ევროპის ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება?

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ბათუმში დღეს საპლაჟო ჭიდაობაში მსოფლიოს პირველობა იწყება (აქამდე ხუთი ამგვარი შეჯიბრება გაიმართა, თუმცა ერთი არაოფიციალური სტატუსისა იყო). ამ ტურნირთან დაკავშირებით ზღვისპირა ქალაქში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) მთელი ხელმძღვანელობაა ჩამოსული - პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტი, გენერალური მდივანი მიშელ დოუსონი, ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარე სტეფან კაზარიანი...

გუშინ მათ საქმიანი შეხვედრა გამართეს მასპინძლებთან, სადაც ერთ მნიშვნელოვან საკითხზეც იმსჯელეს. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული, მაგრამ ლაპარაკია 2013 წელს თბილისში ევროპის ჩემპიონატის გამართვაზე უფროსთა შორის. სავარაუდოდ, ყველაფერი სექტემბერში სტამბოლში, მსოფლიოს პირველობაზე გადაწყდდება, თუმცა მანამდე მარტინეტი გვაიმედებს,
რომ ამ მნიშვნელოვან შეჯიბრებას თბილისი უმასპინძლებს.

თავად საპლაჟო ჭიდაობაში 11 ნაკრები იასპარეზებს: საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ნორვეგია, ყაზახეთი, ესტონეთი, შვედეთი, ინდოეთი, უკრაინა, უნგრეთი... მათგან ყაზახეთი სულაც ბათუმში ემზადებოდა შეჯიბრებისთვის, შვედები და სომხები კი გუშინ ჩამოფრინდნენ თბილისში.

ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის ერთმანეთის პარალელურად ტარდება. თანაც, სამივე ასაკობრივ ჯგუფში - ჭაბუკებში, ახალგაზრდებში და უფროსებში. ტურნირი გუშინ უნდა გახსნილიყო ჭაბუკთა ასპარეზობით, თუმცა უცხოელებს ამ ასაკის მონაწილეთა გუნდები არ ჩამოუყვანიათ. ამიტომ სადღეისოდ გადმოიტანეს, მაგრამ თუ მონაწილენი ისევ არ იქნებიან, მაშინ კვლავაც მხოლოდ საჩვენებელი გამოსვლები გაიმართება.

დღესვე იჭიდავებენ ახალგაზრდებიც, სადაც საქართველოს ღირსებას რამაზ სურმანიძე, იოსებ ივანიშვილი (ორივე - 60), ირაკლი მოსიძე, ირაკლი მეკეიძე (ორივე - 70), ჯონი ქადიძე, რევაზ ივანიშვილი, სანდრო ამინაშვილი (სამივე - 80) და გიორგი გოგრიჭიანი (+80) დაიცავენ. ამ წონაში გიორგი ასლანიშვილსაც უნდა ეჭიდავა, მაგრამ ტრავმა აწუხებს და სათადარიგოთი ჩაანაცვლებენ, ოღონდ კონკრეტული ფალავანი დღეს გაირკვევა.

უფროსები ხვალ იასპარეზებენ. გაგაცნობთ ჩვენი ნაკრების შემადგენლობას: გიორგი ლობჟანიძე, მამუკა ხოზრევანიძე, მიხეილ ზარქუა (სამივე - 70), გელა საღირაშვილი, მარად ზოიძე, რამინ ფევაძე (სამივე - 80), ბექა ჭელიძე, არჩილ ქიტიაშვილი, გიორგი მარსაგიშვილი (სამივე - 90), გიორგი საკანდელიძე, ლევან ბერიანიძე, გიორგი ნიკურაძე (სამივე - +90).

ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი ქალებიც, თუმცა ჯერ გაურკვეველია, რამდენი მონაწილით გამოვალთ. საქმე ისაა, რომ უცხოელებს არც ქალთა გუნდები ჩამოუყვანიათ. ამიტომ იქმნება საშიშროება, რომ ბევრ წონაში მონაწილენი ვერ მოგროვდებიან. ამ შემთხვევაში არც ჩვენები გამოვლენ, ანუ იმ წონებში პირველობა საერთოდ არ გაიმართება. სადღეისოდ გარკვეული მხოლოდ ქალთა 60 კილოგრამის საკითხია, სადაც შორენა შარაძე, დარინა აბულაძე და დარინა ცინცქილაძე იჭიდავებენ. სხვა წონებში მწვრთნელებმა მალვინა ლორთქიფანიძე (70), ირინა ლეონიძე და ლია გვიანიძე (+70) შეარჩიეს, 20-წლამდელებში კი - ცირა აბულაძე (50), სოფიო ბერიძე და ნათია დიასამიძე (60).

შეჯიბრებები ბათუმის პლაჟზე 17 საათზე დაიწყება, 19-საათიდან კი ფინალური შეხვედრებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული