კოღუაშვილმა რუსები დაალაგა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ კრასნოიარსკში დამთავრდა რუსეთის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელიც მთავარი შესარჩევი შეჯიბრება იყო მსოფლიოს სალიცენზიო ჩემპიონატისთვის. გამოიკვეთა რუსთა ის ჯგუფი, რომელთანაც უახლოეს დიდ ტურნირებში ჩვენს ფალავნებს მოუწევთ პაექრობა.

აკი პირველობის წინ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის ქართული წარმომავლობის პრეზიდენტმა მიხეილ მამიაშვილმა განაცხადა კიდეც, ამით ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის ბრძოლა იწყებაო.

ჩვენი ნაკრების ლიდერად ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74) რჩება, რომელმაც, ეტყობა, სექტემბერში სტამბოლში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე წასვლის უფლება უკვე დიბევა კარტოზიას სახელობის "ოქროს დიდ პრიზზე" მოპოვებული წარმატებით - პირად
შეხვედრებში უშუალო კონკურენტები, მანუჩარ ცხადაია და გიორგი ცირეკიძე დაამარცხა. ჩანს, სტამბოლში მას რუსთაგან არა ძველი კონკურენტი, ასევე ყველაფრის მომგები ვარტარეს სამურგაშევი, არამედ ახალგაზრდა რომან ვლასოვი დაუპირისპირდება.

ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელმა ჩემპიონმა წლეულს პოდუბნის მემორიალი მოიგო, თუმცა მის ბიოგრაფიაში ჯერჯერობით ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სახელოვანი ალექსანდრ კარელინის მწვრთნელი ვიქტორ კუზნეცოვი ავარჯიშებს. პოდუბნიზე ნახევარფინალში მან სამურგაშევი დაამარცხა, რის შემდეგაც ეიფორიაში მყოფმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 5 წლის წინ სამურგაშევის ავტობიოგრაფიულ წიგნს კითხულობდა და კუმირთან საჭიდაო ხალიჩაზე შეხვედრა ოცნებაშიც ვერ წარმოედგინა.

მას შემდეგ ვლასოვმა უფროსებში ევროპის წლევანდელ პირველობაზე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა და გასაგებია, რუსეთის პირველობის წინ ხმაში დამაჯერებლობა და რიხი რომ გაერია. როცა შენ ნოვოსიბირსკსა და კარელინის სახელობის კლუბს წარმოადგენ, ოქროს გარდა სხვაზე ფიქრის უფლებაც არ გაქვსო, განაცხადა მან და მოიგო კიდეც - დამატებით დროში მსოფლიოს შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი იმილ შარაფეტდინოვი დაჯაბნა, რომელსაც ჩემპიონატამდე ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად მიიჩნევდა. ეს მათი მესამე შეხვედრა იყო დეკემბრის შემდეგ და მეორე გამარჯვება ვლასოვისთვის, რომელსაც ფინალში კუზნეცოვთან ერთად კარელინიც აძლევდა რჩევებს. სამურგაშევი ამჯერად სამეულში ვერ შევიდა. მან ჩემპიონატის წინ თვითონვე განაცხადა, დრო ჩემს საწინააღმდეგოდ მუშაობს, მაგრამ მაქვს დიდი გამოცდილება, რისი რეალიზებაც შესაძლებლად მიმაჩნიაო, თუმცა, ეტყობა, ეს შეუძლებელია და მისი კარიერა დასრულდა.

კოღუაშვილი პრობლემის წინაშე
რუსეთის ნაკრების ქართველი მწვრთნელის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ გოგი კოღუაშვილისთვის ინგუშეთში მცხოვრები ჩეჩენი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ისლამ-ბეკ ალბიევი კვლავაც დიდ პრობლემად რჩება - მოჭიდავე უკვე მერამდენედ ცდილობს 66-ში გადანაცვლებას, მაგრამ მწვრთნელიც ასევე მერამდენედ დელიკატურად ურჩევს 60-ში დარჩენას.

ალბიევი ამჯერად მესამეზე გავიდა, კოღუაშვილმა კი განაცხადა, მას ურიგოდ არ უასპარეზია, თუმცა ახალ წონაში მაინც უჭირს ჭიდაობა და აჯობებს, თავის წონას დაუბრუნდეს, სადაც ისევ მოიპოვებს ლიდერობასო. მწვრთნელმა ისიც დასძინა, ასეთი ცნობილი სპორტსმენის ინტერესებსაც ვითვალისწინებთ და ნაკრებისასაცო.

ვფიქრობ, ამ სიტყვებში ყველაზე საინტერესო სწორედ გუნდის ინტერესებზე მინიშნებაა - 66 კილოგრამში კოღუაშვილს ამბაკო ვაჩაძეც ჰყავს, რომელიც ახლა გათავისუფლებული იყო. სიმართლე გითხრათ, ადრეც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ალბიევისთვის უკან დაბრუნების მითითებით მწვრთნელი თანამემამულე და თანაქალაქელ ვაჩაძეს (წარმოშობით ორივე ქუთაისელია) სასათბურე პირობებს უქმნიდა - ძლიერ კონკურენტს არიდებდა, თუმცა ახლობლობა იქით იყოს და ვაჩაძეც უმართლებს იმედებს, რადგან ზედიზედ მოიგო ევროპის ბოლო ორი პირველობა და მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატი.

და... საშინაო საქმეები
როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები რუსეთის ნაკრებში 60-სა და 66 კილოგრამებში, ორივე წონა ჩვენთვისაც განსაკუთრებულად საინტერესოა, ვინაიდან ორივეში ლიდერები ანუ მედლის მოპოვების რეალური კანდიდატები გვყავს - ევროპის წლევანდელი ჩემპიონი რევაზ ლაშხი (60) და ევროპის პრიზიორი, მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი ცხადაია (66). თუმცა ლაშხს თუ თითქმის განაღდებული აქვს მსოფლიოზე წასვლა, ცხადაიამ საამისოდ ჯერ კიდევ უნდა იბრძოლოს.

ალბიევის არ იყოს, ისიც ზედა წონაში ცდილობდა გადასვლას, რაც წარუმატებლად დამთავრდა და ახლა ისე ჩანს, უკან დაბრუნების გარდა სხვა გზა არ რჩება. ამაზე მისმა პირადმა მწვრთნელმა ვაჟა კრავეიშვილმაც განაცხადა, ხოლო ნაკრების თავკაცი ბეგი დარჩია უფრო შორსაც წავიდა და თქვა, 66-ში ცხადაიას მსოფლიოს მასშტაბით წონის ლიდერად ვერ ვხედავო. დაიმკვიდრებს თუ არა ცხადაია ადგილს 66-ში, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არც ვაჩაძეს გაუნაღდებია - როგორც გითხარით, საერთოდ გამოტოვა ეს პირველობა.

აქ რუსეთის ჩემპიონი იური დენისოვი გახდა, რომელმაც ფინალში მიგრან არუთინიანი დაამარცხა, მაგრამ ვეჭვობთ, ვაჩაძეს ტყუილად არ დაასვენებდნენ. სავარაუდოდ, მსოფლიოზე მაინც ის წავა, ჩვენ კი ყოველი შემთხვევისთვის მისი და ცხადაიას მეტოქეობის მოკლე ისტორიას შეგახსენებთ. შარშანწინ ბაქოში, ევროპის პირველობაზე ნახევარფინალში მოუგო ჩვენებურს, რისთვისაც ცხადაიამ რამდენიმე თვეში მსოფლიოზე იმავე ეტაპზე იძია შური. მაშინ ვაჩაძემ ის წაგება ტრავმას დააბრალა, ლეიბზე თავი დავარტყიო.

23 წლის ალბიევსაც დიდი ბრძოლა მოუწევს ნაკრებში ადგილის დასაბრუნებლად. მას ტრავმების გამო შარშანდელი სეზონი გაუცდა და ძველი კონდიციების დაბრუნება იოლი არ იქნება. ამჯერად 60-ში დაღესტნელთა ავარელმა ევროპის ვერცხლ-ბრინჯაოს პრიზიორმა ზაურ კურამაგომედოვმა იმარჯვა, რომელმაც ფინალში ადიღეელ მსოფლიოსა და ბრინჯაოს მედალოსან ვიაჩესლავ ჯასტეს სძლია. ლაშხი პირველხარისხოვან ტურნირებში არც ერთ მათგანს არ შეხვედრია. თუმცა ვინც უნდა დააყენოს აქ კოღუაშვილმა - ალბიევი თუ კურამაგომედოვი, ვფიქრობთ, ჩვენებურს ორივესთან მშვენიერი შანსი აქვს. წლევანდელ ევროპაზე 60-ში რუსთაგან ასლან აბდულინმა იჭიდავა, მაგრამ აზერბაიჯანელ ჰასან ალიევთან წააგო, ვისაც მერე ლაშხმა ნახევარფინალში მოუგო.

ახალგაზრდები სწრაფად იზრდებიან
რუსეთის პირველობაზე სხვა წონებშიც საინტერესო ამბები დატრიალდა, თუმცა ლიდერთაგან მხოლოდ ევროპის 5-გზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალექსეი მიშინმა (84) მოიგო, სხვა ფავორიტები კი დამარცხდნენ. მიშინმა ფინალში ახალგაზრდა ოსი კონკურენტი, ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ალან ხუგაევი დაამარცხა, ვისთანაც წლეულს პოდუბნის მემორიალის ფინალი წააგო. მიშინი თვითმფრინავის შეფერხების გამო კრასნოიარსკში 12 საათის დაგვიანებით ჩაფრინდა და წონის დაკლებაც ძლივს მოასწრო. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ის გამოტყდა, რომ ფინალის წინ ცოტათი ეშინოდა კიდეც, თუმცა გამოცდილებით და ტაქტიკური ბრძოლით მაინც აჯობა ახალგაზრდა კონკურენტს. ამის მიუხედავად, 33 წლის მიშინი ნაკრებში გაზრდილი ძლიერი კონკურენციის გამო საოლიმპიადოდ თავის შანსებს არც ისე დადებითად აფასებს. "ახალგაზრდები სწრაფად იზრდებიან, ორ წელიწადში მათთან ბრძოლა ძალიან ძნელი იქნება, მე კი, პირიქით, უფრო გამიჭირდება მათთან კონკურენცია" - განაცხადა მან.

პოდუბნის მემორიალის მსგავსად (იქ ნახევარფინალში არტურ შახბანოვთან წააგო), კვლავ დამარცხდა ყაბარდოელი ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ასლანბეკ ხუშტოვი (96), რაც ჩემპიონატის მთავარი მოულოდნელობაა. ის ნახევარფინალში სწორედ პოდუბნის მემორიალის წლევანდელმა ჩემპიონმა, ოსმა რუსტამ ტოტროვმა დაჯაბნა, რაც მთლიანად საკუთარ თავს დააბრალა. თუმცა წარმატებით ტკბობა არც ტოტროვს დასცალდა - ფინალში ნიკიტა მელნიკოვთან წააგო. ამით მელნიკოვმა რევანში აუღო პოდუბნის ტურნირის ნახევარფინალში მარცხისთვის.

სავარაუდოდ, აქ მელნიკოვი წავა მსოფლიოზე, ეს წონა კი ჩვენს ნაკრებშიც მეტ-ნაკლებად საინტერესოა, თუმცა ჯერ ჩვენი კანდიდატი არაა გამოკვეთილი - კარტოზიას ტურნირზე ძირითადად ახალგაზრდებმა იყოჩაღეს, მათ კი თანატოლთა ნაკრებშიც უწევთ გამოსვლა, ხოლო ადრინდელმა ლიდერებმა წააგეს. სავარაუდოდ, კარტოზიას ტურნირი მოგებითYჩვენგან მსოფლიოზე წასვლა ლაშა გოგიტაძემაც (55) გაინაღდა, რუსეთის პირველობაზე კი ამ წონაში ინგუში ოლიმპიური ჩემპიონის, ნაზირ მანკიევის (მან ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა) უმცროსმა ძმამ, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა ბეკხან მანკიევმა გაიმარჯვა.

მძიმე წონაში მსოფლიოს ორგზის, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ბაროევის არყოფნით ყველაზე უკეთ არტემ დორონინმა ისარგებლა, რომელიც ამ წარმატებისთვის ფრიად ემადლიერება სომხეთში გადაბარგებულ ევროპის ოთხგზის ჩემპიონსა და მსოფლიოს ვერცხლის მედალოსან იური პატრიკეევს მოსამზადებელ პერიოდში გაწეული დიდი დახმარებისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ ამ წონაში იმდენად მძიმე საკადრო პრობლემები გვაქვს, შანსებზე ლაპარაკი არც ღირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული