ჭაბუკები კუშადასში იჭიდავებენ

AutoSharing Option
ზეგ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა გუნდები თურქეთში გაემგზავრებიან, სადაც კუშადასში საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებენ.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ თამაზ ბენდიანიშვილს იქ არასრული გუნდი მიჰყავს - რამდენიმე მოჭიდავეს ახლა წონას არ აკლებინებს და ზედა წონაში აჭიდავებს. შედეგად, რამდენიმე წონით კატეგორიაში მონაწილე არ გვეყოლება.

სამაგიეროდ, სხვებში ორ-ორი ფალავანით ვიასპარეზებთ. მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილი საპატიო მიზეზით ვერ მიჰყავს - ის ახალგაზრდულ ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებს. საბოლოოდ კუშადასში ასეთი გუნდით გამოვალთ: რამაზ ზოიძე, ტაიფუნ აბდულაევი (42), გიორგი პასიკაშვილი, რამაზ
დარჩიძე (46), შოთა ფანცულაია, შალვა ხუციშვილი (50), შოთა ფარტენაძე, რაუფ შაკულ-ოღლი (58), შალვა ჭადაშვილი, ომარ გურჯიძე (69), გიორგი ჩხარტიშვილი (76), ბექა როჭიკაშვილი (85).

კუშადასში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ასეთი შემადგენლობით იჭიდავებს: გიზო მელაძე (42), ლეონ ხოზრევანიძე (46), ედნარ შავაძე (50), გიორგი ტოტიკაშვილი (54), ლაშა მარიამიძე, შმაგი ბოლქვაძე (58), ვლადიმერ ქიქავა (63), ნიკა ფირცხალავა (69), ლაშა გობაძე (76), კუკური კირცხალია, გიორგი კოვზირიძე (85), ბექა კანდელაკი, თორნიკე ბაბუნაშვილი (+85).

ამ გუნდის თავკაცმა ვაჟა კრავეიშვილმა უფრო ოპტიმალური შემადგენლობა შეარჩია და გაორებებს ნაკლებად მიმართა. ორივე ნაკრებმა შეკრება ბათუმში გაიარა და თურქეთშიც იქიდან გადავლენ. ამის შემდეგ კალენდარში ირანის საერთაშორისო ტურნირია და, სავარაუდოდ, მწვრთნელები იმის შემდეგ დაასახელებენ 9-14 აგვისტოს ვარშავაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვან შემადგენლობას. ჭიდაობაში მსოფლიო მასშტაბით შექმნილი ქაოსი კარგად მოგეხსენებათ და ჭაბუკებს მსოფლიოს პირველობაც აგვისტოში უწევთ (!) - სულ რაღაც 9 დღეში, 23 აგვისტოს უნგრულ სომბათჰეიში იწყება და 28-მდე გასტანს.

ევროპისა და მსოფლიოს პირველობები ახალგაზრდებში ასევე შემჭიდროებულ ვადებში ტარდება, თუმცა აქ დაახლოებით ერთთვიანი შუალედია. ევროპის პირველობა 21-26 ივნისს სერბულ ზრენჯანინში ტარდება, იქ "თავისუფალთა" ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: ლაშა ტალახაძე (50), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), თენგიზ ჩოჩიშვილი (60), დავით ტლაშაძე (66), ბექა პეტრიაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), თედო ებანოიძე (96), გენო პეტრიაშვილი (120).

როგორც გითხარით, გენო პეტრიაშვილს ჭაბუკებში უნდა ესაპარეზა, თუმცა მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, ამჯერად ახალგაზრდებში გამოვა და მთავარი მოულოდნელობაც ესაა, თორემ სხვა კანდიდატები, საქართველოს ჩემპიონატისა და საერთაშორისო ტურნირების შედეგებიდან გამომდინარე, დიდ ეჭვს არც აქამდე იწვევდნენ. ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ნუგზარ სხირელი თავისი მძიმეწონოსნებით კმაყოფილი არც აქამდე იყო. მეტიც - ამ წონას ერთ-ერთ ყველაზე სუსტად და უპერსპექტივოდ მიიჩნევდა, თუმცა აქამდე არც პეტრიაშვილზე ყოფილა ლაპარაკი. ის მისი პირადი მოსწავლეა და მწვრთნელი ერთ-ერთ უნიჭიერესად მიიჩნევს, ოღონდ ახალგაზრდა ფალავანი საზოგადოებამ პირველად არა საჭიდაო წარმატებებით, არამედ სულ სხვა კუთხით გაიცნო - რამდენიმე წლის წინ მშობლიური სოფლიდან ოსებმა გაიტაცეს და რამდენიმე კვირა მათ ტყვეობაში გაატარა.

16 წლის პეტრიაშვილი აქამდე შეკრებებს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად გადიოდა, რადგან ჭაბუკებში სათანადო სპარინგ-პარტნიორი არ ჰყავს, თუმცა სერბული ტურნირის შემდეგ იმ გუნდს დაუბრუნდება და ევროპა-მსოფლიოს იჭიდავებს.

რაც შეეხება ბერძენ-რომაელთა ახალგაზრდულ ნაკრებს, ვლადიმერ ადეიშვილს სერბეთში ნიკოლოზ ცეცხლაძე (50), თორნიკე ტოტიკაშვილი (55), გოგიტა გოგიბერაშვილი (60), საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი (74), დავით ჩაკვეტაძე (84), სანდრო დიხამინჯია (96) და სერგო გოგისვანიძე (120) მიჰყავს.

ევროპის ჩემპიონატი გოგოებშიც ტარდება, თუმცა ჩვენ ევროპაზე მონაწილე, სავარაუდოდ, არ გვეყოლება, აი, მსოფლიოზე კი, დიდი შანსია, ბათუმელმა შორენა შარაძემ იჭიდაოს, რომელსაც დაფინანსებას აჭარის მხარე ჰპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული