ერთი მედალი ორი შეჯიბრებიდან

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ქართველმა ბერძენ-რომაელებმა ორ ტურნირში იჭიდავეს, მაგრამ ორივეგან წარუმატებლად - ნაკრების ძირითადი ბირთვი, 21 კაცი ბაქოში გამოვიდა "ოქროს დიდი პრიზის" სუპერფინალში და მხოლოდ ერთი ბრინჯაო მოიპოვა, რევაზ ლაშხი (60) და ვლადიმერ გეგეშიძე (84) კი ესპანეთში ჭიდაობდნენ, მაგრამ უმედლოდ დარჩნენ.

ბაქოში გუნდის ერთადერთი მედალოსანი მძიმეწონოსანი რევაზ ჭელიძე გახდა. სამწუხაროდ, დანარჩენებმა არათუ ჯილდო ვერ მოიპოვეს, ბრინჯაოსთვისაც კი არავის უჭიდავია. როგორც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ სატელეფონო საუბარში გვითხრა, თითქმის ყველა ათეულში კი შესულა, მაგრამ მთავარი მედალია.

"თავისუფალთა" ნაკრების წარმატებული
გამოსვლის ფონზე (1 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) ეს შედეგი განსაკუთრებით ცუდად ჩანს, თუმცა დიდად მოულოდნელი არც იყო - იქ გადახალისებული გუნდი ჭიდაობდა. ბაქოში გამოსვლის უფლება ძირითადად ახალგაზრდებმა მოიპოვეს, რომლებიც ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ნაკრებში ჭიდაობენ და მათგან მედლები არც იყო მოსალოდნელი. ამას ისიც დაემატა, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ მსოფლიოს პირველობისთვის უკეთ მზადების მიზნით სტრატეგიული მოსაზრებებით ეს შეჯიბრება გამოატოვებინა ნაკრების ლიდერებს - ლაშხსა და მანუჩარ კვირკველიას (74).

ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ამ ნაკრებში ბევრი რამეა გამოსასწორებელი, ჯერ სექტემბერში მსოფლიოს პირველობაზე, მერე კი გაისად ოლიმპიადაზე წარმატებით რომ გამოვიდეთ. იმედია, ხელმძღვანელობა შეძლებს მდგომარეობის გამოსწორებას, თორემ საქმე იქამდე მივიდა, რომ მძიმე წონაში "თავისუფლებისგან" "თხოულობენ" კადრს - ბაქოში გიორგი საკანდელიძემ აქაც იჭიდავა, თუმცა რაც ვიდეოჩანაწერში ვნახეთ, აშკარად გაუჭირდა ალღოს აღება ჭიდაიობის ამ სტილთან. იმედია, კონკურენციის თუნდაც ამ ფორმით ანუ გუნდიდან გუნდში გადაყვანით ზრდა (თუმცა ესეც საკითხავია - გადაიყვანენ კი საკანდელიძეს? მას მხოლოდ ცდიდნენ ამ შეჯიბრებაზე) ჭელიძესაც გამოაფხიზლებს. ის პირველ წრეში ძლიერ უნგრელთან, მიშალ დეაკ-ბარდოშთან დამარცხდა, მაგრამ მერე სანუგეშო წრეში იყოჩაღა და მედალი მოიპოვა.

ამდენად, ბაქოს ტურნირი ჩამთავრდა, წინ კი აგვისტოში პოლონეთში გასამართი პეტლიასინსკის მემორიალია. ორივე ნაკრების მწვრთნელები თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვეტენ, ვინ გაუშვან იქ საჭიდაოდ, მე კი შეგახსენებთ, რომ ეს სტამბოლოს სალიცენზიო მსოფლიოს პირველობის წინ ბოლო სტარტი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოგესალმებით ბატონო ირაკლი , ხშირად ვკითხულობ თქვენ სტატიებს და დღეს როდესაც ქართული სპორტის გულშემატკივრებს , როდესაც უკვე ბოლო წლების განმავლობაში დავიწყებული გვაქვს დიდი გამარჯვებით გამოწვეული სიხარული. ალბათ უფრო უპრიანი იქნება როდესაც რაიმე შეხვედრების ანალიზს აკეთებთ გამოსვლების სრულ სტატისტიკას თუ არა მედლების სინჯს მაინც მიაქციეთ ყურადღება და შემდეგ გააცვნეთ ქართული სპორტის ქომაგებს
dima chulukhadze
00:37 14-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული