წარმატებული, მაგრამ უჩემპიონო დასაწყისი

AutoSharing Option
ბუქარესტში დაწყებულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატში ჩვენი ნაკრების პირველი დღის გამოსვლა გულდასაწყვეტია, მაგრამ მაინც წარმატებული. გულდასაწყვეტია იმიტომ, რომ ფინალში ორმა ქართველმა იჭიდავა, მაგრამ მაინც ოქროს გარეშე დავრჩით, თუმცა 4 კაციდან 3-მა მედალი მოიპოვა, რაც ნამდვილად არაა ურიგო შედეგი.

ერთი ეგაა, იქმნება საშიშროება, რომ ახლაც ისე გამოვიდეთ, როგორც ევროპაზე - წარმატებით, მაგრამ უჩემპიონოდ. არადა, ჩვენი ნაკრების ლიდერებმა გუშინ იჭიდავეს, დღეს კი, გამორიცხული არაფერია, მაგრამ შანსები უფრო შეგვიმცირდა.

გუშინდელი დღის მონაგარი 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ზურაბ დათუნაშვილი
(74) და სანდრო დიხამინჯია (96) გახდნენ, ქემალ ხარაბაძე (60) კი მესამეზე გავიდა. ვიცე-ჩემპიონთა გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ახალგაზრდულის თავკაც ვლადიმერ ადეიშვილის ალღო, თუმცა ამან ძველი ამბავიც გამახსენა - 1998 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის წინ მწვრთნელი ბადრი ხასაიას (84) მისამართით ამბობდა, მართალია, ევროპაზე მედალი ვერ მოიპოვა (მეოთხეზე გავიდა), მაგრამ მსოფლიოზე აუცილებლად შევა სამეულშიო.

ქაიროში გამართულ იმ ტურნირზე ხასაია მართლაც მესამეზე გავიდა, ადეიშვილმა კი ახლა ასეთი უტყუარი დასკვნა დათუნაშვილსა და დიხამინჯიაზე გააკეთა. მათ ევროპის წლევანდელ ახალგაზრდულ პირველობაზე ბრინჯაო მოიპოვეს, მწვრთნელი კი დათუნაშვილზე გვარწმუნებდა, ბუქარესტში უკეთესად გამოვაო. დიხამინჯიაზე არ მალავდა, რომ მისგან მეტს ელოდა და რუმინეთში მდგომარეობის გამოსწორებას იმედოვნებდა. ბრინჯაოზე უკეთესი შედეგი ფინალში გასვლა იქნებოდა და ორივემ შეასრულა დასახული ამოცანა, თუმცა საწყენია, რომ გადამწყვეტი შეხვედრები დათმეს.

ფინალის მოგების უკეთესი შანსი დათუნაშვილს ჰქონდა, რადგან დიხამინჯია მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, რუს ისლამ მაგომედოვს ხვდებოდა. ის ძლიერი მოჭიდავეცაა (მან წინა შეხვედრებში უნგრელი ევროპის წლევანდელი ჩემპიონი გეორგი რიზმაიერი და თურქი პრიზიორი მეტეჰან ბასარი დაამარცხა), მაგრამ ჩვენებურის მდგომარეობას ისიც ამძიმებდა, რომ გუშინ რუსებისთვის ეს ოქროს მოპოვების ბოლო შანსი იყო. ფინალამდე უფრო იოლად დათუნაშვილი მივიდა, რომელმაც ოთხი შეხვედრა გამართა და ყველა ძირითად დროში მოიგო, დიხამინჯია კი სამჯერ გავიდა ხალიჩაზე და აქედან ერთი დამატებითი დრო დასჭირდა. თან დათუნაშვილის მეტოქეთა შორის რუსი და აზერბაიჯანელი ფალავნებიც იყვნენ, შესაბამისად მიხაილ კორნილოვი და ტოგრულ იუნისლი, ამათ გარდა მასპინძელი სორინ ალექსანდრუ იანტოცი და ყაზახი მახატ ბაიარისტანოვიც გააგდო.

დიხამინჯიამ ირანელი მეჰრდად მოჰამად ბაიანდორი დამატებითში დაჯაბნა, ჩინელ დი ჰიაოს ერთი პერიოდი სულაც სუფთად მოუგო და დიდი ჯაფა არც გერმანელ პეტერ ოელერთან დადგომია. სამწუხაროდ, ჩვენებური მაგომედოვთან ორ პერიოდში დამარცხდა. პირველი 0:1 წააგო, რადგან ჩოქბჯენიდან ვერ დაატრიალა. მეორეშიც მთავარი ამბები ჩოქბჯენში მოხდა, ოღონდ ამჯერად რუსი უტევდა. დიხამინჯიამ გდება დაუხურა და იქით დააგდო მეტოქე, მაგრამ მსაჯებმა ორი ქულა მაინც რუსს მისცეს. ეს სედეგი ჩვენებმა გააპროტესტეს, თუმცა არ დააკმაყოფილეს და მაგომედოვს მესამეც დაუმატეს - 0:3 მის სასარგებლოდ. დათუნაშვილმა სომეხ რაფიკ მანუკიანს პირველი პერიოდი 2:0 მოუგო, მაგრამ როცა ჩემპიონობა ასე ახლოს იყო, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, ჯერ მეორე სეტი წააგო - 0:3, მერე კი დამატებითიც დათმო - 2:4.

ხარაბაძე ნახევარფინალში დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან, უზბეკ ბობირბეკ ზაილობიდინოვთან. მანამ ჩვენებური უკრაინელ დმიტრო ციმბალიუკს, ყაზახ იბრაგიმ მაგომედოვს, თურქ ევროპის პრიზიორ ემრე არსლანს და ბრინჯაოსთვის შვედ ნიკლას ამნემოს ძირითად დროში გაუსწორდა.

გუშიონ ქართული კვარტეტიდან უმედლოდ მხოლოდ ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი ნიკა ცეცხლაძე (50) დარჩა, რომელიც ამჯერადაც აზერბაიჯანელ ვილაიატ გარამანლისთან დამარცხდა, ვისთანაც ევროპის ფინალი წააგო. გარამანლი ჩემპიონი გახდა ანუ დუბლი შეასრულ;ა. საინტერესოა, ბოლო წლებში აზერბაიჯანელები ამას მუდმივად ახერხებენ - შარშანწინ ეს ჰასან ალიევმა (60) გააკეთა, შარშან - ელდანის აზიზლიმ, რომელიც მაშინ 50-ში ჭიდაობდა, წლეულს კი 55-ში გადავიდა და ახალგაზრდებში უკვე მოიგო ევროპა და დუბლის შანსი ისევ რჩება, დიდებში კი ასევე კონტინენტის პირველობაზე მესამეზე გავიდა.

დღეს ჩემპიონატში დარჩენილი ოთხი წონითი კატეგორიის ფალავნები ჩაებმებიან. ამირან შავაძე (55) მასპინძელ რობერტ დანიელ ანდრეცას ხვდება. ბადის ამავე ნახევარშია ზემოხსენებული აზიზლი, თუმცა ის ჩვენებურამდე კიდევ ერთ ძლიერ ფალავანს, ირანელ მსოფლიოს პრიზიორ სამან მორად აბდოულის ეჭიდავება. ევროპის წლევანდელ ვიცე-ჩემპიონ საჩინო დავითაიას (66) პირველ მეტოქედ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ხორვატი დომინიკ ეტლინგერი ერგო. ამ წყვილში მოგებულის სავარაუდო მეტოქეთა შორის ამერიკელი მსოფლიოს პრიზიორი ელის კოლემანიცაა, ცოტა იქით კი - თურქი ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი დოგან გოქტასი. ამდენად, ჩვენებური საკმაოდ ძნელ ჯგუფში მოხვდა. პირველ წრეში ხორვატულ-ქართული დაპირისპირებაა 84-შიც - რევაზ ნადარეიშვილი კრასიმირ ფრანიჩს ხვდება. არც შოთა გოგისვანიძეს (120) გაუმართლა - შეჯიბრებას უკრაინელ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონსა და წლევანდელი ევროპირველობის მესამე პრიზიორ იგორ დიდუკთან შეხვედრით იწყებს, წარმატების შემთხვევაში კი, შესაძლოა, გერმანელ მსოფლიოს მედალოსან გეორგ პოპთან მოუწიოს ჭიდაობა.

კვარცხლბეკი, ბიჭები.
50 კგ. 1. ვილაიატ გარამანლი (აზერბაიჯანი; 2. ზანსერიკ სარსენბიევი (ყაზახეთი); 3. ტოლგაჰან კარატასი (თურქეთი), რუდიკ მკრტიჩიანი (სომხეთი), 8. ნიკა ცეცხლაძე (საქართველო).
60 კგ. 1. ბობირბეკ ზაილობიდინოვი (უზბეკეთი); 2. დავიდ კარეცინსკი (პოლონეთი); 3. ქემალ ხარაბაძე (საქართველო), ნასერ მოჰამად ნოურბაკში (ირანი).
74 კგ. 1. რაფიკ მანუკიანი (სომხეთი); 2. ზურაბ დათუნაშვილი (საქართველო); 3. მიხაილ კორნილოვი (რუსეთი), მარცინ არკადიუზც კულინიცზი (პოლონეთი).
96 კგ. 1. ისლამ მაგომედოვი (რუსეთი); 2. სანდრო დიხამინჯია (საქართველო); 3. დი ჰიაო (ჩინეთი), მეტეჰან ბასარი (თურქეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული