არცთუ ცუდი სურათია მონაწილეთა სახელობით სიებშიც - ცნობილი ფალავნებიც ბლომად არიან. ორგანიზატორებმაც დამაკმაყოფილებლად გაართვეს თავი საორგანიზაციო საკითხებს, ჟურნალისტებისთვის კი ყველაზე დიდი სიურპრიზი პრესცენტრის გამართული მუშაობა იყო. ცუდი მხოლოდ ორი რამეა - მასპინძელთა გუნდები მშობლიურ ტურნირს
ჩვენი ლიდერების ამგვარი ქცევა მით უფრო აუხსნელია იმის გათვალისწინებით, რომ ეს სექტემბერში სტამბოლში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უპირველესი შესარჩევი შეჯიბრებაა, იქ კი ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებიც თამაშდება. უმნიშვნელო არც ის გარემოება უნდა იყოს, რომ ეს ტურნირი "ოქროს დიდი პრიზის" სუპერფინალისთვისაც იძლევა ქულებს, იქ კი დიდი საპრიზო ფონდია - გამარჯვებული 10 000 დოლარს იღებს. ბარემ აქვე გეტყვით, რომ ფულადი ჯილდოები ჩვენთანაცაა დაწესებული - ადგილების მიხედვით, შესაბამისად. 1500, 800 და 500-500 დოლარი.
რაც შეეხება მაყურებელს, ვიქონიოთ იმედი, რომ სპორტის სასახლეში მათი გუშინდელი ინერტულობა სამუშაო დღის ბრალი იყო, ხოლო 11 და 12 ივნისს ანუ უქმეებზე ჭიდაობის გაცილებით მეტი მოყვარული მივა.
გუშინ, 10 ივნისს "თავისუფალთაგან" 60-120-ის, ხოლო ბერძენ-რომაელთაგან 55, 66 და 96-ის ფალავნებმა იასპარეზეს. ამ ხუთი წონიდან ქართველთა გარეშე მხოლოდ ერთმა ჩაიარა - 60-მა "თავისუფლებში, სულ კი ჩვენებურთა მონაგარი 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 6 ბრინჯაოა. აქედან "თავისუფლებმა" 1 ოქრო და 3 ბრინჯაო ირგუნეს, დანარჩენი ბერძენ-რომაელთა მონაგარია. "თავისუფალთაგან" ჩემპიონი დავით მოძმანაშვილი (120) გახდა, მესამე საპრიზო ადგილებზე კი მალხაზ ზარქუა (60), ლევან ბერიანიძე და გიორგი საკანდელიძე (ორივე - 120) გავიდნენ. ბერძენ-რომაელთაგანა ოქროს მედლები ლაშა გოგიტაძემ (55) და ირაკლი ქაჯაიამ (96) მოიპოვეს, ვერცხლი - მარადი ზოიძემ (66), ბრინჯაო - ლაშა ლოლაშვილმა, მუხრან მაჭუტაძემ (ორივე - 66) და იაკობ ქაჯაიამ (96).
"თავისუფალთა" შორის გუშინ ჩვენები დაიჩაგრნენ, თუმცა ამას მხოლოდ საკუთარ თავს თუ დააბრალებენ - მომზადებით და საჭიდაო კლასით ორივე ფინალისტი აშკარად მათზე მაღლა იდგა. თუმცა მომავალ ჩემპიონს, აზერბაიჯანელ აჰმად მუსტაფაევს მათთან შეხება არ ჰქონია - მან სათადარიგო ფალავნები დაგვიმარცხა, ლიდერები კი თურქმა ცეტინ ერსინიმ შეიწირა - პირველივე წრეში ევროპის ვიცე-ჩემპიონ მალხაზ ზარქუას მოუგო ძირითად დროში, ნახევარფინალში კი ასევე ორ სეტში ევროპის პრიზიორ მალხაზ ქურდიანსაც აჯობა. ჩვენებურები მოგვიანებით ბრინჯაოსთვის ბრძოლაში შეხვდნენ ერთმანეთს. საკმაოდ უღიმღამო შეხვედრაში ბოლო წლების ტრადიცია კვლავაც გაგრძელდა და ამჯერადაც ზარქუამ იმარჯვა. თუმცა მსოფლიოსთვის მათ თუ არ მოუმატეს, ლიდერებთან ძალიან გაუჭირდებათ.
იგივე მუსტაფაევი აქამდე აზერბაიჯანის ნაკრებში მეორე ნომერიც არ იყო (მათ ამ წონაში ევროპის ჩემპიონი ზელიმხან ჰუსეინოვიც ჰყავთ და ჭაბუკებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ჰაჯი ალიევიც), მაგრამ როგორ იჭიდავა! მანაც და თურქმაც ნამდვილად მაღალი დონის ჭიდაობა შემოგვთავაზეს.
გაცილებით უფრო დამაიმედებელი იყო მოძმანაშვილის გამოსვლა, თუმცა არ ვამბობთ, რომ მსოფლიოსთვის ახლავეა ფორმაში. უბრალოდ, საყურადღებოა მის მიერ განვლილი გზა - მოუგო გიორგი ნიკურაძესა და მსოფლიოს პრიზიორ ლევან ბერიანიძეს. ამას მეორე პერიოდში სუფთადაც აჯობა, ფინალში კი ბელარუსი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ალექსეი შემაროვი დამატებით დროში დაამარცხა. ჩვენებურმა მეორეშიც ფრიად იყოჩაღა, როცა ჯერ თითქოს ბოძებული შანსი ვერ გამოიყენა-ფეხში შესულმა ვერ გადააგდო, მაგრამ ჩოქბჯენში მაინც ჩაიყვანა მეტოქე, იქიდან კი მშვენივრად დაატრიალა. დამატებითშიც გონივრული ტაქტიკით აართვა მომგებიანი ქულა.
კარგად იჭიდავეს ბერიანიძემ და საკანდელიძემაც. ბერიანიძემ სომეხთა ნატურალიზებულ რუსლან ბასიევსაც მოუგო, საკანდელიძემ კი ბერძენ მსოფლიოს პრიზიორ იოანის არზოუმანიდისს აჯობა. ბერძენი იმ სტილის მოჭიდავეა, რომლებთანაც ყველაზე ძნელია გარჯა - მუდამ ცდილობს, ჩახუროს ჭიდაობა, რაც შეიძლება, მჭიდროდ შეეკრას მეტოქეს იმ იმედით, რომ როგორმე გადააგდოს და პირდაპირ შეიძლება თქმა - ქვეშ მოიყოლოს, რადგან მასით საკმაოდ დიდია, მაგრამ საკანდელიძემ ახლა არანაკლები ძალა დაუპირისპირა და რამდენჯერმე მშვენივრად გადააგდო. პირველ პერიოდშიც მას ცოტა დააკლდა, მეტოქის გდება დაეხურა, თორემ დამატებით დრომდე არც მიიყვანდა საქმეს. ოღონდ ეს ღირდა ამად - მესამე პერიოდში სულაც ბეჭებზე დააგდო. ერთი კია - სასურველია, ცოტა მეტი სითამამე გამოიჩინოს ლეიბზე. თუმცა ალბათ, ამ ხარვეზსაც (პირობითად რომ ვთქვათ) დრო და გამოცდილება გამოასწორებს.
ბერძენ-რომაელთა ტურნირში ისე მოხდა, რომ სამივე წონაში ქართულ-ირანული ფინალი გაიმართა. ვერ გეტყვით, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით ეს გუნდები მოეკიდნენ ტურნირს თუ რატომ მოხდა ასე. ამ სამი ფინალიდან ორი ჩვენ მოვიგეთ.
მოგეხსენებათ, ნებისმიერი შეჯიბრების უმთავრესი დანიშნულება ახალი კადრების წარმოჩენაა. ამ მხრივ "თავისუფლებზე" უფრო მეტად ბერძენ-რომაელთა შეჯიბრებამ გაამართლა - ფართო აუდიტორიის წინაშე პირველ დიდ წარმატებებს მიაღწიეს აბულაძემ და ქაჯაიამ. ალბათ, უფრო მაინც ქაჯაია უნდა გამოვარჩიოთ, როგორც ჩემპიონი, თუმცა აბულაძემაც რამდენიმე საყურადღებო თანაგუნდელს მოუგო - არჩილ თურმანიძეს, უჩა შავაძეს, ლაშა ლოლაშვილს... საქართველოს წლევანდელმა ბრინჯაოს პრიზიორმა აბულაძე თურმანიძეს ძირითად დროში მოუგო, თუმცა ფინალში ირანელი ომიდ ნოროოზი უფრო მაღალ დონეზე იდგა - ჩვენებურს ცდა და ჟინი არ დაუკლია, მაგრამ კლასში სხვაობა საგრძნობი იყო.
ამ წონაში ცოტა მეტს ველოდით თურმანიძისგან, რომელიც დღემდე ნაკრების ლიდერი იყო. ის ევროპის ჩემპიონატის წინა პერიოდში ჩინებულ სეზონს ატარებდა, თუმცა ბოლო შეკრებაზე გაცივდა და კონტინენტის პირველობა მაინც გამოტოვა. ამჯერად მან ვერც ბრინჯაოს მოპოვების შანსი გამოიყენა, თუმცა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მისი მეტოქის - ლაშა ლოლაშვილის მშვენიერი ჭიდაობა ჩოქბჯენში, როცა რამდენჯერმე დატრიალდა და გამოცდილ მეტოქეს არაფრით დაანება ტრიალის გაკეთება.
აბულაძისგან განსხვავებით, ირანელი დაჩაგრა ირაკლი ქაჯაიამ - მაჰდი ალიარი. ჩვენებური თავიდან უფრო აქტიურობდა, ბოლოს კი ცოტათი "დადგა". თუმცა მანამ მოასწრო და ორი გდება გაუკეთა, ოღონდ, პირველი პერიოდისგან განსხვავებით, მეორეში ამან გამარჯვება ვერ მოუტანა და შეხვედრაც დამატებით დროში გაგრძელდა. იქ ქაჯაიამ ცოტა უცნაური ქულა მიითვალა - ირანელმა გდება მსაჯის სასტვენის შემდეგ შეასრულა და, ცხადია, არ ჩაეთვალა. მწვრთნელებმა მაინც გააპროტესტეს, რაც მსაჯებმა არ დააკმაყოფილეს და ქულითაც დასაჯეს. ირანელი ნამდვილად ძლიერი ფალავანია - ეგვიპტელ მსოფლიოს ჩემპიონ მოჰამედ აბდელ ფატაჰს მოუგო, ვინაც მანამდე ევროპის პრიზიორი სოსო ჯაბიძე დაგვიმარცხა, თუმცა ქაჯაიაც მოწოდების სიმაღლეზე იყო და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ დამატებით დროში გაუმართლა. საინტერესოა, რომ ის ჯერ ახალგაზრდული ნაკრების წევრია, თუმცა არა ლიდერი - თანატოლთა ქვეყნის პირველობის ფინალში სანდრო დიხამინჯიასთან დამარცხდა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ისაა, რომ საქართველოზე ბრინჯაო მოიპოვა მისმა ბიძაშვილმა - იაკობ ქაჯაიამ, რომელიც ახლაც მესამეზე გავიდა.
კარგად გაისარჯა გოგიტაძეც, რომელმაც ირანელ ბაგერ თავაქოლიანთან საჩემპიონო განაცხადი დაწყებიდან მალევე გააკეთა, როცა მეტოქე მშვენიერ ორქულიანზე გადააგდო. მეორე პერიოდი კი წააგო, მაგრამ მესამეში მისი უპირატესობა საგრძნობი იყო და არც გამარჯვება გასჭირვებია იმის მიუხედავად, რომ ბოლოს მისმა გდებამ ცოტა კამათი გამოიწვია. მთლიანობაში, გოგიტაძე კარგად გამოიყურებოდა. ცუდი ისაა, რომ ამ წონაში თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და მეტი მედალი არ მოგვიპოვებია - ბრინჯაოსთვის მხოლოდ გენადი ქუთათელაძემ იჭიდავა, მაგრამ უზბეკ ისლამ შოდმანოვთან წააგო.
კვარცხლბეკი.
თავისუფალი ჭიდაობა.
60 კგ. 1. აჰმად მუსტაფაევი (აზერბაიჯანი), 2. ცეტინ ერსინი (თურქეთი), 3. უმიდ მამადოვი (აზერბაიჯანი), მალხაზ ზარქუა (საქართველო).
120 კგ. 1. დავით მოძმანაშვილი (საქართველო). 2. ალექსეი შემაროვი (ბელარუსი), 3. ლევან ბერიანიძემ გიორგი საკანდელიძე (ორივე - საქართველო).
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა.
55 კგ. 1. ლაშა გოგიტაძე (საქართველო), 2. ბაგერ თავაქოლიანი (ირანი), ისლამ შოდმანოვი (უზბეკეთი), არმენ ჩომარიანი (სომხეთი).
66 კგ. 1. ომიდ ნოროოზი (ირანი), 2. მარადი აბულაძე, ლაშა ლოლაშვილი, მუხრან მაჭუტაძე (სამივე - საქართველო).
96 კგ. ირაკლი ქაჯაია (საქართველო). 2. მაჰდი ალიარი (ირანი), 3. მოჰამედ აბდელ ფატაჰი (ეგვიპტე), იაკობ ქაჯაია (საქართველო).