წულუკიძის ევროპული დუბლი

AutoSharing Option
ჩვენმა ჭაბუკმა ბერძენ-რომაელებმა დიდი წარმატებით იჭიდავეს სარაევოში გუშინ დასრულებულ ევროპის პირველობაზე - თითო ოქრო-ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო მოიპოვეს. განსაკუთრებული წარმატებით ისინი სწორედ გუშინ გამოვიდნენ, თორემ ამ მედლებიდან პირველი დღის მონაგარი მხოლოდ ორი ბრინჯაოა. ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა ფირუზ წულუკიძე, ოღონდ შარშან ეს ტიტული 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა, წლეულს კი 63-ში გადაინაცვლა და ადაპტაცია იმდენად წარმატებით გაიარა, უკეთესს ვერც ინატრებ. ვაჟა კრავეიშვილის დამოძღვრილ გუნდს მეორე ოქროს მოპოვების შანსიც ჰქონდა - იაკობ ქაჯაიაც (100) ფინალში გავიდა, მაგრამ დამარცხდა და ვეცხლს
დასჯერდა. ბრინჯაოს მედლები ედნარ შავაძემ (42), ამირან შავაძემ (54), ლაშა გობაძემ (76) და რობერტ ქობლიაშვილმა (85) მოიპოვეს.

ფირუზ წულუკიძის შესაძლებლობებზე მის მიერ გაკეთებულიც კარგად მეტყველებს. მის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მით უფრო, ნახევარფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა - აბუიაზიტ მანციგოვი. პირველი პერიოდი ჩვენებურმა 2:0 მოიგო, მეორე კი 3:3 დამთავრდა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით გამარჯვება მაინც წულუკიძეს დარჩა. ჩვენებურს ცოტა გაუჭირდა პირველ წრეში - ფინელ ოსკარი ლენტონენთან - პირველი პერიოდი მინიმალური სხვაობით დათმო, მაგრამ მომდევნოებში მშრალად იმარჯვა - 4:0. ნორვეგიელი რუბენ ტოფტენდალი ძირითად დროში დიდი უპირატესობით დაამარცხა - 11:5, უკრაინელი ანდრეი ციპანი კი უფრო გაუძალიანდა - 5:1 ჩვენებურის სასარგებლოდ. ამას მოჰყვა ნახევარფინალი რუსთან, ფინალში კი წულუკიძემ ორ პერიოდში ერთნაირი ანგარიშით - 1:0; 1:0 სომეხი კარაპეტ ჩალაიანი დაჯაბნა.

ძალიან კარგად დაიწყო ასპარეზობა ქაჯაიამაც - რუმინელ ბარბაზან ტიბერიუს ერთი პერიოდი ქულებით წმინდად მოუგო და იოლად დაამარცხა, პოლონელი ალექსანდერ კროჟაკის ბარიერის დასაძლევად კი უფრო მძიმე ბრძოლა დასჭირდა - 3:0 ორივე პერიოდის საერთო ანგარიში. ნახევარფინალში გერმანელ იონ კრისტიანსაც ასევე ძირითად დროში გასცდა, ფინალში კი უკრაინელ სამირ ვოლოშანინთან 0:4 წააგო. ეტყობა, აქ ყველაფერი პირველივე პერიოდში გადაწყდა - ქაჯაია 0:3 დამარცხდა, რამაც, ალბათ, ფსიქოლოგიურადაც გატეხა.
ბრინჯაოს მედალოსნებიდან ძალიან ხშირად გვესმოდა ამირან შავაძის ქება - კრავეიშვილი მას ყოველთვის ქებდა. მოგეხსენებათ, ამ გუნდმა პოლონეთში მსოფლიოს პირველი ახალგაზრდული თამაშების შესარჩევ ტურნირში იჭიდავა, თუმცა წარუმატებლად - ლიცენზია ვერ მოიპოვა. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, იქ მხოლოდ ხუთ წონაში იმართებოდა შეჯიბრებები - წონის გამოტოვებით, და კრავეიშვილს მაშინვე სწყდებოდა გული, 54 კილოგრამი წონითი კატეგორია შერჩეულთა შორის რომ ვერ მოხვდა. ვინ იცის, იქნებ იქაც მოგვეპოვებინა მედალი. იგი ამ რანგის ტურნირზე შარშანაც მესამეზე გავიდა, ოღონდ მაშინ 46-ში გამოდიოდა.

ამ ტურნირზე შავაძეებმა აზერბაიჯანელებთან წააგეს და ორივემ - მომავალ ჩემპიონთან. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამირანი ნახევარფინალში დამარცხდა რაშად შუკუროვთან, ედნარი - მეორე წრეში კარიმ ჯაფაროვთან.

ამირან შავაძემ ჩემპიონატი ბერძენ ალექსანდროს მაზლოუმიდისთან ბრწყინვალე მოგებით გახსნა - ორივე პერიოდი ქულებით სუფთად, 6:0; 6:0 მოუგო. უკრაინელ ანდრეი ზუბიკს 3:1. რუს მაქსიმ სურკოვს კი ძირითად დროში 6:3 აჯობა. ამას წაგებული ნახევარფინალი მოჰყვა შუკუროვთან, დამამშვიდებლის ფინალში კი უნგრელი მიშელ დანერი დაჯაბნა პირწმინდად.

ჩემპიონატი ედნარ შავაძემაც შთამბეჭდავი მოგებით დაიწყო - ლატვიელ ნიკიტა მასჟუკსს ორ პერიოდში 11:1 მოუგო, მეორე წრეში აზერბაიჯანელ კარიმ ჯაფაროვთან ასევე ძირითად დროში თვითონაც განადგურდა - 2:12. ჩვენებურმა სანუგეშოშიც ძლიერად იჭიდავა უკრაინელ რომან პატსურკივსკისთან და თურქ ომერ ალპასლან გისისთან - ორივეს ძირითადში აჯობა და ბრინჯაოს დაეუფლა.
შთამბეჭდავად იჭიდავა გობაძემ - შეხვედრათა უმეტესობა დიდი ანგარიშით მოიგო. თანაც - ძირიტად დროში, დამატებითი მხოლოდ ერთხელ დასჭირდა და ისიც წაგებულ შეხვედრაში. თავიდან სერბი მილოშ მარიანი ორ პერიოდში 11:0 დაამარცხა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რა დღეც თურქ ემრე იუნუს ტოპქუს აყარა! ჯერ იყო და პირველი პერიოდი 9:0 მოუგო - დაგვეთანხმებით, ასეთი ანგარიში ძალზე იშვიათია, მაგრამ მეტოქის რბევა მეორეშიც წარმატებით გააგრძელა და ისიც წმინდად მოიგო - 6:0. შედარებით მოკრძალებულად, მაგრამ მაინც დამაჯერებლად მოუგო პოლონელ კრისტიან ვიტოლდ ფორმელას - 7:0, ამის მერე კი ნახევარფინალში მომავალ ვიცე-ჩემპიონთან, ბულგარელ ნიკოლაი დობრევთან მარცხის დრო მოვიდა... გობაძემ აქაც გვარიანად იომა - 0:1 წაგების შემდეგ მეორე პერიოდი 4:0 მოიგო, მაგრამ დამატებითი პირწმინდად დათმო - 1:9. სამწუხაროდ, რაც დრეს მანამდე თურქს აყარა, ახლა იგივე მას დაადგა. კიდევ კარგი, ამ წაგებამ არ გატეხა და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უკრაინელ ოლექსეი ოსნიაჩთან კვლავაც მოწოდების სიმაღლეზე დადგა და ორივე პერიოდი წმინდად მოუგო - 6:0; 6:0. მისასალმებელია გობაძის ასეთი ტექნიკური გამოსვლა.

რობერტ ქობლიაშვილმა ასპარეზობა საკმაოდ მძიმედ დაიწყო - პირველ წრეში ლიტველ ტომას გალკუსთან დასაწყისშივე ჩამორჩენის გამო დამატებითი დრო დასჭირდა. ბრძოლის სიმძაფრეზე და დაძაბულობაზე ისიც მიუთითებს, რომ სამივე პერიოდი 1:0 დასრულდა. ამის მძიმე მოგების შემდეგ ქობლიაშვილიც მომავალ ჩემპიონთან, ბულგარელ ილიან გაზეპოვთან დამარცხდა არანაკლებ დაძაბულ შეხვედრაში ორ პერიოდში და მთელი იმედები სანუგეშო წრეზე გადაიტანა. იქ სამი შეხვედრა მოიგო - ესტონელ ესტ პიკსართან 7:0, უკრაინელ არტემ კირიჩენკოსთან 2:0 და ავსტრიელ დანიელ გასტლთან 4:0.

სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის სხვა წევრებმა - ევროპის შარშანდელმა ვიცე-ჩემპიონმა შმაგი ბოლქვაძემ (50), რამაზ სურმანიძემ (58) და მათე ბერიძემ (69) წარუმატებლად იჭიდავეს, ხოლო მურთაზ ჩაბრავას (46) საერთოდ არ უჭიდავია. იმ წაგებული სამეულიდან სანუგეშოში მხოლოდ ბერიძე გადავიდა, მაგრამ უშედეგოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული