კონკრეტულ შემადგენლობებზე, მაგრამ ასევე წინასწარი განაცხადებით, უძლიერესი გუნდით მხოლოდ ირანელები მოდიან - ორივე სახეობაში. ერთი უსიამოვნო ამბავიც გაირკვა - უკრაინელებმა უარი შემოგვითვალეს. არადა, ისინი ჩამომსვლელთა შორის იყვნენ და გულითაც ეწადათ აქ გამოსვლა. მით უფრო, არც პირველ შეჯიბრებაში უჭიდავიათ და სუპერფინალში მონაწილეობის ბოლო შანსი ეს უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ეტყობა, იქ თავად ფედერაციაშია პრობლემები (თუმცა ეს არახალია - ამ დაპირისპირებას უკვე საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია), რის გამოც ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. თურმე მწვრთნელები ამ ამბის გამო ძალიანაც ყოფილან განრისხებულნი, მაგრამ ფაქტია - ვერ გვეწვევიან.

თუმცა უცხოელები იქით იყოს და, სამწუხაროდ, უძლიერესი შემადგენლობით ვერც მასპინძლები იასპარეზებენ. იმის მიუხედავად, რომ ეს მსოფლიოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი შესარჩევი შეჯიბრებაა, მას ძალიან ბევრი ცნობილი ქართველი ფალავანი დააკლდება. განსაკუთრებით - "თავისუფლებში", სადაც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონისა და ოლიმპიადის პრიზიორ ოთარ თუშიშვილისა (66) და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსან გიორგი გოგშელიძის (96) გამოსვლა ლამის გამორიცხულია. ასევე არ იქნებიან ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონები - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) და დავით მარსაგიშვილი (84). თუშიშვილს ჯერაც არ მოუშუშებია ნატკენი თითები, გოგშელიძემ კი, მოგეხსენებათ, გერმანიაში ხელის ოპერაცია გაიკეთა. ჯერჯერობით ვერც ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაზა თურმანიძე და ვერც მათი პირადი დამრიგებელი ნუგზარ სხირელი გადაჭრით ვერ ამბობენ, მოასწრებენ თუ ვერა ბიჭები ტურნირამდე გამოჯანმრთელებას, მაგრამ პესიმისტურად არიან განწყობილები. "დიდ პრიზს" საპატიო მიზეზით დააკლდებიან ხინჩეგაშვილი და მარსაგიშვილი - საბოლოოდ გადაწყდა, რომ ისინი ახალგაზრდულ ნაკრებსაც დაეხმარებიან ევროპის ჩემპიონატზე და მის 21-26 ივნისს შემადგენლობაში სერბულ ზრენჯანინში იასპარეზებენ.

ბერძენ-რომაელთაგან ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და ვარჯიშები სულ რაღაც ოთხი დღის წინ განაახლა ევროპის წლევანდელმა ჩემპიონმა რევაზ ლაშხმა (60); მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა მანუჩარ ცხადაიამ (66) საქართველოს ჩემპიონატზე მიღებული ტვინის შერყევა კი მოირჩინა, მაგრამ ამ დღეებში ვარჯიშზე ნეკნი იტკინა; გაცივდა და გარკვეული პერიოდი გაუცდა ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონს, ოლიმპიური ვერცხლის მედალოსან რამაზ ნოზაძეს (96), ევროპის პირვეობის წინ ნატკენი ფეხი კვლავაც ვერ მოირჩინა ვლადიმერ გეგეშიძემ (84)... მათგან ჯერჯერობით გადაჭრით მხოლოდ გეგეშიძეზე შეიძლება თქმა, რომ გამოტოვებს ამ შეჯიბრებას. ამ ტრავმის გამო მან ვერც ევროპის პირველობაზე იჭიდავა და არც იმის ვარაუდი გამართლდა, რომ ამ პერიოდისთვის მაინც იქნებოდა ფორმაში. სამწუხაროდ, ესეც გამორიცხულია და მისი ჭიდაობა სარისკოა, რასაც სრულიად შეგნებულად აარიდეს თავი. დარჩია ფიქრობს, რომ დაასვენოს ლაშხი, რომელმაც წლეულს ევროპის გარდა, საქართველოს პირველობაც მოიგო, თუმცა თავად სპორტსმენს კი სურს შინაურ ტურნირზე გამოსვლა. ეს ასევე სურთ ცხადაიას და ნოზაძეს, რასაც დარჩიაც ეთანხმება. მწვრთნელის თქმით, მათი პრობლემები არც იმდენად საშიშია, ასპარეზობაში ხელი შეუშალოს. ბარემ აქვე იმასაც გეტყვით, რომ ცხადაია 74-ში აპირებს გამოსვლას. მოგეხსენებათ, მას საერთოდ იქ სურს გადაბარგება, მაგრამ ტრავმების გამო არც ამ პროცესს დაადგა საშველი. არადა, ეს გარდაუვალიც ჩანს, რადგან სპორტსმენი ძალიან ბევრს იკლებს - 10 კილოგრამამდე.

რაც შეეხებათ ნაკრების დანარჩენ წევრებს, დარჩიას თქმით, ისინი უეჭველად გამოვლენ და ამის შესახებ საკითხი მკაცრად დგას. ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74) იქნება, ევროპის პრიზიორი სოსო ჯაბიძე (96) თუ სხვა, ყველა სრული დატვირთვით ემზადება და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ქართველი მაყურებელი მათაც იხილავს თბილისის სპორტის სასახლეში. აქვე გეტყვით, რომ იასპარეზებენ ახალგაზრდა ბერძენ-რომაელებიც - მეორე ნომრები, პირველ ნომრებს კი ევროპის ჩემპიონატი ელოდებათ. ოღონდ იქ მწვრთნელებს ჯერ საბოლოო შემადგენლობა არ დაუსახელებიათ და ამიტომ ვერც კონკრეტულ გვარებზე გეტყვით რამეს.
საერთოდ, ეს შეჯიბრება მასპინძლებისთვის მთავარი შესარჩევი ტურნირიასექტემბერში სტამბოლში გასამართი მსოფლიოს პირველობისთვის და მწვრთნელები ლიდერთა მონაწილეობას ამიტომაც ითხოვენ. თუმცა შანსი იმათაც მიეცემათ, ვინც ახლა ობიექტური მიზეზით გამოტოვებს ამ შეჯიბრებას. დარჩია უფრო შორსაც მიდის და ამბობს, რომ ლაშხმა კიდეც რომ დაისვენოს, სექტემბერში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე წასვლა მაინც განაღდებული აქვს, რადგან ამ წონაში რეალური კონკურენტი არ ჰყავს.

ჩვენი გუნდები აღნიშნული შეჯიბრებისთვის შეკრების გავლასაც გეგმავდნენ, მაგრამ შეცვალეს და ივლისში გადაიტანეს, მანამდე კი ყველა თავის დარბაზში მოემზადება, პირადი მწვრთნელების მეთვალყურეობით. თუმცა ბერძენ-რომაელთაგან ბევრი ახალგაზრდებს გაჰყვება შეკრებაზე დუშეთში, რომელიც 20 მაისიდან დაიწყება, რითაც ორივე მხარე ისარგებლებს - ახალგაზრდებისთვის უფროსებთან სპარინგები დიდი სკოლა იქნება, ეროვნულის კანდიდატები კი საშეკრებო რეჟიმში ივარჯიშებენ.

დასასრულს, ერთი ცნობაც ირანიდან: მაზანდარანის პროვინციაში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი, თუმცა მასში ძირითადად ირანის პროვინციათა გუნდები გამოდიოდნენ, უცხოელებიდან კი მხოლოდ ჩვენები ყოფილან ჩასული. საკმაოდ სოლიდური გუნდითაც, მაგრამ მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვეს - მძიმე წონაში გიორგი საკანდელიძე მესამეზე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული